ავტორი:

კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისში შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისში შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, დაწესებული რეგულაციების გაუქმების შემდეგ, კვირაში ორი დღე, შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

კალაძის თქმით, ამით გარკვეულწილად შესაძლებელი იქნება იმ გაუმჯობესებული მონაცემების შენარჩუნება ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, რაც ახლაა დედაქალაქში.

"როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებენ მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს იდეა და გვინდა კითხვის სახით დავსვათ, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით - კვირაში ორი დღის განმავლობაში ხომ არ გავაკეთოთ კერძო ავტომობილების აკრძალვა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ აუცილებლობის პირობებში თავისუფლად შეძლონ გადააადგილება ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი?

მაინტერესებს მოსახლეობის აზრი. ეს უბრალოდ ჩვენი იდეაა, ამას დახვეწა დასჭირდება და ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და გვექნება ინტერაქტივიც. საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ შევინარჩუნოთ ეს მონაცემები, რაც არის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეკოლოგიოური მდგომარეობა არის ძალიან გაუმჯობესებული. დარგის სპეციალისტები ხუმრობდნენ, რომ თბილისში, როგორც ბახმაროში ისეთი ჰაერია დღეის მდგომარეობით, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს. ამას სჭირდება მოფრთხილება.

ეს არის ჩვენი წინადადება, რომელიც იქნება განხილვადი მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას და ხომ არ გავაკეთოთ ორი დღის განმავლობაში აკრძალვა კერძო ავტომობილების შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, ამას დახვეწა სჭირდება და რაღაცების გათვალისწინება მოგციწევს ისე, რომ პრობლემა არ შევქმნათ“, - განაცხადა კალაძემ.