ავტორი:

როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ, რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ქართველმა ექიმებმა ასწავლეს

როგორი იყო ყვავილის ვაქცინაცია საუკუნეების წინ, რომელიც მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ქართველმა ექიმებმა ასწავლეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა პრეპარატისა და ამ პრეპარატების კომბინაციების ცდის პროცედურა იწყება. მისი თქმით, მსოფლიოს ახალი კორონავირუსის ვაქცინამდე 12-18 თვე აშორებს, ამიტომ, ახლა საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არეალი კვლევები და განვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ოთხი ყველაზე იმედისმომცემი პრეპარატის უპრეცედენტო მეგატესტირებას იწყებს. ეს ისტორიული ცდაა, რომელიც მნიშვნელოვანად შეამცირებს დროს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რომელი წამალი უფრო კარგად მუშაობს ამ ვირუსთან მიმართებაში. ამ ცდაში 45-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და მეტმა ინტერესი გამოთქვა. ასეთია მსოფლიო სამედიცინო და სამეცნიერო წრეების დამოკიდებულება დღეისთვის ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

ხოლო როგორ იყო საქმე საუკუნეების წინ, როდესაც მსოფლიოს ასევე ახალი ვირუსი ყვავილი უტევდა, რას ფიქრობდნენ მეცნიერები, რას გვეუბნება ამაზე მედიცინის ისტორია. AMBEBI.GE ესაუბრა აკადემიკოს რამაზ შენგელიას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს:

- 1796 წელს გამოქვეყნებულ ედუარდ ჯენერის წიგნში - „ყვავილის აცრის ისტორია დიდი ბრტანეთის მედიცინის ისტორიაში“ - კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ნაშრომი ყვავილის აცრის პრობლემას ეხებოდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა უმნიშვნელოვანეს დარგს, იმუნოლოგიას.

- რა იყო ეს? აღმოჩენა, თუ მსოფლიოს უძველეს ხალხებში არსებული გამოცდილების მეცნიერული გააზრება?

- ჯენერი ნამუშვარში აღნიშნავს მეთოდის უცხოურ წარმოშობას, რაც კავკასიის ხალხებში, კერძოდ, ქართველებში ყვავილის აცრის მეთოდის გავრცელებაზე მიუთითებს, რაც პირველ წყაროში ემანუილ თიმონის წიგნშია აღწერილი. წიგნი ჯერ კიდევ კონსტანტინეპოლში 1713 წელს გამოიცა. გაჩენილი ეპიდემიის გამო, ოქსფორდის მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრი, ემანუილ თიმონი ახალ გზებს ეძებდა უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად.

მან მიმართა საქართველოში გავრცელებული აცრის მეთოდს, რომლის შესასწავლადაც სპეციალურად გამოაგზავნა ხალხი

თიმონი პრაქტიკულად იყენებდა ამ მეთოდს და ამიტომ მისეული აღწერილობა მეტად საინტერესოა. თიმონის თქმით, მასალას იღებდნენ გაზაფხულზე ან ზამთრის პირას მსუბუქად დაავადებული ადამიანისგან. აღებულ სითხეს ინახავდნენ სუფთა ჭურჭელში, თბილ ადგილას. საჭიროებისამებრ სითხე მიჰქონდათ ავადმყოფთან, მკლავზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას კაწრავდნენ კანს და დააწვეთებდნენ აღნიშნულ სითხეს. ამ ადგილს დააფარებდნენ კაკლის ნაჭუჭს და შეახვევდნენ რამდენიმე დღით.

ავადმყოფს 25 დღე ენიშნებოდა დიეტა; არ ეჭმებოდა ხორცი და ა.შ. ავადმყოფს აცრიდან ერთ კვირაში ეწყებოდა დაავადების სრული სურათი, ოღონდ, ძალზე იოლი ფორმით.

- იმაზე, რომ საქართველო იყენებდა ამ მეთოდს, მხოლოდ თიმონის შრომა მიუთითებს?

- 1715 წ. ექიმმა იაკობ პილორინიმ ბერძნულად დაბეჭდა წიგნი, სადაც ავტორი ასევე საქართველოს უკავშირებს აღნიშნულ მეთოდს. ორივე წიგნი ლონდონში გამოიცა. პილორინიც ახორციელებდა ყვავილის აცრას. საინტერესოა კონსტანტინოპოლში დიდი ბრიტანეთის ელჩის მეუღლის, მარია მონტეგიუს, წერილი (1 აპრილი 1717 წ.) მეგობრისადმი.

იგი აღფრთოვანებულია გაცნობილი მეთოდით, რომელსაც დაწვრილებით აღწერს და გულისტკივილით სწერს თავის მეგობარს, რომ ეშინია ბრიტანელი ექიმებისა, რადგან ისინი ზედმეტად კრიტიკულად უდგებიან ამ მეთოდს, რომელსაც ნაკლი არ აქვს. იგი შიშობს, რომ ადგილი ექნება პროფესიულ ქვენა გრძნობებს. თვითონ მას და მისი 5 წლის ვაჟს აუცრა დოქტორმა მეტლანდმა, რომელმაც იგივე გზით მიიღო ეს ინფორმაცია, როგორც თიმონმა და პილორინიმ.

- ამ მეთოდამა როგორ შეაღწია იმ პერიოდში იმ ქვეყნებში?

- ყველგან აღნიშნულია, რომ ინგლისში თურქეთიდან შეაღწია. ფაქტია, რომ კონსტანტინოპოლი თურქეთია, ოღონდ, ის ყვავილის აცრის სამშობლო კი არა, არამედ ადგილია, სადაც ქართველმა სახალხო მკურნალებმა უცხოელ ექიმებს თავიანთი ხელოვნება გააცნეს. ჰანტერის ორტომიან ნაშრომში „ყვავილის აცრის ისტორია დიდ ბრიტანეთში“, რომელიც 1796 წელს გამოვიდა, ნათქვამია, რომ არც თურქებს და არც მონღოლებს აცრის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ.

პირიქით, ამ მეთოდის საყოველთაო გავრცელების შემდეგაც, ისინი დიდხანს უცხოელ ექიმებს იწვევდნენ ამ ღონისძიების ჩასატარებლად. მეიერ შტეინეგისა და ზუდჰოფის ცნობილ „მედიცინის ისტორიაში“ განსაკუთრებულადაა აღნიშნული თიმონის 1713 წელს გამოქვეყნებული ცნობის მნიშვნელობა იმის შესახებ,

რომ ქართველები ყვავილის აცრისთვის იყენებდნენ ავადმყოფისაგან აღებულ ჩირქს, რომლითაც იწვევდნენ დაავადების მსუბუქ ფორმას, რითაც თავიდან აცილებდნენ ნამდვილი ინფექციით დაავადების საშიშროებას

იგივე ავტორები ასევე მეტად აფასებენ დიდი ბრიტანეთის ელჩის მეუღლის, მარია მონტეგიუს წვლილს ამ მეთოდის პოპულარიზაციის საქმეში.

ბატონი რამაზის მონათხრობიდან ვიგებთ, რომ საინტერესოა ასევე დ-რ რასელის მოხსენება (1758 წ.) სამეფო საზოგადოების წინაშე, სადაც აღნიშნავს, რომ ყვავილის აცრის მეთოდს საქართველოში გაეცნო. ეს მეთოდი აქ გავრცელებული ყოფილა და ხელის მტევანზეც კი აკეთებდნენ. დ-რ რასელს ასევე მოჰყავს საუბრის შინაარსი თურქ ქალებთან, რომელნიც მეტად შეშფოთებულნი იყვნენ ეპიდემიით და აცრის შესახებ არაფერი სმენოდათ.

ფრეგანგი 1812 წელს წერს: „ძველი ავტორები ერთსულოვანნი არიან მხოლოდ იმაში, რომ საქართველოში ვერ ნახავ ქალს, ვისაც რაიმე კვალი ეტყობოდეს გადატანილი ყვავილის... ეს მეთოდი ქართველების მხრივ სილამაზის შენარჩუნების სურვილითააო შექმნილი“. პროფესორის საუბარიდან ასევე ვიგებთ, რომ კურტ შპრენგელი თავის ნაშრომში აღნიშნავს ხალხური იმუნიზაციის ამ მეთოდის გავრცელებას უხსოვარი დროიდან, ხოლო, დე მოტრეს 1712 წელს კი თვითონ უნახავს ეს მანიპულაცია ქართულ სოფელ-ძეგლებში.

იოჰან ანტონ გულდენშტედტმა XVIII საუკუნეში იმოგზაურა საქართველოში. 1772 წელს აღწერს ყვავილის აცრის პროცესს და იმას, რომ აცრას დიდგვაროვნებსაც უკეთებდნენ. ერეკლე მეორემ მისცა უფლება აეცრათ მისი მესამე ვაჟი - იულონი. ამასთან, ქართულ ისტორიოგრაფიაშიც არსებობს მონაცემები დიდგვაროვანთა აცრის შესახებ.

როგორც აკადემიკოსი გვეუბნება, როტიზი 1829 წელს თავის დღიურებში წერდა, რომ „ქართველები უპირატესობას ყვავილის აცრის ძველ მეთოდებს აძლევდნენ“. ისევ თუ დავუბრუნდებით წიგნს - „ყვავილის აცრის ისტორია დიდ ბრიტანეთში“, ვკითხულობთ: „ერთ-ერთი ავტორის - მატას სიტყვებით, უნდა ვიფიქროთ, რომ შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მოქცეული ქვეყნები არის ის ცენტრი, საიდანაც გავრცელდა ყვავილის აცრა.

საყურადღებოა „Московские Ведомости“-ს პუბლიკაცია, რომელიც ჯენერის აღმოჩენის ფიქსირებამდე 3 წლით ადრე, 1793 წელს აუწყებს მკითხველს, რომ საქართველოსა და ჩერქეზეთში გავრცელებული ყოფილა: „ყვავილის აცრა, აქედან გავრცელდა ინგლისში, შემდეგ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და სხვაგან“. ხოლო 1823 წელს ბრონევსკი თავის შრომაში: „უახლესი გეოგრაფიული და ისტორიული ცნობები კავკასიის შესახებ“ წერდა, რომ საქართველოში ყვავილის აცრას უძველესი დროიდან მისდევდნენ. ინოკულაციაც (რომელიც ვაქცინაციის ფაქტობრივი საფუძველია) საქართველოში ცნობილი იყო უძველესი დროიდან.

მაგალითად, ხევსურეთში ცხოვრობდა ცნობილი მკურნალი, რომელიც ასაცრელ მასალას ძროხებიდან და ცხვრებიდან იღებდა. მსგავსი ფაქტები აღნუსხულია სვანეთში და საქართველოს სხვა მთიან რეგიონში. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ზ. ჭიჭინაძის და ი. მაისურაძის მონაცემები, რომელიც ეთნოგრაფიულ მასალას ეყრდნობოდა და კერძოდ, მესხეთში გავრცელებულ გვარს - ხარისჭირაშვილს ეხება. ავტორები ამტკიცებენ, რომ გვარი (ხარი-ჭირი-შვილი) პროფესიულია და მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ამ გვარის მატარებელი ხალხი ყვავილშეყრილი ხარიდან (ძროხიდან) იღებდნენ ასაცრელ მასალას.

ვაქცინაციის ნაკლებად გავრცელების მიზეზი მეთოდიკის სირთულეში მდგომარეობდა. ძნელი მოსაძებნი იყო ყვავილიანი ცხოველი. როგორც რესპონდენტი რამაზ შენგელია აღნიშნავს, მარია მონტეგიუ, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა: მეცნიერმა ექიმებმა არ მიიღეს მეთოდი. მხოლოდ ედუარდ ჯენერის ავტორიტეტი, მისი მეცნიერული ანალიზი და წვდომა, ლოგიკა გახდა აუცილებელი, რათა მსოფლიოს ვარიოლაცია და ვაქცინაცია მხსნელად მოვლენოდა.

ქართველ ხალხში ემპირიულად არსებული, ინტუიციით მიგნებული გენიალური აზრი ედუარდ ჯენერის კონგენიალურმა გონებამ მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებად აქცია

ჯენერის აღმოჩენის შემდეგ საქართველოში XIX სააუკიენის დასაწყისში გამოვიდა ორი წიგნი. პირველი მათგანი 1808 წელს მ. ფირალიშვილის - „ღონეი და შეწევნილობა, რომლითაც იხსენების ერთი ყვავილის სნეულების სვრისაგან, რათა აუცრიდნენ საზოგადოდ ყოველთა ძროხის ყვავილისა“. მეორე დაწერილია გ. ელიოზაშვილის მიერ 1815 წელს და გამოცემულია სანკტ-პეტერბურგში - „სწავლა აცრისთვის წინა დამცველისა ყვავილისა“ აქ გადმოცემულია იმდროინდელი წარმოდგენები ამ პრობლემის გარშემო, მოკლედაა მიმოხილული ყვავილის აცრის ისტორია საქართველოში, აღწერილია აცრის მეთოდი, ტექნიკა, გართულების კლინიკური სურათი და სხვა.

აქვე მოწოდებულია ჯენერის მეთოდის მოდიფიკაცია ე.წ. „ჰუმანიზირებული ვაქცინით“, მაგრამ ეს ახალი მეთოდიც დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შეუძლებელს ხდიდა მასიურ აცრებს. მხოლოდ ნეგრის მიგნებამ 1842 წელს ხელოვნურად ყვავილშეყრილი ხბოსაგან ვაქცინის მიღებისა, შესაძლებელი გახადა აცრები საყოველთაო გამხდარიყო. ამ მხრივ, საინტერესოა ექიმ ვორონჩენკოვის ასეთი ცნობა: 1814-1815 წ. ყვავილის აცრა საქართველოში გაუკეთდა 2495 ბავშვს. თბილისში - 1615, გორში - 360, სხვა სოფლებში - 420. აქედან დადებითი რეაქციით - 2402, რეაქციის გარეშე 93 (ცენტრ. არქივის ფ. 16 საქმე #1785). ასეთი მასშტაბური მონაცემები იმ დროისათვის უეჭველ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.