ავტორი:

"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის მიმართვა

"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის მიმართვა

მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის კარლოს დიეზ დე ლასტრას და ტურიზმის და გასტრონომიის აკადემიის დამფუძნებლის, "ლე როშე“-ს პარტნიორის მანანა უგულავას მიმართვა:

"ამ კრიზისმა მე რაღაც შეუფასებელი მომიტანა, კიდევ ერთხელ დამანახა და გამიჩინა სიამაყის გრძნობა, რომ მაქვს პატივი, მივეკუთვნებოდე ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია!

ის, რაც საქართველომ გააკეთა, ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ყველა ერთად საქართველოსთვის!

ეს სლოგანი მაშინ გამოვიყენეთ, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მასპინძლობის სექტორის განვითარებისთვის გავერთიანდით. ახლა ეს ფრაზა კიდევ უფრო მეტად აქტუალურია.

ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის ძალა და დასაყრდენი ვართ, ისევ და ისევ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ძალიან მემაყება, რომ ჩვენი პარტნიორები კერძო სექტორიდან უსაზღვროდ დიდ დახმარებას უწევენ ჩვენ ქვეყანას.

უმიზეზოდ არაფერი ხდება და ნებისმიერ კრიზისში კარგად ვლინდება შესაძლებლობა. ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახვებთ, რა შეგვძლებია ერთიანობით. და ეს მუხტი მომავალშიც გაგვყვება.

ახლა მთავარი გამოწვევა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეპიდემიის ფართოდ გავრცელება. მალე კი ეპიდემიის შემდგომი ეტაპი დადგება, და ეს სხვა გამოწვევა იქნება - ეკონომიკა.

ეკონომიკა ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის, თუმცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოყო თანხები, როგორც საკუთარი ეკონომიკის გასაძლიერებლად, ასევე სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვის ხელშესაწყობად, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისთვისაც.

COVID-19 განსაკუთრებით ძლიერ გავლენას ახდენს მასპინძლობის სექტორზე. ბევრმა სხვამაც მიიღო გადაწყვეტილება, დახურონ ან მკვეთრად შეცვალონ თავიანთი ბიზნესპროფილი, მათი თემისა და თანამშრომლების დასაცავად.

ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს. რისი გადასვლაც შეიძლება ონლაინ მუშაობაზე, სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.

დღეს უნდა დავრჩეთ სახლში, მოგზაურობა ხვალისთვის გადავდოთ, მაგრამ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღის შესახვედრად, რას გავაკეთებთ, როგორ დავეხმარებით ტურიზმის სფეროს, რომ ჩვენი ეკონომიკის ერთი-ერთი მთავარი გამწევი ძალა ფეხზე დადგეს.

და ჩვენ ეს აუცილებლად გამოგვივა!

ჩვენ - ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია მთელი ჩვენი ლოკალური და საერთაშორისო გუნდით და ექსპერტებით, პარტნიორებთან ერთად, მზად ვართ, ჩავერთოთ პროცესში და დავეხმაროთ სახელმწიფოს, ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტარციას, კერძო სექტორს, რათა ღირსეულად გამოვიდეთ ქვეყანაში და მთელ პლანეტაზე შექმნილი რთული სიტუაციიდან.

ჩვენ გვაქვს შანსი, ეს კრიზისი გამოვიყენოთ და საქართველოს როლი გავზარდოთ რეგიონის მასშტაბით.

განვავითაროთ ეროვნული წარმოება, გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, გავხადოთ საქართველო წარმატებული ჰაბი რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით.

ყველა ჩვენგანის გული შერეული ემოციებითაა სავსე. ერთის მხრივ, ის ბუნებრივი წუხილი, რომელიც ყველას გვაქვს ამ გაურკვეველ სიტუაციაში, მოითხოვს თითეული ჩვენგანისგან მაქსიმუმის გაკეთებას, რათა შევძლოთ, გადავლახოთ შფოთვა, ღელვა, შიში, სიმარტოვე და დარდი ჩვენი საყვარელი ადამიანების გამო.

მეორეს მხრივ, ეს ღრმა და დაძაბული გამოცდილება, პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა, სულგრძელობა და სოლიდარობა თითეული ჩვენგანის მხრიდან, კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ჩვენ შევძლებთ, ერთად გადავლახოთ მსოფლიო კრიზისი - ჩვენი თაობებისთვის უპრეცედენტო გამოწვევა" - ნათქვამია მანანა უგულავას მიმართვაში.

"ჩვენ საქმე გვაქვს უნიკალურ კრიზისთან. თუმცა ყველა ჩვენგანმა, ვინც მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობს, სწავლობს თუ ტრენინგებს გადის, კარგად იცის, რომ ნებისმიერ კრიზისში იმალება შესაძლებლობები.

ეს ის შესაძლებლობაა, სადაც საშუალება გვაქვს, ვაჩვენოთ ჩვენი დიდსულოვნება და მოვალეობისადმი ერთგულება, რომ გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა თუნდაც უბრალო სიტყვითა თუ ჟესტით. ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის ძალა და დასაყრდენი ვართ, ისევ და ისევ ერთმანეთის მხარდასაჭერად. ესაა შესაძლებლობა, რომ ვიცხოვროთ, გავიაზროთ და ვისწავლოთ იზოლაციის ამ კვირების განმავლობაში.

ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქმედებითა და საქმით გამოვხატოთ ის ღირებულებები, რომლებიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენ, ვინც ვმუშაობთ და ვსწავლობთ ისეთ ინდუსტრიაში, როგორიც ჩვენია - შექმნილი ხალხის მიერ და ხალხისთვის, იქ სადაც ზრუნვა და ემპათია არის მთავარი მიზანი.

ცხოვრების მანძილზე, საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში თუ გვეძლევა ამგვარი აშკარა შესაძლებლობა, ვიყოთ მხარდაჭერის ვექტორები სხვებისთვის. სახლში - ჩვენი ოჯახის წევრებთან, სამსახურებში - თანამშრომლებთან ვიყოთ ძალიან ყურადღებიანი, და თუნდაც რამდენიმე სიტყვიანი მესიჯით მოვიკითხოთ ისინი, ვინც გაგვახსენდება და ვისთანაც გარკვეული ურთიერთობა გვაქვს.

მოდით ვიყოთ მათ შორის, ვინც ამ გამოცდილებას გამოიყენებს იმ ფუნდამენტად, რომელზედაც დააშენებს უფრო ჰუმანურ, უფრო ბრძენ და აუცილებლად უფრო პოზიტიურ საზოგადოებას.

მადლობა, დიდი მადლობა ჩემი გულიდან თითეულ თქვენგანს. ვიმედოვნებ, საკმაოდ მალე ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ხელს ჩამოვართმევთ და სიამაყით ვიტყვით, რომ კრიზისი ერთად გადავლახეთ გაბედულად, პასუხისმგებლობით და იმ დამოკიდებულებით, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა ყველას ჩვენ, ვინც ლე როშეს ნაწილს წარმოვადგენთ.

გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და შეინარჩუნეთ ნათელი სული თქვენს გულებში!" - ნათქვამია კარლოს დიეზ დე ლასტრას მიმართვაში.

მარნეულელი ქალის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა, კლინიკას დღეს დატოვებენ ახალშობილები - ლევან რატიანი პაციენტებზე

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას სიცხე დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება