ავტორი:

"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს

"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს

საქართველოში კორონავისუსის შიდა გავრცელების დაწყების გამო, COVID-19-ის ტესტირების პროტოკოლი შეიცვალა.

რას შეცვლის ახალი მიდგომა ვირუსის შემთხვევების მართვის კუთხით? როდის დაიწყება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობა საქართველოში? რას ფიქრობს, როგორც ინფეციონისტი საპატრიარქოს გადაწყვეტილებებზე?

კითხვებით AMBEBI.GE-მ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს მარინა ენდელაძეს მიმართა.

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა შეიცვალა ახალი პროტოკოლით და რამდენად ეფექტურ გავლენას იქონიებს იგი ვირუსის გავრცელების მართვის კუთხით?

- დღემდე მოქმედი პროტოკოლი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირის ტესტირებას, რომელსაც მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ჰქონდათ და ამასთან მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.

ახლა საჭირო გახდა ახალი პროტოკოლი, რომლიც მიხედვითაც, მოქალაქეებს ტესტირება იმ შემთხვევაშიც ჩაუტარდებათ თუ, მათ არ აქვთ სიმპტომები და არც უცხოური კონტაქტები. მაგრამ აქაც რანგირებაა და ცხადია, ეს ყველას არ შეეხება

მარტივად რომ გითხრათ: ტესტირებას ექვემდებარება ყველა სიმპტომიანი პირი, ხოლო უსიმპტომო პირებიდან მხოლოდ ისინი, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ, აქვთ უშუალო შეხება დაინფიცირებულთან - ექიმები, პოლიციელები, ის პირები, რომლებიც აეროპორტში ხვდებიან ჩამოსულ მგზავრებს და ა.შ.

ასევე, ტესტირებას ექვემდებარებიან ის უსიმპტომო პირებიც, რომლებსაც რისკის ქცევები ჰქონდათ. მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ამბობს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს, ან კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფებთან - ეს პიროვნება ექვემდებარება გამოკვლევას. ამგვარი მიდგომა შეძლებს იმას, რომ პრინციპში არ უნდა გაგვეპაროს კორონავირუსის არცერთი შემთხვევა და ჩვენ შევძლებთ თითქმის სრული კონტროლის დამყარებას.

- როგორც ცნობილია, გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობის გამოცდილება საქართველოს აქვს. COVID-19-ის შემთხვევაში, რა ეტაპზეა პროცესები ამ მხრივ და როდისთვის გახდება ამ მეთოდით მკურნალობა ხელმისაწვდომი?

- საკითხი ისმება, მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკება და მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ვინ შეძლებს ამ პლაზმის სრულყოფილად დამზადებას. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამის კვლევა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მალე დაიწყება ამ მეთოდით მკურნალობა. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია.

პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი, გაიღებენ სისხლს იმ ოდენობით, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. დარწმუნებული ვარ, 90% თანახმა იქნება სისხლის ჩაბარებაზე და არ იტყვიან უარს

მაგრამ სისხლი უნდა იყოს მაქსიმალურად გასუფთავებული, ამასთან ყველა პაციენტის სისხლი ვარგისი ვერ იქნება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ვერ აუღებენ ამ მიზნით სისხლს. გადარჩევა მოხდება და დამზადდება ანტისხეულებით მდიდარი პლაზმა. მისი შეყვანა კი მხოლოდ მძიმე პაციენტების ორგანიზმში მოხდება. საჭიროა ძალიან კარგი აპარატურა, რომ ასეთი პლაზმა დამზადდეს.

- წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 25 ე.წ. ცხელების ცენტრი უნდა გაიხსნას. როგორი იქნება მისი მუშაობის სპეციფიკა?

- ამ ცენტრებში დატრენინგებული ექიმები გაუწევენ პირველად კონსულტაციას პაციენტებს, რომელთაც რაიმე სახის სიმპტომები ექნებათ. "ემერჯენსის" ტიპის მექანიზმი შეიქმნება. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს, რომლებიც დარეკავენ 144-ზე, გადაამისამართებენ 112-თან და ეს უკანასკნელი თავის მხრივ გადაამისამართებს ცხელების ცენტრში.

გამოკითხვა მოხდება ტელეფონით, სპეციალურად შედგენილი კითხვარით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რამდენად რეალურია სიმპტომები და რამდენად ესაჭიროება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია. ცენტრებში იქნებიან სპეციალურად გაწვრთნილი და სპეციალურად ეკიპირებული პერსონალი.

- აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. საპატრიარქომ ისევ ძალაში დატოვა ზიარების წესი და მრევლს აღდგომას ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდა. თქვენ როგორც სპეციალისტს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს მიდგომები ?

- მე მორწმუნე ადამიანი ვარ, მწამს უფლის და შეძლებისდაგვარად ვესწრები წირვას, ლოცვებს, სხვა რომ არაფერი, მე შვილმკვდარი დედა ვარ… საპატრიარქოს და პატრიარქის გადაწყვეტილებაში ვერ შევიტან ეჭვს, რადგან ვარ მორწმუნე და ძალიან დიდი სიყვარულით ვარ გამსჭვალული ჩვენი პატრიარქის მიმართ.

საერთოდ, რწმენა ადამიანებს გადაარჩენს და უფლის ნებააა ყველაფერი. თუ შევძლებ, ფიზიკურად წავალ აღდგომას წირვაზე. რა თქმა უნდა, სახლში დარჩენა და დისტანცირების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოვისმინე პატრიარქის მიმართვა, იქ მოწოდებულია დისტანცირება და ჩემთვის სრულიად მისაღებია. აღდგომას ალბათ ბევრი ეკლესიაში არ წავა, მაგრამ უფალი აპატიებს მას. როდესაც რწმენით ხარ, საიდან ილოცებ ასეთ სიტუაციაში ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან უფალი ყველგან არის. მე პირადად ძალიან რწმენით ვარ და იმდენად გონიერი პატრიარქი გვყავს, ეჭვს ვერ შევიტან მის გადაწყვეტილებაში.

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება