ავტორი:

რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ

რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ

კორონავირუსის ახალი ტიპი, COVID-19 ძირითადად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისას ვრცელდება - მაშინ, როცა ვესაუბრებით ახლო მანძილზე, როცა ის ჩვენს სიახლოვებს ახველებს, ან აცემინებს.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის - კორონავირუსით დაინფიცირების წყარო, შესაძლოა, ის ზედაპირიც გახდეს, რომელზეც ვირუსი მოხვდება - მაგალითად, ფული, კიბის მოაჯირი ან ლიფტის ღილაკები... დაინფიცირდებით, თუ ხელს ჯერ ასეთ ზედაპირს, ხოლო შემდეგ სახეს, თვალს, ან ცხვირს შეახებთ. სწორედ ამიტომ აქვს ხელების ჰიგიენას განსაკუთრებული მნიშვნელობა.

  • რა განაპირობებს COVID-19-ის გამძლეობას და რამდენ ხანს ცოცხლობს ის სხვადასხვა სახის მყარ ზედაპირზე?

ზედაპირზე კორონავირუსის გამძლეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გადამწყვეტი ფაქტორებია ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ზედაპირის სახეობა.

აუცილებელია ზედაპირების რეგულარული გაწმენდა და გასუფთავება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე კვლევა. გაგაცნობთ ექსპერტების მიერ ყველაზე სანდოდ მიჩნეული კვლევების შედეგებს, რომელსაც გამოცემა Business Insider აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, 2 აპრილს ჟურნალ The Lancet Microbe-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID-19 ქაღალდის ზედაპირიდან 3 საათში გაქრა. 2 დღე გაძლო მან ხისა და ტანსაცმლის ზედაპირზე, 4 დღე მინაზე და ქაღალდის ფულზე (შენიშვნა: ის, თუ რატომ ძლებს COVID-19 ფულის კუპიურაზე უფრო მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივ ქაღალდზე, ჯერ შესწავლის საგანია).

მკვლევარების მიერ შემოწმებულ მასალებს შორის, კორონავირუსმა ყველაზე დიდხანს - 7 დღე გაძლო სამედიცინო პირბადის გარე ზედაპირზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კიდევ ერთი კვლევის შედეგი New England Journal of Medicine-ში 17 მარტს გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით, ვირუსს შეუძლია 4 საათი გაძლოს სპილენძზე, 1 დღე მუყაოზე, 3 დღე პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე. აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევის დროს, სპეციალისტებმა კორონავირუსის გამძლეობა შეისწავლეს 65%-იანი ტენიანობისა და 21°C-ის ტემპერატურის პირობებში

იხილეთ ინფოგრაფიკა, სადაც ორივე კვლევის შედეგია ნაჩვენები:

  • ჰაერის ტემპერატურის როლი კორონავირუსის გამძლეობაზე

ერთ-ერთი ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19 ორი კვირა ძლებს 4°C ტემპერატურაზე, ხოლო 37°C-ზე ერთი, ან ორი დღე.

რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მცირდება ვირუსის გამძლეობა.

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, +56 გრადუსზე კორონავირუსი 30 წუთში, ხოლო +70 გრადუსზე ხუთ წუთში კვდება.

  • რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი საკვებ პროდუქტებზე და შესაძლებელია თუ არა, ადამიანი საკვებით დაინფიცირდეს?

ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი ხილის, ან ბოსტნეულის ზედაპირზე, მაგრამ იმის შანსი, რომ ის პროდუქტზე მოხვდეს და ადამიანს გადაედოს, ნამდვილად არის.

ამის შესახებ წერს კანადური გამოცემა Globalnews. გამოცემასთან საუბრისას ეპიდემიოლოგი და ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი, ექიმი ჯეფ უონგი ამბობს, რომ თუ ვირუსით ინფიცირებული ადამიანი სურსათის მაღაზიაში დაახველებს, ან დააცემინებს, დიდია იმის შანსი, რომ COVID-19 საკვებზე მოხვდება.

ჯეფ უონგი გვირჩევს, რომ თავის დაზღვევის მიზნით, კონტეინერში მოთავსებული და შეფუთული პროდუქტი ვიყიდოთ და არა მაღაზიის თაროზე უწესრიგოდ, ყოველგვარი დამცავი საშუალების გარეშე მოთავსებული საკვები. ექსპერტის თქმით, ასე უფრო დაცულები ვიქნებით.

  • უნდა გამოვიყენთ თუ არა ბოსტნეულისა და ხილის გასარეცხად ჟელე, ან საპონი?

კორონავირუსის საფრთხის გამო, მკაცრად ვიცავთ ჰიგიენის წესებს. ზოგიერთი კი, ხილისა, თუ ბოსტნეულის გასარეცხად ჟელესა და საპონს იყენებს. თუ თქვენ ასე იქცევით და თან გტანჯავთ კითხვა - უნდა რეცხავდეთ თუ არა პროდუქტებს საპნით, მარტო არ ხართ. მსოფლიოში დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს იგივე კითხვა.

საკვების უსაფრთხოების ექსპერტი, კანადელი მკვლევარი ჯეფ ფარბერი ამბობს, რომ პროდუქტი არანაირი სარეცხი საშუალებით არ უნდა გარეცხოთ. თუ საპნით გარეცხილ საკვებს მიირთმევთ, ამან შეიძლება გულისრევა, პირღებინება, დიარეა და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ის გირჩევთ, რომ პროდუქტი გარეცხოთ გამდინარე, ცივი წყლით და ხელით.

გამდინარე წყალში გარეცხვისას პროდუქტს ვირუსებისა და ბაქტერიების 90-დან 99%-მდე შორდება

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში ჰიგიენის დაცვა. დაიბანეთ ხელები მაშინვე, როცა მაღაზიიდან სახლში დაბრუნდებით. ფარბერი ასევე გირჩევთ, საკვების მომზადებამდე კარგად გარეცხოთ ყველა ის ჭურჭელი, ყველა ნივთი, რომელიც საჭმლის მოსამზადებლად გჭირდებათ.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ან ჭურჭლისთვის განკუთვნილი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო პროდუქტები.

გამოცემა huffpost.com საკვების უსაფრთხოების ექსპერტებზე დაყრდნობით, იგივე რეკომენდაციებს გვაძლევს. საკმარისია ხელის მოძრაობით გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ პროდუქტები. ლიმონის, კიტრის, სტაფილოს და ა.შ გასარეცხად შეგიძლიათ შესაბამისი ჯაგრისიც გამოიყენოთ, მაგრამ ისე, რომ პროდუქტი არ დააზიანოთ.

საკვების უსაფრთხოების ექსპერტი, ბენ ჩეპმენი huffpost.com-თან ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, ზოგადად, პროდუქტის გამდინარე წყალში გარეცხვისას, მას ვირუსებისა და ბაქტერიების 90-დან 99%-მდე შორდება.

  • აქვს თუ არა საკვების გარეცხვის დროს მნიშვნელობა წყლის ტემპერატურას?

იდეალურია, თუ პროდუქტს ცივ წყალში, ხელით კარგად გარეცხავთ. ბევრი ადამიანი პროდუქტს თბილ, ან ცხელ წყალში რეცხავს და თვლიან, რომ ვირუსი ასე მოკვდება, მაგრამ რეალურად, იმისთვის, რომ ვირუსები და ბაქტერიები მოკვდეს, ისეთი ტემპერატურის წყალია საჭირო, რომელიც ხელსაც დაგწვავთ და პროდუქტსაც დააზიანებს.

მაგალითად, თუ კიტრს ადუღებული წყლით გარეცხავთ, ის დაკარგავს გემოს და საჭმელად ვარგისი აღარ იქნება, ამიტომაც ჩეპმენი გვირჩევს, რომ უბრალოდ ცივი გამდინარე წყლით და ხელის მოძრაობით კარგად გარეცხოთ. მისი თქმით, ეს სავსებით საკმარისია.

ინფოგრაფიკა: ლევან ტაბატაძე

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი