ავტორი:

თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

თბილისში ავღანეთიდან ჩამოსულ ძმებს სცემეს, რადგან ჩინელები ეგონათ - "დისკრიმინაცია აქამდეც ყოფილა, ბევრი ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი"

თავშესაფრის მაძიებლები, საიდი და ჰამიდი საქართველოში ავღანეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდნენ. ეთნიკურად ჰაზარებს რამდენიმე დღის წინ მძიმე შემთხვევა გადახდათ - 20 მარტს, ღამის 02:00 საათზე ისინი სახლში ტაქსით ბრუნდებოდნენ, როდესაც მძღოლმა მათ იმაზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვა, ვიდრე უნდა გადაეხადათ. მიზეზად ტაქსის მძღოლმა მათი წარმომავლობა დაასახელა, გადახდაზე უარის გამო კი ძმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამვლელი პირები მძღოლს დაეხმარნენ და ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საიდ იუსიფი, რომელმაც ინციდენტის დროს რამდენიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის ჭრილობა თავის არეში, იხსენებს, როგორ თქვა ტაქსის მძღოლმა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დროს: "დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი ჩამოიტანა" (F...ing Chinese brought Coronavirus in Georgia).

ჰამიდ და საიდ იუსუფები საქართველოში ავღანეთიდან 2017 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვიდნენ

ნაცემი ახალგაზრდა იმასაც იხსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება იგრძნო სამართალდამცველებისგან, შემდეგ კი - მედიკოსებისგან, როდესაც დაჭრილი საავადმყოფოში მივიდა.

"მე ავღანეთიდან ვარ, საქართველოში 2017 წელს, ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ საქართველოში თავშესაფრის მაძიებლები ვართ, ჩემი და-ძმა სპორტით არიან დაკავებულნი, საქართველოს სახელით გამოდიან, ტაეკვონდოში ჩემპიონები არიან და აქ განათლებას იღებენ.

ისინი ყოველდღიურად შრომობენ და იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს საქართველოს დროშას უფრო მაღლა და მაღლა ასწევენ. თავშესაფრის მაძიებლები თავიანთ ქვეყნებში იმაზე დიდი სირთულეების წინაშე დგანან, ვიდრე ეს უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემებია. მაგალითად, ჩემი ქვეყანა, ავღანეთი, 35 წელია, ტერორისტების თავდასხმების ქვეშაა, საწყალი ხალხი ჩემს ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპება.

ჰამიდ იუსუფი ტაეკვონდოში საქართველოს სახელით ასპარეზობს

- შეგიძლიათ, დეტალურად გაიხსენოთ ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეგემთხვათ?

- 2020 წლის 20 მარტს, ღამის 2 საათზე, მე და ჩემმა ძმამ ჰამიდმა "იანდექსის" ტაქსით, თავისუფლების მოედნიდან ისნის მეტრომდე ვიმგზავრეთ. აპლიკაციაში ეწერა, რომ 3 ლარი და 50 თეთრი უნდა გადაგვეხადა. როცა დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით, ტაქსის მძღოლმა სამჯერ მეტის გადახდა მოგვთხოვა იმ მიზეზით, რომ უცხოელი ვარ. უარის გამო კი ლანძღვა დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში 5 ლარზე ჩამოვიდა.

ფული არ მივეცი და მანქანიდან გადავედი. მძღოლი გაბრაზდა, ისიც გადმოვიდა მანქანიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება დაიწყო, მეძახდა - "დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი ჩამოიტანაო". ამ დროს, ვიღაც უცხო ბიჭებმა ზურგიდან შემოგვიტიეს. მცემეს იმიტომ, რომ უცხოელი ვარ.

- რაიმე სახის დისკრიმინაცია აქამდე თუ გიგრძვნიათ?

- აქამდეც გარკვეულ დისკრიმინაციასთან მქონია საქმე ჩემი ეროვნების გამო: ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ტერორისტი ვარ ან ნარკოტიკებს ვყიდი. მაგრამ ბოლო შემთხვევის დროს თავის არეში დიდი ჭრილობა მივიღე, ვფიქრობ, დანა ჩამარტყეს, რადგან მუშტი ასე კანს არ გამიჭრიდა. მარჯვენა ხელის ორ თითს ვერ ვამოძრავებდი, სხეულის ზოგ ნაწილში ტკივილები ახლაც მაწუხებს.

ინციდენტის ღამეს, როცა პოლიცია მოვიდა, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, მაგრამ საავადმყოფოში არ წავედი, ამის ფული არ მაქვს. უარი ვუთხარი სასწრაფოს და მათაც არაფერი გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ, როგორ მომდიოდა თავიდან სისხლი.

მეორე დღეს ჩემი მეგობარი ჩემს დასახმარებლად მოვიდა. 112 გამოიძახა, კრიმინალური პოლიცია მოვიდა, იგივე პოლიციელები აღმოჩნდნენ, ვინც წინა ღამეს. ერთ-ერთმა რამდენჯერმე გამიმეორა, რომ ვიტყუებოდი, ამას იმეორებდა და იმეორებდა. ხედავდნენ, რომ სისხლი მომდიოდა და სასწრაფოს დახმარებას გამოუძახეს. ამჯერად მათ საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაგრამ იმის გამო, რომ ფული თან წაღებული არ მქონდა, არ დამეხმარნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-იდანაც დაურეკეს და სიტუაცია აუხსნეს, მაინც არ დათანხმდნენ ჩემს დახმარებას.

ვერ ვიტყვი, რომ რასობრივ ნიადაგზე ძალადობა მხოლოდ საქართველოში ხდება. ეს უამრავ ქვეყანაში ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში ყველას, ვინც ამ რთულ დროს ჩემ გვერდით დგას" - გვეუბნება საიდი.

VIDEO: "იძახდა, დამპალმა ჩინელმა საქართველოში კორონავირუსი შემოიტანაო" - თბილისში ავღანელ ძმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც, მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტის, სოფო ალექსიძის თქმით, უფლებადამცველი ორგანიზაცია ითხოვს, რომ საქმის ძიება რასობრივი ნიშნით მოტივირებული დანაშაულის კუთხით მოხდეს:

- ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ დახმარებას უწევს ავღანეთიდან ჩამოსულ ეთნიკურად ჰაზარ პირებს. ტაქსის მძღოლმა მათ 10 ლარის გადახდა მოსთხოვა, როდესაც აპლიკაციის მიხედვით, მხოლოდ 3.5 ლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდათ, მძღოლმა კი ტარიფის გაზრდის მიზეზად ის დაასახელა, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ. ბუნებრივია, ბიჭებმა უარი განაცხადეს ამაზე, რასაც მძღოლის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხმამაღალი საუბარი მოჰყვა.

გამვლელებმა მძღოლის დახმარება გადაწყვიტეს, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს. სიტყვები, რომელიც ამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზარალებულებმა გაიგეს, იყო "ჩინელი" და "კორონა". ორივე მათგანს მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანება, თუმცა ერთ-ერთს თავის არეში სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.

- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

- ჩვენი მოთხოვნაა ნაცემი პირების დაზარალებულად ცნობა და ის, რომ საქმეს რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს. მთავარი, რაც მომხდარში რასობრივი ნიშნით დანაშაულს გამოჰკვეთს, ასე ვთქვათ, დანაშაულის მოტივია, კერძოდ ის, რომ ტაქსის მძღოლი მათგან მეტი თანხის გადახდას ითხოვდა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ.

ამავდროულად, სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების მხრიდან აგრესია განპირობებული იყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა წარმომავლობით, დამნაშავე პირებმა დაზარალებული ჩინელებს მიამსგავსეს და ეს განსაკუთრებული აგრესია სწორედ აქედან მომდინარეობდა" - გვეუბნება უფლებადამცველი.

ამჟამად, პირებისგან, რომლებიც საიდთან და ჰამიდთან ინციდენტში იყვნენ ჩართულნი, მხოლოდ ტაქსის მძღოლია იდენტიფიცირებული. თუ საქმეს რასობრივი შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობის კვალიფიკაცია მიეცემა, აღნიშნული დანაშაული თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე დაისჯება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა