ავტორი:

პაციენტები სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ - კორონავირუსის მორიგი შემთხვევა თბილისის კლინიკაში

პაციენტები სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ - კორონავირუსის მორიგი შემთხვევა თბილისის კლინიკაში

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, იგივე კლინიკა "თიმში", კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინფორმაციით, ვირუსი კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც კაჭახიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კოვიდ-19 დაუდასტურდა ასევე კლინიკის კიდევ ორ პაციენტს, რომელთა ინფიცირებაც, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან მოხდა.

"მეტი ალბათობით, სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალისგან მოხდა პაციენტების ინფიცირება. თავად ამ სამედიცინო პერსონალის წყარო არის ჩვენი ერთ-ერთი ექთანი, რომელმაც შემოიტანა ინფექცია კლინიკაში და რომელიც თავისთავად ინფიცირებული იყო მისი ძმისგან, სასულიერო პირისგან და უკვე ამ ერთისგან მოხდა გავრცელება სხვა თანამშრომლებზე და ორ პაციენტზე, რაც გვაქვს მონაცემები”, - განაცხადა კაჭახიძემ.

მისივე თქმით, მედპერსონალსა და პაციენტებს შორის დაცული იყო უსაფრთხოების ის ნორმა, რომელიც საჭიროა ისეთ შემთხვევაში, სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფექცია.

"არსებობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც კლინიკას და შემდგომ მედპერსონალს აქვს მითითებული. ეს უსაფრთოების ნორმები არის დამოკიდებული იმაზე, რა დიაგნოზი აქვს პაციენტს და რა პროცედურა ტარდება.

არსებობს უსაფრთხოების ნორმები, როცა არის ურთიერთობა სავარაუდოდ კოვიდინფიციებულ პაციენტთან, არსებობს უსაფრთხოების ნორმები, როცა არის ურთიერთობა დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, კიდევ სხვა უსაფრთხოების ნორმებია, როცა კოვიდინფიცირებულთან გარკვეული სხვადასხვა სახის პროცედურები ტარდება. რაც შეეხება ამ ურთიერთობას რაც იყო ჩვენს მედპერსონალსა და პაციენტებს შორის, აქ იყო ის უსაფრთხოების ნორმები დაცული, რომელიც საჭირო იყო ჩვეულებრივ ექთანსა და პაციენტს შორის და სადაც არ ფიგურირებს კოვიდინფიცირებული.

მთელი ამ ჩვენი ქეისის ვერაგობა ის იყო, რომ ჩვენ გვყავდა ინფიცირებული ექთანი, რომელიც იყო აბსოლუტურად არასიმპტომური და ამის შესახებ ინფორმაცია არავის გვქონდა, აქედან გამომდინარე მოხდა ის ფაქტები, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ”, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

როგორც კაჭახიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კლინიკა დროებით დაიხურება. მისი ინფორმაციით, კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.

"დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი - კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, - განაცხადა კაჭახიძემ.

შეგახსენებთ, საუბარია თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვრის ოჯახზე, სადაც მღვდლის გარდა კიდევ ორი პირი - მისი და და დისშვილი არიან ინფიცირებულნი. როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნებოდა, სახლის პირობებში მკურნალობდა საკუთარი და, რომელიც მედიკოსია და კლინიკა "თიმის" თანამშრომელია.

"საქართველო ძალიან მიყვარხარ" - პატრიარქი

"ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართ" - პატრიარქი

LIVE: სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში