"აღნაგობა მაძლევს საშუალებას, არ შევიზღუდო"

 "აღნაგობა მაძლევს საშუალებას, არ შევიზღუდო"

რუბრიკის სტუმარია მომღერალი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი, წარმატებული ქალბატონი გვანცა ზაქარეიშვილი. როგორც ყველა ქალს, საყიდლებზე სიარული და კარგად ჩაცმა მასაც უყვარს... მოდის თანამედროვე ტენდენციებზე სასაუბროდ გვანცას შინ ვესტუმრეთ:

- გვანცა, ყოველდღიურად როგორი სტილის სამოსს იცვამ?

- თანამედროვეს, ნახევრად კლასიკურს. სპორტულ სამოსშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, თუმცა ისეთი სამუშაო მაქვს, ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო. სპორტული, თავისუფალი სამოსის ჩაცმის უფლებას თავს მხოლოდ უქმეებზე ვაძლევ.

- ჩაცმულობით სხეულის რომელ ნაკვთს უსვამ ხაზს?

- ჩემი აღნაგობა მაძლევს საშუალებას, არ შევიზღუდო. ვიცვამ მოკლე კაბებს, ტანზე მომდგარ შარვლებს, არ ვერიდები დეკოლტიან კაბას... აი, გრძელი კაბები არ მიყვარს.

- ფეხსაცმელი მაღალქუსლიანი გირჩევნია თუ დაბალძირიანი?

- მთავარია, ხარისხიანი და კომფორტული იყოს, თუმცა, როგორც წესი, ან მაღალქუსლიანი მაცვია, ან საერთოდ უქუსლო.

- ზაფხულში ქალები კოსმეტიკას ნაკლებად ხმარობენ, თუმცა მსუბუქი, ოდნავ შესამჩნევი მაკიაჟი ალბათ აუცილებელია...

- ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟის გაკეთება არც ზამთარში მიყვარს და არც ზაფხულში. როცა გარუჯული ვარ, მხოლოდ ტუჩების საცხით შემოვიფარგლები. ხანდახან შესაძლოა ტუში და რუჟი დავამატო. არ მომწონს, როდესაც დღისით ძალიან შეღებილები დადიან. ბუნებრივობას ვამჯობინებ.

- სილამაზის სალონს ხშირად სტუმრობ?

- სალონში უმეტესად ფრჩხილების გასაკეთებლად დავდივარ, თუმცა როდესაც კონცერტი ან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მაკიაჟსა და ვარცხნილობასაც სალონში ვიკეთებ. სოლარიუმში არასდროს ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ მზეზე მიღებულ ნარუჯს უკეთესი ფერიც აქვს და უფრო უსაფრთხოც არის.

- სუნამოს რომელს იპკურებთ?

- სუნამოებს სეზონურად ვიცვლი. ზამთარში უფრო ტკბილი სურნელი მომწონს, ზაფხულში - გრილი. ამჟამად ჟივანშის "ფერაგამოს" ვხმარობ.

- მოდის თანამედროვე ტენდენციებს ითვალისწინებთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ თუ სამოსი არ მიხდება და არ მომწონს, მხოლოდ იმიტომ ვერ ჩავიცვამ, რომ მოდაშია.

- რას იტყვი მათზე, ვინც საქართველოში ქართულ მოდას ქმნის?

- ზოგი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი მომწონს, მაგრამ მათთან ჯერჯერობით სასცენო კოსტიუმი არ შემიკერავს. თუმცა იყო ერთი შემთხვევა - რამდენიმე წლის წინ რესპუბლიკის მოედანზე დიდი გალაკონცერტი გაიმართა, სადაც მომღერლებს მაკა ასათიანის კაბები გვეცვა. ულამაზესი იისფერი კაბა შემიკერა მაკამ, რომელიც ძალიან მომწონდა.

- თბილისური მოდა მოგწონს?

- მიხარია, რომ ბოლო დროს ყველა ცდილობს, მოდურად ჩაიცვას და კარგად გამოიყურებოდეს. თბილისში ტარდება მოდის კვირეულები და ეს ხელს უწყობს საზოგადოებრივი გემოვნების ჩამოყალიბებას.

- რომელი ფერი ჭარბობს შენს გარდერობში?

- ჯობია ის მკითხოთ, რომელი არ არის (იცინის). მიყვარს თეთრი, მუქი წითელი, იასამნისფერი, ნაცრისფერი, ვარდისფერი...

- ყველაზე მნიშნვნელოვანი აქსესუარი რომელია შენთვის?

- ჩანთა, საათი და სათვალე. მათ გარეშე შინიდან ვერ გავალ. ახლა ორი ბეჭედიც ამოვიჩემე და ყოველთვის მიკეთია. ისე, თითქმის ყველანაირი აქსესუარი მიყვარს. არ არის აუცილებელი, სამკაული მაინცდამაინც ოქროსი იყოს, კარგი და გემოვნებიანი ბიჟუტერია ხშირად ოქროს ნაკეთობას მირჩევნია. შესაძლოა, ეს ასაკის ბრალიც იყოს.

- ქუდი, კაშნე, კეპი?..

- ქუდები და კაშნეები ძალიან მიყვარს. ვცდილობ, ფერადი და ორიგინალური აქსესუარები შევარჩიო. სათხილამურო კურორტებსა და ზღვის სანაპიროზე განსაკუთრებით მიყვარს სიჭრელე და ხასხასა ფერები.

- როგორია გვანცას ჩანთა?

- ყველანაირი ზომის, ფორმისა და ფერის ჩანთები მაქვს. მაღაზიაში შამპუნის საყიდლადაც რომ შევიდე, მაინც ჩანთით გამოვდივარ. თუმცა ძალიან დიდ ჩანთებს ვერ ვხმარობ. ან საშუალო ზომისა უნდა იყოს, ან ძალიან პატარა. ჩემს ჩანთაში ყოველთვის იპოვით საფულეს, მობილურს, მანქანის გასაღებს, პატარა ბლოკნოტს, კალამს და ტუჩის საცხს. დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული, სად მივდივარ.

- ამ სეზონზე თუ განიახლე გარდერობი? რაზე გააკეთე აქცენტი?

- რასაკვირველია, გარდერობის განახლება ყოველ სეზონზე მიწევს. რაც შეეხება საცურაო კოსტიუმს, უკვე რამდენიმე წელია, მას "ვიქტორია სიკრეტის" ვებგვერდიდან ვიწერ და კმაყოფილი ვარ.

- პლასტიკურ ქირურგიაზე რა აზრის ხარ?

- მადლობა ღმერთს, არ მჭირდება, ჯერჯერობით მაინც (იცინის). ასაკში რომ შევალ, ალბათ, მომიწევს სახის გადაჭიმვა, თუმცა ექიმების ისე მეშინია, ასე მგონია, მაინც ბევრს ვიყოყმანებ.

- შენი აზრით, ვინ არის საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი?

- საბედნიეროდ, ბევრი ელეგანტური ქალი და მამაკაცი გვყავს, მაგრამ ახლა რატომღაც თაკო ჩხეიძე და ეკა მამალაძე გამახსენდა.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები