ავტორი:

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ - რა შემცირდება და რომელი რეგიონები დაზარალდებიან

რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ - რა შემცირდება და რომელი რეგიონები დაზარალდებიან

წესრიგი, რომელიც ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, დღესდღეობით მთლიანად კორონავირუსს ექვემდებარება. უზარმაზარმა ცვლილებებმა შესაძლოა, პანდემიის დამარცხების შემდეგაც დატოვოს კვალი.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი იქნება კორონავირუსის შემდეგ მსოფლიო და საქართველო, და გამოჰყო მთავარი სფეროები, სადაც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება და გარემო.

პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიო ეკონომისტებმა ივარაუდეს, რომ კორონავირუსი "უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე - მოკლავს". გაეროს პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკას COVID-19-ის აფეთქება მინიმუმ, 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პანდემიამ შესაძლოა, ეკონომიკური საქმიანობის წარმოების შემცირებას შეუწყოს ხელი. წარმოების შემცირება - გაყიდვების შემცირებას ნიშნავს, გაყიდვების შემცირება - სარგებელს ამცირებს, ამის შედეგი კი დასაქმების შემცირებაა.

თუ მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ნაკლები პროდუქტი გაიყიდება, რაც მოჯადოებულ წრეს ემსგავსება და შესაძლოა, ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეთ.

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევა მიუთითებს, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ეკონომიკური მომავალი კორონავირუსის შემდეგ.

ამავე კვლევაში ვკითხულობთ, როგორ განვითარდა ეკონომიკური მოვლენები მსოფლიოში პანდემიის შემდეგ:

  • სააქციო ბაზრებზე მაღალი მერყეობა დაფიქსირდა, აქციების ფასები ერთ დღეს მკვეთრად იზრდება, მეორე დღეს კი რეკორდულად ეცემა;
  • მსოფლიოს მასშტაბით კომპანიები ლიკვიდურობის დაკარგვის შიშით ფულად სახსრებს ინახავენ;
  • ქვეყნებმა მიიღეს მკვეთრი ზომები და შეზღუდეს საზღვარგარეთ მოგზაურობა და სოციალური ინტერაქცია;
  • ჯანდაცვის სისტემები იმ ქვეყნებში, რომელთაც ვირუსი ყველაზე მეტად შეეხო, ჩამოშლის ზღვარზეა;
  • ნავთობის ფასები დაეცა. ასეთი მკვეთრი ვარდნა 2016 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, რაც განაპირობა როგორც დაბალ მოთხოვნაზე მოლოდინებმა, ისე მიწოდების ზრდამ;
  • წარმოების პროცესები და ღირებულების ჯაჭვების კავშირები ჯერ აზიაში, მოგვიანებით კი ევროპასა და აშშ-შიც შეფერხდა;

ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე იმ სავარაუდო სცენარების შესახებ უყვება AMBEBI.GE-ს, რაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაში განვითარდეს უახლოეს მომავალში:

- ყველა განვითარებული ქვეყანა მაინც ეკონომიკის ფისკალურ და მონეტარულ სტიმულირებას მიმართავს - კომპანიებისთვის შეღავათების გაწევა, ჩვენს შემთხვევაში, დღგ-ს დაბრუნება, სხვადასხვა საშემოსავლო გადასახადის გადავადება და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში სოციალური პრობლემები წინა პლანზეა, რაც არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ნებისმიერი დახმარება მიმართული უნდა იყოს ადამიანებსა და კომპანიებზე, ვინც ამ დროს დაზარალდა. რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოგვიწევს ჩვენი რესურსებით და შემდეგ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ამ ყველაფრის გადახდა.

ISET-მა კვლევა რამდენიმე მიმართულებით ჩაატარა. გვქონდა გათვლილი სამი სცენარი, რა ზიანი მიადგება კორონავირუსის გამო ტურიზმის სექტორს. პირველი სცენარი ითვალისწინებს, რომ ვირუსი მაისის ბოლოს დამთავრდება და ტურიზმი აღდგება, ამ შემთხვევაში ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მხოლოდ ტურიზმის გავლით, ძალიან მცირე იყო - დაახლოებით 514 მლნ დოლარის ზარალი, რაც 1%-ით ამცირებდა მშპ-ს.

VIDEO: რა მასშტაბის დარტყმისთვის უნდა იყოს საქართველო მზად: 3 სცენარი შესაძლო დანაკარგების შესახებ ISET-ისგან

ყველაზე პესიმისტური სცენარია, რომ სექტორი მთელი წლის განმავლობაში იქნება შეჩერებული. 3 კვირის წინ, როცა ეს კვლევა ჩავატარეთ, ეს სცენარი ძალიან პესიმისტურად ჩანდა, ახლა კი შეიძლება, რეალისტურიც ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში, ტურიზმის დანაკლისი 2 მილიარდი დოლარი უნდა იყოს, რაც მშპ-ს 5.4%-ით შეამცირებს. თუ ეს სცენარი განვითარდა, მხოლოდ ტურიზმის სექტორის გავლით საქართველოს მშპ 2020 წელს უარყოფით ზრდას დააფიქსირებს

ეს განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონზე იქონიებს დიდ გავლენას უმუშევრობისა და შემოსავლების დაკარგვის კუთხით - თბილისი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და ალბათ, იმერეთი

ასევე, ჩვენი ვარაუდით, დიდი დანაკლისი ექნებათ ადამიანებს, რომლებიც უცხოეთიდან ფულად გზავნილებს იღებენ. გზავნილების დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, ასევე, საბერძნეთიდან და იტალიიდან, ამერიკის წილიც გაზრდილია. ყველა ამ ქვეყანაში პანდემია ფართოვდება, მკაცრდება ეკონომიკური პოლიტიკა, მოქალაქეები შემოსავლებს კარგავენ, რაც ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე იქონიებს გავლენას.

აქ რამდენიმე დაშვება გვაქვს: პირველი სცენარით, 10%-ით შემცირდება ფულადი შემოსავლები, მეორის მიხედვით - 30%-ით და მესამე შემთხვევაში - 50%-ით. საქართველო დაახლოებით 100-დან 600 მილიონამდე დოლარს დაკარგავს, ამას დიდი ზეგავლენა ექნება მოხმარებაზე, რადგან ფულადი გზავნილების დაახლოებით 80% სამომხმარებლო ხარჯებში მიდის. ჩვენი გათვლებით, სამომხმარებლო ხარჯები უკიდურეს შემთხვევაში, 5.5%-ით შემცირდება.

მშპ-ზე უფრო რთულია ვარაუდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წელს მოიხმარს ნაკლებ პროდუქტს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კეთილდღეობა შემცირდება

გავაკეთეთ მცირე მათემატიკური გათვლებიც - როგორ კავშირშია საქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკასთან. ღია ეკონომიკა ვართ და ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყნებში მომხდარი ეკონომიკური ძვრები ჩვენზეც ახდენს გავლენას. მივიღეთ, რომ გლობალური პანდემიის უარესი სცენარის შემთხვევაში 2020 წელს ეკონომიკური ზრდა 0.8%-მდე იქნება" - ამბობს ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის

"ვაი, ამ ჩვენი სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს... პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

"ბავშვებიც სულ მეკითხებიან, სად არის? მასთან ყოველი კომუნიკაცია აცრემლებული თვალებით მთავრდება" - ინფექციონისტის შვილის უმძიმესი ინტერვიუ

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი