ავტორი:

"აშშ-ში ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა" - ზურაბ გურული ამერიკულ წარმატებაზე (საარქივო ინტერვიუ)

"აშშ-ში ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა" - ზურაბ გურული ამერიკულ წარმატებაზე (საარქივო ინტერვიუ)

კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, საქართველომ სამედიცინო სფეროს უამრავი წარმომადგენელი გაიცნო. თუ აქამდე "ვარსკვლავები" შოუბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ, ცნობილი სახეები ექიმებმა ჩაანაცვლეს ეკრანებსა თუ სოციალურ ქსელებში.

გავიცანით უცხოეთში მომუშავე ბევრი ქართველი ექიმიც, რომლებიც ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ კლინიკებსა და ლაბორატორიებში მუშაობენ და უშუალო შეხება აქვთ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან.

მათ შორისაა ზურაბ გურული, აშშ-ს მონტგომერის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპისა და ლუიზიანას უნივერსიტეტების პროფესორი, რომელიც მისი ფეისბუქ-პოსტებისა და სატელევიზიო გაამოსვლების გამო, კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა.

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა COVID-19-ის მკურნალობის ქართული პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენება მკაცრად გააკრიტიკა და ამ კონტექსტში თენგიზ ცერცვაძის შესახებაც ისაუბრა, რის შემდეგაც მას ცერცვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ბატონი გურული ტყუის და თან უსინდისოდ".

რადგან გურულის პერსონა ბევრის ინტერესს იწვევს, გადავწყვიტეთ მის შესახებ მეტი გიამბოთ. ამაში საარქივო ინტერვიუ დაგვეხმარება, რომელიც ჟურნალმა "გზამ" 2013 წელს ჩაწერა ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ექიმთან. გურულს მეუღლე და ორი ზრდასრული შვილი ჰყავს, ერთი მათგანი მამის გზას გაყვა და მედიცინის სფერო აირჩია სამუშაოდ.

გთავაზობთ ამონარიდებს საარქივო ინტერვიუდან, სადაც ზურაბ გურული საქართველოში მიღებულ განათლებასა და ამერიკულ კარიერაზე საუბრობს:

- პირველად ამერიკაში 1995 წელს გავემგზავრე. მანამდე, საქართველოში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასპირანტურაში ჩავაბარე. დისერტაციაც დავიცავი, რის შემდეგაც, სრულიად შემთხვევით გაჩნდა იმის შანსი, რომ ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში, ნიუ-ორლეანის საბავშვო საავადმყოფოში გამევლო პრაქტიკა.

ვმუშაობდი სხვადასხვა კვლევაზე და პარალელურად, სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი. სპეციალური ლიცენზიის გარეშე არ შეიძლებოდა, პაციენტთან უშუალო კონტაქტი მქონოდა.

- ალბათ დიდია განსხვავება ჩვენსა და ამერიკულ სამედიცინო განათლების სისტემებს შორის...

- ნამდვილად. ამერიკაში ბაკალავრიატი ოთხწლიანია და მისი დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში აგრძელებენ სწავლას. კონკურსი ძალიან დიდია. რეზიდენტურაში მოსახვედრად, მაღალი ქულების აღებაა საჭირო. მე ძალიან ძლიერ კონტინგენტთან მომიხდა შეჭიდება.

როგორც გითხარით, თავიდან 1 წლით გავემგზავრე ამერიკაში, რის შემდეგაც დავბრუნდი და იაშვილის კლინიკაში განვაგრძე მუშაობა. სურვილი იმისა, რომ ამერიკელებივით კარგი და ხარისხიანი განათლება მიმეღო, იმდენად ძლიერი იყო, რომ მერე ხანგრძლივი დროით გავემგზავრე და მიჩიგანის უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა.

- რამდენად გამოგადგათ საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლება?

- კარგი კითხვაა. იმ დროს, როდესაც საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, ამერიკა ამ სფეროში დაახლოებით, 30 წლით წინ იყო. ძალიან ბევრ განათლებულ ექიმს თანამედროვე მედიცინაზე მორგებული სახელმძღვანელოები ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ის წიგნები მოსკოვში უნდა დაბეჭდილიყო, ეს პროცესი კი, როგორც წესი, 15 ან 20 წლით იწელებოდა, ამასობაში მედიცინა წინ მიიწევდა და სახელმძღვანელოც ძველდებოდა.

აქედან გამომდინარე, ჩემი სწავლის პედიოდში ლიტერატურის მოძიებაც რთული იყო. არ მიგვიწვდებოდა ხელი საერთაშორისო ბიბლიოთეკებზე - ინტერნეტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც შეეხება ბაზისურ მეცნიერებებს, მაგალითად - ანატომიას, ყველგან ერთნაირად ისწავლებოდა. პრაქტიკის მიღების თვალსაზრისით, 25 წლით ჩამოვრჩებოდით ამერიკას. აშშ-ში ჩასვლისთანავე ძალიან ბევრი რამის სწავლა თავიდან მომიხდა. გარდა ამისა, ამერიკელებს დაუნდობელი პრაქტიკული წვრთნის პროცესი აქვთ, ეს განსაკუთრებით ქირურგიულ სპეციალობებზე იგრძნობა.

პირველად საოპერაციოში რომ შევედი და წვერგაუპარსავი, თვალებჩაცვენილი, მოუწესრიგებელი ახალგაზრდები დავინახე, შემეშინდა... ერთი თვის შემდეგ მეც ისეთივე მდგომარეობაში ვიყავი

ერთხელ, ძალიან გამოცდილმა და ასაკოვანმა ექიმმა მითხრა: ექიმად ჩამოყალიბებისთვის არ კმარა მხოლოდ სურვილი, ამისთვის საჭიროა, მუშაობის რთულ პირობებშიც შეინარჩუნო აზროვნების სისხარტე და ფიზიკური გამძლეობაო. ოპერაცია ხშირად 13 საათს გრძელდებოდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა გვიწევდა! დამოუკიდებლად მუშაობა რომ დავიწყე, მაშინ მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის წვრთნა, რასაც რეზიდენტობის პერიოდში გავდიოდი.

საქართველოში ასეთი მიდგომა არ არის. ჩვენში მრავლად არიან 22 წლის ექიმები, ამერიკაში კი ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. ექიმობა არ არის ხელობა, ეს ხელოვნებაა. საჭიროა, პაციენტი ბოლომდე გაიხსნას; ხშირად ჩვენც გვიწევს "აღსარების ჩაბარება"... ამერიკაში ექიმი რომ გახდე, ამისთვის 16 წელია საჭირო. კიდევ ერთი პრობლემაა: საქართველოში არ არსებობდა ექიმის ხარისხის შემფასებელი კომისია. ამერიკაში ყოველი წლის ბოლოს, რეზიდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს, რამდენი ოპერაციის გაკეთებაში მონაწილეობდა და რა შედეგით სრულდებოდა ისინი.

- ამდენი წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საქართველოს ექიმებს თუ უზიარებთ?

- 2001 წლამდე არავის აინტერესებდა, რამდენი ექიმი ვიყავით წასული და რას ვსაქმიანობდით. შემდეგ ვაშინგტონში, ამერიკაში საქართველოს ელჩის, ბათუ ქუთელიას ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია და სხვადასხვა შტატში მომუშავე ექიმებმა გავიცანით ერთმანეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ჩამოვაყალიბეთ ამერიკულ-ქართული ასოციაცია, სადაც ექიმები გავერთიანდით. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას.

...მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს სიახლეების შესახებ. ეს პროცესი ახლა თუ არ დაიწყო, სასიკეთო შედეგების მიღწევა ძალიან დაგვიანდება. არ შეიძლება, სამედიცინო სფერო არაპროფესიონალებით იყოს დაკომპლექტებული. პოლიტიკოსები მხოლოდ თავიანთ ადგილებზე ფიქრობენ, პროფესიონალები კი ააშენებენ სისტემას, რომელიც წლების მანძილზე დაიხვეწება და ჩამოყალიბდება.

ჩემი სურვილია, საქართველოსაც ჰქონდეს ისეთივე საგანმანათლებლო სისტემა სამედიცინო სფეროში, როგორიც ამერიკელებს აქვთ და მის შექმნაში საერთაშორისო კლასის სპეციალისტები უნდა ჩაერთონ. ამისთვის, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს ნება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ძალიან კარგი სამედიცინო დიასპორა გვყავს. ეს ხალხი 90-იან წლებს გაექცა, რათა საკუთარი პროფესია არ დაეკარგა. მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალს უნდა მოვახმაროთ. სახელმწიფოს ნების გარეშე კი ეს იცით, რას ჰგავს? - ადამიანს თავი რომ სტკივა და მხოლოდ გამაყუჩებელს ასმევ; არ ფიქრობ, გამოიკვლიო, რა იწვევს თავის ტკივილს... სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროში დღესაც ისეთივე ქაოსია, რაც წინა მთავრობის დროს იყო. ჯიუტად ვცდილობ, მათ ვაიძულო, რომ საღი აზრი გაითვალისწინონ წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

ტელეკომპანია "იმედი“ იყიდება

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე