ავტორი:

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გამოგაზვნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში საქართველოს მოქალაქის დაინფიცირების მხოლოდ ეს ერთი ფაქტია ცნობილი.

„COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინის რეჟიმი, რაც თავის მხრივ ასევე ითვალისწინებს კარანტინის რეჟიმს საპატიმრო დაწესებულებებში. საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სათანადო მზრუნველობა, ასევე ვირუსისგან დაცვის ღონისძიებების გატარება თითოეული ქვეყნის ვალდებულებაა.

ასევე პატიმრის მოთხოვნის საფუძველზე, ეცნობება შესაბამის საკონსულო დაწესებულებას პატიმრის საჭიროებების შესახებ ან/და უზრუნველყოფილია პატიმრის დაკავშირება მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებასთან.

ამ დროისათვის უცხო ქვეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი - ნორვეგიის საპატიმრო დაწესებულებაში, რომელსაც უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, სისტემატურად აწარმოებენ საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგს, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა წარმოადგენს მათ ერთ-ერთ სამსახურებრივ ვალდებულებას. შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, პატიმართა მონიტორინგი, ასევე, მიმდინარეობს დღესაც.

„რაც შეეხება ცალკეული ქვეყნების მხრიდან საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი გარკვეული კატეგორიის მსჯავდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, (მსგავსი გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო თურქეთმა) ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ ადგილსამყოფელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იმასთან დაკავშირებით, თუ რა კატეგორიის პატიმრებს ეხება აღნიშნული დადგენილება და მათ შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

ირაკლი ორქუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს