ავტორი:

რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ 7 პირი გადმოიყვანეს, რომლებიც აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში მოთავსდნენ და მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 81 მოქალაქე იმყოფება. ხოლო თვითიზოლაციაში მთელი რეგიონის მასშტაბით, 224 პირია. მათივე ცნობით, 496 ადამიანს თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 ადამიანი იმყოფება.

„აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ. ასევე, ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედ-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები,“ - განაცხადა მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სოფელ ზედაეწერში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

„ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.

ქუთაისში 73 წლის პაციენტმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

"გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ ხუთეულში შედიოდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს" - იმნაძე

"ღამე წავედი საფლავზე... არ შემეძლო, შვილთან არ მივსულიყავი" - მარინა ენდელაძე