ავტორი:

"მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება" - გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი

"მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება" - გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა სამმილიონნახევარს, ინფექციამ 250 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა 4 თვეში. პანდემია ჯერჯერობით უკან არ იხევს და მეცნიერებს ამაზე ზუსტი პასუხიც ჯერ არ აქვთ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის პრობლემებისა და საქართველოს მიერ COVID-19-თან ბრძოლის შესახებ პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

- თავიდან, როცა ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში მაშინვე ჩაკეტეს საზღვრები. ბევრმა ქვეყანამ გაფრთხილება სერიოზულად მიიღო, ზოგს კი ჰქონდა დამოკიდებულება, „მერე ვქნათო“. არ სჯეროდათ ბოლომდე, რომ ასე გავრცელდებოდა, რადგან, SARS-ის დროსაც დიდი პრობლემა იყო, ბევრი ქვეყანა დაზიანდა, თუმცა აზიის ქვეყნების და კანადის გარდა, ის არ გავრცელდა;

MERS კი ძირითადად მსოფლიოს არაბულ ნაწილში გავრცელდა, საუდის არაბეთში და სამხრეთ კორეაში, ვაჭრობის გამო. რეალურად, ამის გამო ბევრი ქვეყანა ფიქრობდა, რომ COVID-19 ლოკალური ვირუსი იქნებოდა

ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნის ჩაკეტვა ფინანსურად ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ასევე, უამრავი ჯანდაცვის სისტემა არ იყო და არაა მზად, მიიღოს ასეთი დიდი რაოდენობის დაავადებული ხალხი. მჯერა, რომ ეს გლობალური შეცდომა იყო, რომ ყურადღება არ მივაქციეთ იმას, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვა. ხალხი ამ ორგანიზაციას არ უსმენს, ქვეყნები არ უსმენენ - მოდით, სიმართლე ვთქვათ, ესაა რეალური პრობლემა.

- საქართველოში პირველი პრესკონფერენცია უხანში გაჩენილ კორონავირუსთან დაკავშირებით 22 იანვარს ჩატარდა...

- საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო. როცა პირველი აფეთქება მოხდა, ინფორმაცია ყველა ქვეყანამ იქიდან მიიღო. მათ მერე კი უკვე თვითონ ქვეყნების გადასაწყვეტია, ვის რა დონეზე შეეძლო ამ გაფრთხილების მიღება, ამას უკვე ძალიან ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ქვეყნები იკეტება.

წარმოიდგინეთ, არის ორი ვარიანტი: გარდაიცვლებიან თქვენი მშობლები, მაგრამ ეკონომიკურად სტაბილურად იქნებით ან მშობლები გადარჩებიან, მაგრამ ეკონომიკურად 3 წელი კარგად ვერ იქნებით

ამაშია საქმე - ყველა ვერ თმობს ეკონომიკას. რატომ ეწინააღმდეგებოდა ტრამპი ბოლომდე? რადგან ეკონომიკურ კრახს მიიღებდა. ახლა ჩვენ ეკონომიკური კრახი გვაქვს. აქ იყო საუბარი, გადავარჩინოთ ჩვენი ბებია, ბაბუა და მშობლები, თუ გადავარჩინოთ ეკონომიკა. თითოეულმა ქვეყანამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო, ფინანსური წნეხის ქვეშ კი ბევრი პოლიტიკოსი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, ბევრ ქვეყანაში არჩევნების წინა პერიოდიცაა...

- ზოგიერთ ქვეყანაში, რეაგირების დაგვიანების შემდეგ რესურსების პრობლემა გაჩნდა - თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რის გამოც რიგი ქვეყნები უკვე ვეღარ ეწევიან პროცესს?

- ესაა, რაც ხდება ნიუ-იორკსა და იტალიაში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ იტალიაში. რაშია პრობლემა? ჩვენ ვიცით, მოდელირება გვაქვს გაკეთებული, დაახლოებით რამდენი ადამიანი დაავადდება. ინფიცირებულების 90% ამას იოლად გადაიტანს. ვამბობთ, რომ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 70% ამ ვირუსით დაავადდება, თუმცა ამ 70%-ის 10% იქნება მძიმე.

ბევრი ქვეყანა მიხვდა, რომ მათი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და ეს 5-10% გარდაეცვლებათ. ერთ-ერთი გამოსავალია კარანტინი, რათა ჯანდაცვის სისტემამ დაავადებულები „გადაამუშავოს“, შეძლოს მოსახლეობის 5%-ის მიღების გადანაწილება რამდენიმე თვეზე. ერთდროულად ამდენი ადამიანი ჯანდაცვის სისტემას რომ მიადგეს, სისტემა კოლაფსის წინაშეა, რაც ახლა ჩრდილოეთ იტალიაში ხდება.

- თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს ვირუსი "მოსახდელია". ამას როგორ გამოეხმაურებით?

- ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, ეს ვირუსი ყველას გვექნება, ორი აზრი არ არსებობს. ან გადავიტანეთ ეს ვირუსი და არც ვიცით, ან გადავიტანთ, ან, იმედია, კარანტინის პირობებში მაქსიმალურად დავიცავთ თავს, დაველოდებით ვაქცინას და ვაქცინით გადავიტანთ.

ტექნიკურად შეიძლება, სხვანაირად ინტერპრეტირებულია, თუმცა ლოგიკა ერთია - ჩვენ ყველამ უნდა გადავიტანოთ ეს ვირუსი, საკითხავია, რბილი თუ მწარე გზით. დღეს მძიმე ავადმყოფებიც კი შეიძლება, იყვნენ გამოყვანილი მდგომარეობიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ანუ, სიკვდილიანობა მაინც დაბალი იქნება, მაგრამ თუ ყველა ერთდროულად მიაწყდა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ის ფიზიკურად ვერ გაუძლებს, ამდენი მედპერსონალი არ გვყავს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში, ძალიან მძიმე სიტუაცია გვექნება.

- საქართველოში ამჟამად არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ, როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის ბრძოლას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ?

- ის ნაბიჯები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობამ მიიღო, სწორი გადაწყვეტილებები იყო - კარანტინის შემოღება, ცოტა დააგვიანდა, მაგრამ მაინც. კარგია, რომ ჩაკეტეს ქალაქები, რომ კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

მაგრამ, დააგვიანეს სამედიცინო პერსონალის მობილიზაცია, და ვერ მოახერხეს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება ამ პრაქტიკულად, მოგებული ერთი თვის განმავლობაში

ეს ნიშნავს ჯანდაცვის სისტემის ყველა ნაწილის მობილიზაციას: საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, ლაბორატორიები და ა.შ. იცით, რამდენი საწოლია საქართველოში? ამ ციფრებს რომ ათამაშებენ, იქ არის ბოქსირებული პალატები? ამ პალატების ხარისხი ვინმემ გადაამოწმა? ამას გარდა, ერთი თვეა, ვერ დავინახე ინტენსიური სამედიცინო პერსონალის გადატრენინგება.

დავიწყოთ პერსონალური თავდაცვითი მოწყობილობებით, ხელთათმანებით, ნიღბებით. ყველა სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში ეს მოწყობილებები სჭირდება - ჩაცმას და გახდას 15-15 წუთი სჭირდება, ორივე შემთხვევაში რაიმე შეცდომა რომ იყოს, ეს ფუჭი და უფრო დიდი ზიანია. ვინმეს აცვია ეს? რასაც ტელევიზორში ვხედავ, რაღაც ქირურგიული ნიღბები და სასაცილო ფორმები აცვიათ.

კიდევ არის ტესტირების საკითხი - მთელი მოსახლეობის ტესტირება შედეგს არ მოგვცემს. ტესტირება ცოტა რთული თემაა, რადგან სწრაფი ტესტიც, კომპანიიდან გამომდინარე, შეიძლება, 50%-ით იყოს ზუსტი, ამიტომ 2-3 ტესტი უნდა გააკეთო

ძვირიც ჯდება, რადგან ტესტის ღირებულება მხოლოდ 20%-ია, დანარჩენი მოდის იმ ადამიანის სათანადო აღჭურვილობაზე, რომელიც ტესტს ატარებს. მერე, როცა ტესტი ჩატარდება, ეს მოწყობილობა უსაფრთხოდ უნდა იყოს განადგურებული, რათა ნაგავსაყრელში არ აღმოჩნდეს და ძროხები და ღორები არ ჭამდნენ. ეს ერთიანი ჯაჭვია და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასე რომ, მთელი ჩვენი სამედიცინო პერსონალი სპეციალური პერსონალური დაცვითი საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი, ნამდვილად ერთჯერადით, რადგან როგორც ვიცი, ხდებოდა ხოლმე, რომ ერთჯერად საგნებს ხელახლა ხმარობდნენ. მეორე ეტაპი უნდა იყოს ტესტირება, თუ არა და, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ცხელების ცენტრები ფაქტობრივად, COVID-19-ის დისტრიბუციის ცენტრები გახდება.

არ ვაკრიტიკებ მთავრობას, პირიქით - ეს რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ. საჭიროა კერძო კლინიკების ჩართულობა. მიმდინარე კლინიკურ დაავადებებზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად გერმანიის, რომ ტრიაჟი საავადმყოფოს გარეთ კეთდება. ფსიქოლოგიაში უნდა გვქონდეს ჩაბეჭდილი, რომ COVID-19 პოტენციურად ყველას აქვს - ვიცით, რომ ძალიან ბევრ პაციენტს 14 დღის შემდეგ აუწია ტემპერატურამ, ბევრმა გადაიტანა კიდეც. ყველას ისე უნდა ვუმკურნალოთ, როგორც COVID პაციენტს, უსაფრთხოების წესები ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს დაცული და ყველა მათგანი უნდა ჩაერთოს პროცესში.

- პლუსებიდან რას გამოჰყოფდით - თქვენი აზრით, რითი ვახერხებთ იმას, რომ ჯერ ჩვენთან მასშტაბური აფეთქება არ არის?

- ვინ გითხრათ, რომ არ არის? როცა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკოსი არ ვარ, მეცნიერულად ვსაუბრობ. გადავხედოთ რუკას, მაგალითად, აფრიკაში COVID-19 არ არის, როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის?

- ერთ-ერთი მოსაზრებით, იქ ზუსტი მონაცემები ტესტების ნაკლებობის გამო ვერ აღირიცხება...

- დიახ, არის მონაცემი და არ არის ტესტი! საქართველოში ჩატარდა 3 000 ტესტამდე, აქედან 200-მდე პაციენტს დაუმტკიცდა ინფექცია. დარწმუნებულები ვართ, რომ ქალბატონს, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში ანთებით გარდაიცვალა და საავადმყოფოში არ მისულა, კორონავირუსი არ ჰქონდა? აქ საუბარია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე - მაგალითად, მაჩვენეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ეს არ გვაქვს, რადგან ადეკვატურად რეგისტრაციას ვერ ვაკეთებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია, თქვენს პროგნოზს მაინც გკითხავთ - როდის და როგორ შეიძლება, დაამარცხოს მსოფლიომ ეს ვირუსი?

- გავიხსენოთ 1920 წელი, ესპანური გრიპის პანდემია. სამი ტალღა იყო: პირველი საშუალო დონის იყო, მეორე - ძლიერი, მესამე კი პატარა. თითო ტალღა დაახლოებით, 2-3 თვის განმავლობაში გრძელდება, ჩვენ მხოლოდ პირველი ტალღის დასაწყისში ვართ.

ასე რომ, ჩემი ვარაუდით, მსოფლიოში, მაისის თვისთვის ეს უნდა ჩაწყნარდეს, ზაფხული რაღაცნაირად უნდა გავიაროთ, შემდეგ კი, ოქტომბრის თვისთვის მეორე ტალღა დაიწყება

მეორე ტალღა უფრო მწარე იქნება, მაგრამ იქნება არა მარტო COVID-19-ის ტალღა, არამედ - შიდსის, სიფილისის, გონორეას და მენტალური დაავადებების ეპიდემია. რატომ? შიდსის საკითხებზე ვმუშაობდი ბოლო 20 წელი... მსოფლიო ჩაკეტილია, მსოფლიომ სიკვდილს ჩახედა თვალებში, სუფთა ფსიქოლოგიური მომენტი შემოდის - შეიძლება, ძალიან ბევრმა ადამიანმა იფიქროს, თითქოს ყველაფერმა გაიარა. სინგაპურში ასე ხდება - უკვე 1 კვირაა, მეორე ტალღა წამოვიდა, ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ახლა ხალხი მოდუნდა, გაიხსენეს ყველაფერი, გახშირდა დაუცველი სექსი.

ასე თუ მოხდა, სამწუხაროდ, დიდი ბიძგი იქნება იმისთვის, რომ მივიღოთ შიდსის და სექსუალურად გადამდები დაავადებების ეპიდემია

მეორე საკითხია, რომ როცა 2 თვე სახლში ხარ ჩაკეტილი, შესაძლოა, ამან სხვადასხვა მენტალური დაავადება გამოიწვიოს. მესამეა არაგადამდები დაავადებები, გულსისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი, რადგან ვსხედვართ სახლში და არ გვაქვს ფიზიკური აქტივობა. ასე რომ, COVID-19-ის ტალღა ქვევით ჩაიწევა და ჩვენ ამ დაავადებების ახალი ტალღა გვექნება.

ვირუსის პირველ ტალღამდე უფრო დაცული ვიყავით, ახლა თქვენი იმუნური სისტემა ჩაკეტილია, არ მოძრაობთ, არ იღებთ ვიტამინებს, ამიტომაა მეორე ტალღა უფრო საშიში, ვიდრე - პირველი. მთელი ყურადღება, დიახ, უნდა იყოს COVID-19-ზე, მაგრამ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს, რათა ის ამ სხვა გამოწვევებს გაუმკლავდეს, რომელიც ახალი კორონავირუსის შემდეგ წამოვა.

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - გიორგი ფხაკაძე

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს