ავტორი:

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსული ელიტის ცნობილი სახეები, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 58 000-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის, "ჩვეულებრივ მოკვდავებთან" ერთად რუსული შოუბიზნესის და პოლიტიკის ცნობილი სახეებიც აღმოჩნდნენ. ტელეკომპანია "360tv.ru" იმ რუსი ცნობილი სახეების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სტას მიხაილოვი - მომღერალი, კომპოზიტორი

50 წლის ხელოვანმა 13 აპრილს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ეს მისმა ანალიზებმა აჩვენა. მომღერლის ინფორმაციით, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, თუმცა COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა თავდაპირველად უარყოფითი პასუხი აჩვენა.

პიოტრ ტუშკევიჩი - სერფერი

მსოფლიო ჩემპიონი კაიტსერფინგში პიოტრ ტუშკევიჩი ასევე დაავადდა კორონავირუსით. მას ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა და ახლა თავს კარგად გრძნობს. ტუშკევიჩმა საავადმყოფოში სამი კვირა გაატარა, ახლა კი სახლშია თვითიზოლაციაში.

იანინა ბუგროვა - მსახიობი

ტელესერიალების რუსი მსახიობი კორონავირუსით სოჭის სამთო კურორტზე "როზა ხუტორზე" დაავადდა, სიმპტომები კი მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. ახლა ბუგროვა საკუთარ სახლში კარანტინში იმყოფება, რადგან დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ლევ ლეშენკო

რუსეთის სახალხო არტისტს, 78 წლის ლევ ლეშენკოს ახალი კორონავირუსი 24 მარტს დაუდასტურდა.

მარტის შუა რიცხვებში ლეშენკო და მისი მეუღლე აშშ-სა და კანადაში იმყოფებოდნენ, იქედან მარსელში გადაფრინდნენ და ამის შემდეგ დაბრუნდნენ მოსკოვში. წყვილმა მალევე მიმართა საავადმყოფოს, რადგან დაავადების ნიშნები ჰქონდათ, 24 მარტს კი ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აღენიშნება პნევმონია და მძიმე მდგომარეობის გამო, რეანიმაციაში მოათავსეს.

  • საეჭვო შემთხვევები

ლუდმილა ნარუსოვა - სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის ანატოლი სობჩაკის ქვრივი

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედამისი ლუდმილა ნარუსოვა საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს, თუმცა ეჭვი კორონავირუსზე არ დადასტურდა და ექიმებმა უთხრეს, რომ ქალს პნევმონია აქვს.

ამის შემდეგ სობჩაკს ეჭვი გაუჩნდა, ხომ არ იმალება ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.

"ექიმი არ ვარ, მაგრამ უეცრად შუახნის ადამიანებს ორმხრივი პნევმონია როგორ აღმოაჩნდათ? რა გამოდის, რომ კორონავირუსი არადა, ორმხრივი პნევმონიის ეპიდემია გვაქვს?" - დაწერა სობჩაკმა.

კორონავირუსის შესახებ ტელეწამყვანს თავადაც გაუჩნდა ეჭვი. მისი თქმით, დაავადება სავარაუდოდ დეკემბერში გადაიტანა, როცა ძალიან მძიმედ იავადმყოფა. თუმცა, ექიმებმა მას ატიპიური პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და ანტიბიოტიკებით უმკურნალეს.

ლერა კუდრიავცევა - ტელეწამყვანი

რუსული შოუბიზნესის ცნობილი სახე მარტში კომპოზიტორ იგორ კრუტოის დის, ალლა კრუტაიას დაბადების დღეზე ბომონდის ასობით წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა. მაშინ სტუმრები სამედიცინო ნიღბების გარეშე იყვნენ და უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რადგან 14 მარტს რუსეთში რაიმე შეზღუდვების შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა.

თუმცა, რადგან ღონისძიებაზე კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი ლევ ლეშენკო იმყოფებოდა, კუდრიავცევამ ტესტის გაკეთება გადაწყვიტა. მოგვიანებით, მას ჟურნალისტი დაუკავშირდა COVID-19-ის ტესტის პასუხთან დაკავშირებით, რაზეც ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ ექიმები ტესტის გაკეთებიდან სამ დღეში უნდა დაკავშირებოდნენ და რადგან არ დაუკავშირდნენ, ჩათვალა, რომ კორონავირუსი არ აქვს.

ნატალია ვეტლიცკაია

მომღერალი ნატალია ვეტლიცკაია, რომელიც ესპანეთში იმყოფება, ფიქრობს რომ COVID-19 გადაიტანა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში მოხვდა მაღალი ტემპერატურითა და მშრალი ხველით, ექიმებმა დიაგნოზის დადგენა ვერ შეძლეს, თუმცა არ გამორიცხეს, რომ მას კორონავირუსი აქვს.

ნადეჟდა ბაბკინა

საავადმყოფოში მოხვდა რუსეთის სახალხო არტისტი ნადეჟდა ბაბკინაც. მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. კორონავირუსზე ჩატარებულმა პირველმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმხრივი პნევმონიის გამო მომღერალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. მოგვიანებით, ბაბკინას მეუღლემ ევგენი გორმა განაცხადა, რომ მომღერალი 6 აპრილის შემდეგ სახლშია და მას კორონავირუსი არ დადასტურებია.

კორონავირუსით გარდაცვლილები

ვირუსმა რუსეთში რამდენიმე ცნობილი სახე იმსხვერპლა. მათ შორის - გიტარისტი კონსტანტინ შუკინი, რომელიც 5 დღის განმავლობაში იყო შეერთებული ხელოვნური სუნთვის აპარატზე და 13 აპრილს გარდაიცვალა.

ასევე, "ერთიანი რუსეთის" წევრი ივან ჟუკოვი. 63 წლის ჟუკოვი დუმის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის დეპუტატი იყო.

კორონავირუსით გარდაიცვალა რუსი რეჟისორი ივან შეგოლევიც. ის ფილტვების უკმარისობით დაიღუპა მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში ათდღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ.

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა