ავტორი:

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საფრთხის გამო გამოცხადებული კარანტინი, ზოოპარკის ცხოველებს შიმშილით სიკვდილით ემუქრება.

ekhokavkaza.com წერს, რომ ცხრა ლომის გამოსაკვებად, პარკ "პრაიდის" თანამშრომლებმა დახმარებისთვის ადგილობრივებს სოციალური ქსელით მიმართეს, რათა ცხოველები ყოველდღიურად გამოკვებონ. გამოცემის ცნობით, უკვე გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ცხოველების რამდენიმე კვირით გამოკვებისთვის საჭირო რაოდენობის თანხა გაიღო.

ზოოპარკში რვა დიდი ლომი და ორი თვის ბოკვერი ჰყავთ. საკმაოდ დიდ ფართობზე გადაშლილი პარკი, მოძრავი ცირკის რუსმა მეპატრონემ ოლეგ კონონოვმა ააშენა და გარეული ცხოველებისთვის ველურ გარემოსთან მიახლოებული პირობები შექმნა. მისი დირექტორი ადგილობრივი ანდრეი ხარზალიაა.

მასობრივი თავშეყრის ადგილების დაკეტვის შემდეგ, პარკი შემოსავლის გარეშე დარჩა. ადმინისტრაციის თქმით, კი, მათ ცხოველების გამოსაკვებად ყოველღიურად 54 კგ ხორცი სჭირდებათ.

პარკს "ფეისბუქზე" თავისი გვერდი აქვს, სადაც დახმარების თხოვნა გავრცელდა. ცხოველების მეთვალყურეებმა ანატოლი ეპიშევმა და თამარა ვერდიევამ მოსახლეობას დახმარება სთხოვეს.

ეპიშევის თქმით, ამის შემდეგ გაგრიდან ხორცის საწარმოს მფლობელებმა მიიტანეს საკვები. გულშემატკივრების მიერ ჩარიცხული თანხით კი ერთი ცხენი შეიძინეს:

"ერთი სიტყვით, რამდენიმე დღის სამყოფი საკვები გვაქვს... რა იქნება შემდეგ, ჯერ არ ვიცით” - ამბობს ცხოველების მეთვალყურე, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელში ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა, იმის გამო, ისინი ცხოველებს ცხენებით კვებავენ.

ეპიშევი მათ პასუხობს, რომ ცხენებს თავად კი არ ხოცავენ, "მზა მდგომარეობაში" ყიდულობენ, რადგან ცხენის ხორცი, სხვაზე მეტად იაფია:

"ჩვენ გვყავს ნაცნობი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის, სად შეიძლება შევიძინოთ ცხენის ხორცი, ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგი მავთულებში გაიხლართა და ძალიან დაშავდა. აფხაზეთში ნაცნობობა კარგად მუშაობს" - ამბობს ის.

აფხაზი ცხოველთა უფლებადამცველის საიდა ოტირბას შეფასებით, ასე ერთჯერადი დახმარების იმედად, 9 ლომის გამოკვება არასერიოზულია.

"არ ვიცი რა იქნება შემდეგ, რადგან გარეული ცხოველების მშივრები ვერ იქნებიან... მე მათ ვურჩიე, რომ აუცილებელია, ცხოველების სტერილიზაცია, რადგან ამ რეალობამ გვაჩვენა, რომ მათი მოვლის შესაძლებლობა არ გვაქვს... თუ ასე არ მოიქცევიან, შესაბამის ზომებს მივიღებთ, რადგან არ შეიძლება ცხოველების წამება. სოხუმში გვყავს შვიდი დათვი, რომლებიც საშინელ პირობებში, შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იმყოფებიან. ასე იყო კორონავირუსამდეც, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა.

ეს არის ქვეყანა, სადაც ქუჩის ძაღლები მუდმივად შიმშილობენ და თავშესაფარში წამოყვანილი ცხოველებისთვის გამოსაკვებ თანხას ძლივს ვშოულობთ" - ამბობს ოტირბა.

აფხაზი ინტერტეტმომხმარებლები წერენ, რომ რამდენიმე დღეში რეგიონში უამრავი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის, ცხოველების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც სხვაგან აუცილებლად გახდებოდა შესწავლის საგანი.

“ეს ხალხი, უამრავ ფულს აკეთებდა იმ ლომების პარკით, ახლა კი ამბობენ, რომ თურმე ვიღაც აძლევდა ცხენებს, კაცმა არ იცის, როგორ, რა გზით. შემოსავლის მიუხედავად, არ აქვთ რამდენიმე თვის საკმარისი თანხა, რათა ცხოველებს აჭამონ, ცხოველებმა რა დააშავეს, მაგრამ ამათი საქმიანობა აუცილებლად უნდა შეისწავლოს პროკურატურამ!" - წერს ადგილობრივი ლარისა აგირბა.

ფოტოები გვერდიდან Парк львов "Прайд", ავტორი: ნინა არუთუნიანი

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა