ავტორი:

"პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილი, სიგარეტს მოუკიდა და აუალდა" - როგორ მუშაობს დამწვრობის ცენტრი პანდემიისას და რატომ იმატა დამწვრობამ ბავშვებში

"პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილი, სიგარეტს მოუკიდა და აუალდა" - როგორ მუშაობს დამწვრობის ცენტრი პანდემიისას და რატომ იმატა დამწვრობამ ბავშვებში

მაშინ, როდესაც ინფექციონისტები, ეპიდემიოლოგები, ვირუსოლოგები ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან, ალბათ ისიც საინტერესოა, რა ხდება სხვა პროფილის მქონე კლინიკებში, იქ სადაც ვირუსიან პაციენტებს არ მკურნალობენ, იკლო თუ არა ავადმყოფების რაოდენობამ, ან რა სახის დაავადებებით აკითხავენ საავადმყოფოებს ადამიანები. ამჯერად დამწვრობის ცენტრით დავინტერესდით და ბატონ გუგა ქაშიბაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

გარდა იმისა, რომ ბატონი გუგა ექიმია, კარგად ხატავს კიდეც, ბოლო წლებში მის შემოქმედებაში კარიკატურული ჟანრის ნამუშევრებიც გაჩნდა. ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე კი მისი კარიკატურები მხოლოდ „კოვიდ 19“-ის თემას ეხება.

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, ინფექციონისტი ხარ თუ არა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ჩართულია დაავადებასთან ბრძოლაში. თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის საქციელი საბოლოოდ შედეგზე აისახება. თუ არ დავიცავთ აუცილებელ წესებს, რთულია, სტატისტიკაზე გავლენა მოახდინო. ცხადია, ამ ეტაპზე, წინა პლანზე ინფექციონისტები არიან, მაგრამ ამასთან, არც სხვა დარგის სპეციალისტები ვართ გაჩერებული. ბევრი პაციენტი გვყავს... ამ რთულ ვითარებაში თვეზე მეტია, ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობ, რომ ჩვენი კლინიკა იზოლაციაშია და პაციენტები მედპერსონალის გარეშეა დარჩენილი...

- როგორც ჩანს, მძიმე რეალობა უკვე ყველაფერზე ახდენს გავლენას, ამ შემთხვევაში სიზმარზეც...

- კი. დამწვრობის ცენტრი ამ მიმართულებით ერთადერთი სერვისია ქვეყანაში და ფაქტია, რომ ძალიან ბევრია სანერვიულო. ფრთხილად ვართ, რამდენად გამოგვდის, არ ვიცი. მხოლოდ ექიმები კი არა, სადღაც გამომძიებლის ფუნქიაც შევითავსეთ. დიდი დრო მიაქვს გამოკითხვას, ანამნეზის შეკრებას. არის კატეგორია, რომელებსაც სიმართლეს მარტივად ვერ ათქმევინებ. ექიმებს დაკვირვებული თვალი კი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაასმაგებულია ყურადღება... ძალიან შეიცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი. უცხოპლანეტელების შემოსვლას უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე იმას, რაც ახლა სამყაროში ხდება.

მაგრამ რას ვიზამთ, რაც უფრო ადრე შევეგუებით და მივიღებთ ამ რეალობას, უკეთესი იქნება.

- პაციენტების რაოდენობა შეგიმცირდათ?

- ჩვენთან პაციენტების რაოდენობამ მოიმატა. დამწვრობის ცენტრი დიდი დატვირთვით მუშაობს. დადგინდა, რომ ამ პერიოდში დამწვრობას განსაკუთრებით ბავშვები ღებულობენ, რადგანაც სახლში უწევთ ყოფნა. რაც უფრო ხშირად ვართ სახლში, მით მეტ დროს ვატარებთ სამზარეულოში და ხშირად ტრავმებს იქ ვღებულობთ. სამზარეულო სახლში ტრავმებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილია.

მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ფრთხილად იყვნენ - ახლა მართალია ყურადღება გლობალურ საფრთხეებზეა გადატანილი, მაგრამ ნუ მოდუნდებიან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენს ირგვლივ პატარა-პატარა საფრთხეებიც არსებობს.

- ბოლო პერიოდის შემთხვევებიდან რა იყო ისეთი, რამაც თქვენი ყურადღება გამორჩეულად მიიქცია?

- ყველა შემთხვევა განსაკუთრებულია, თუმცა იყო ასეთი, როცა პაციენტს სპირტით ჰქონდა ხელები იდაყვებამდე გაწმენდილ-დამუშავებული, მაგრამ სიგარეტს მოუკიდა და აუალდა. გულმოდგინება კარგია, მაგრამ თუ ამას არასწორ მიმართულებას მისცემთ, არასახარბიელო შედეგიც მოაქვს.

იყო ასეთი ფაქტებიც, როცა სადღაც გაიგეს, რომ კორონავირუსისთვის ცხელი წყლის მიღებაა კარგიო და დამდუღრული პაციენტებიც გვყავდა - ტუჩები, ენა დაიწვეს. როდესაც ამ ვირუსთან დაკავშირებით გაურკვეველია სიტუაცია, ასეთ დროს ალბათ ადამიანს ყველაფრის სჯერა... ფაქტია, რომ ამ COVID 19-ს ძალიან ბევრი ბუნდოვანება ახასიათებს და უამრავი მოსაზრებაა მასზე გაჩენილი. თან, რაც დრო გადის, კიდევ უფრო იხლართება რაღაცები.

- გამომძიებლობაც გვიწევსო - აღნიშნეთ - ეს იმისთვის, რომ შემთხვევით ვირუსიანი პაციენტი არ აღმოჩნდეს თქვენს კლინიკაში?

- დიახ და ვიძიებთ არა მარტო პაციენტის, არამედ თითოეული თანამშრომლის მდგომარებას, რომელიც კლინიკაში შემოდის, ხდება ტემპერატურის გაზომვა, ერთმანეთის გამოკითხვა, ასევე პაციენტების მეურვეებისაც, ვინც თავს ადგანან ავადმყოფებს. ამიტომ იმაზე მეტი კითხვის დასმა გვიწევს, ვიდრე ადრე ვსვამდით, რომ შეცდომის დაშვება ძვირად არ დაგვიჯდეს. ასე რომ, რისკ-ჯგუფს ყველანი წარმოვადგენთ, ვინც დღეს ადამიანებს ვეკონტაქტებით.

- ონლაინ თუ მკურნალობთ პაციენტებს, ანუ მათ ვინც საგანგებო სიტუაციის გამო კლინიკაში მოსვლას ვერ ახერხებს?

- რა თქმა უნდა, მარნეულის და ბოლნისის რაიონში რამდენიმე პაციენტს ფოტოსურათებისა და ვიდეოების მიხედვით ვუმკურნალეთ. როცა კლინიკაში აუცილებელი არ არის მოსვლა და ვნახულობთ ფოტოს, ვიდეოს და ასე ვურჩევთ შესაბამისი მკურნალობის კურსს. ამ მიმართულებით კურიოზიც იყო, - პაციენტი, რომელმაც ძლივს გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და კარანტინში იყო, დამწვრობა მიიღო, მაგრამ დამწვრობის ამსახველ ფოტოს ვერ გვიგზავნიდა, ვერც ერთ ენაზე ვერ გვაგებინებდა ვერაფერს, მისი მობილური ფოტოსაც ვერ იღებდა. ბოლოს როგორღაც მოვიპოვეთ ფოტო... საღამოობით როცა სასწრაფოს პაციენტი გადმოჰყავს და აღმოჩნდება, რომ ის ამბულატორიულად საჭიროებს მკურნალობას, სახლში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ამ დროს კომენდანტის საათი ქმნის პრობლემას. მათი უკან გადაყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ ევალება, მაგრამ როცა იმ პერიოდისთვის გამოძახება არ აქვთ, ცდილობენ, დაგვეხმარონ, ხან პატრული გვეხმარება და ასე ერთ გუნდად ვმუშაობთ, რისთვისაც მადლობა მათ. ჩვენი მოქალაქეების დახმარება ყველას ვალია, ვინც ქვეყნის სამსახურში ვდგავართ.

- გარდა იმისა, რომ თქვენს საყვარელ საქმეს ემსახურებით, ბოლო დროს აქტიურად ქმნით კარიკატურებს. მარტიდან ნამუშევრები ახალი კორონავირუსის თემაზე გაქვთ...

- არ ვიცი, დაემთხვა, თუ არა, მაგრამ ამას მეორე გოგონას, ფეფოს დაბადებას ვუკავშირებ. მეუღლე მასზე ჯერ კიდევ ორსულად იყო, რომ კარიკატურები აქტიურად დავიწყე. მას მერე უკვე სამი წელი გავიდა.

ეს ჟანრი ბავშვობიდანვე მომწონდა და ჟურნალ „ნიანგის“ დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. გული მწყდება, რომ კარიკატურა ჩვენთან დიდად პოპულარული არ არის და მივიწყებულიც კია. მოკლედ, კარიკატურების მიმართულებით ვაქტიურობ და მინდა, მჯეროდეს, რომ ჩემი ნამუშევრები ადამიანებს მოსწონთ.

სათქმელს ზოგი სიტყვით გამოხატავს, ნაწილი - შესაძლოა, კარიკატურითაც - ქვეცნობიერიდან მოქმედებს. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ნამუშევრები ამ ფუნქციას შეასრულებს. ახლა ვისაც როგორ შეგვიძლია, ერთმანეთს სწორი მაგალითები უნდა მივცეთ. ეს ის „ბრძოლაა“, რომელშიც ადამიანის ქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სიტუაციაში თითოეულს თავის საქციელით შეაქვს წვლილი. მთავარი ის არ არის, რომ ვირუსი გავრცელდა. ისიც ცოცხალი არსებაა, გამრავლებისთვის მასაც ხელსაყრელი პირობები შეექმნა, ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა, რომ ასე გავრცელებულიყო, მაგრამ ესეც გადაივლის, მინელდება, ვაქცინას გამოვიგონებთ. მძიმე რეალობა გვაქვს, მაგრამ საინტერესო და ამიტომაც არის ჩვენი ცხოვრება გამოწვევებით სავსე.

- რა პერიოდულობით ქმნით კარიკატურას?

- როცა კალმებით, სახატავ ფურცელზე, საღებავებით ვხატავდი, მაშინ ცოტას ვქმნიდი. ბოლო პერიოდში სპეციალურად ისეთი ტელეფონი შევიძინე, რომელშიც ვხატავ. შემიძლია კარიკატურა ოპერაციებს შორის შუალედში შევქმნა, ან კაბინეტში დასვენებისას, გზაში მანქანაც კი გადამიყენებია და ჩანახატი გამიკეთებია, რადგანაც მერე შიძლება ის ვეღარც გაიხსენო...

მოკლედ, ტელეფონში მუშაობამ პროდუქტიულობა გაზარდა.

- ნამუშევრებში საკმარისადაა ირონია, ვინმე ხომ არ განაწყენებულა და საყვედური ხომ არ მიგიღიათ?

- კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ამას ვგრძნობ ხოლმე, ადამიანის ბუნება ისეთია, ხშირად შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რომელზეც სერთოდ არც მიფიქრია და ვიღაცას იმაზე გაუკეთებია აქცენტი, მაგრამ ისეთი რამ ვერ დაუნახავთ, რაც მინდოდა, შეემჩნიათ. ყველას მოსაწონს ვერასდროს გააკეთებ.

- კორონავირუსის თემაზეც საკმაოდ ბევრი კარიკატურა დაგიგროვდათ.

- კი, დისტანციის დაცვა იქნება ეს, ხელის დაბანა, პირბადე თუ სხვა, თემა ბევრია, ახლა სხვა ხასიათი არც მაქვს, რომ სალაღობოები შევქმნა.

დღეს ლამის საომარ ვითარებაში ვართ - ბავშვებსაც აღარ ეტყობათ ძველებური სილაღე. გინდა თუ არა, დაძაბულობა გადამდებია... არავინ იცის, ექსტრემალურ სიტუაციუაში ვინ როგორ გამოხატავს თავის გრძნობებს, ეს იდივიდუალურია. ვიღაც არღვევს წესებს, ეს ბუნებრივიცაა და ყველასი მეტ-ნაკლებად მესმის კიდეც...

- რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

- ჯანმრთელობას, ერთიანობას. ყველა გრძნობს, რომ ახლა ერთმანეთის გვერდში დგომაა საჭირო იმ კუთხით, რომ ყველამ ის რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, რასაც გვაწვდიან. ვისურვებდი, რომ ერთმანეთზე ასეთი ზრუნვა დიდხანს გაგვყოლოდეს. ერთმანეთს ნუ დავუპირისპირდებით და გავლანძღავთ, დავინდოთ, ვიმეგობროთ. მინდა, ყველას გამარჯვება ვუსურვო - თქვენს მკითხველს, თქვენც და ჩემს თავსაც!

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი

ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი – საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აბიტურიენტებში ძალიან პოპულარულია