ავტორი:

როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა

როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა

ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე გაფართოვდა ახალი წევრი ქვეყნების მიერთების გზით. საქართველომ და ევროკავშირმა ურთიერთობები დაამყარეს 1996 წლიდან. საქართველოს მთავრობამ სურვილი გამოთქვა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირმა და საქართველომ ბოლო წლებში ხელი მოაწერეს რამდენიმე ხელშეკრულებას. ევროკავშირიმა, საქართველოს ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან დაახლოებისთვის წამოაყენა საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის პროცესი ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ქვეყანას, მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების ყველაზე გრძელი ისტორია აქვს. 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა.

უკეთესი რეგულაციისთვის, ეს რეჟიმი ზრდის ბაზარზე წვდომას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ ნაშრომში, სტატისტიკასთან და მოკლე ისტორიასთან ერთად, წარმოგიდგენთ ჩვენს შეხედულებას ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესახებ, რომელიც შეიძლება ემყარებოდეს არა მხოლოდ თაფლის, არამედ თვით ქართული ფუტკრის ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე.

დადგენილია, რომ მცენარეთა დამტვერიანებას (პოლინაციას), რომელსაც ძირითადად ფუტკარი განაპირობებს, ყოველწლიურად დაახლოებით 22 მილიარდი ევროს წვლილი შეაქვს ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. ფუტკარი განაპირობებს ევროპაში მოსავლის და ველური მცენარეების მინ. 80% პოლინაციას.

ბოლო წლების განმავლობაში, ევროპაში მცირდება პოლინაციის ხარისხი და არეალი. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ეკონომიკისთვის დიდი სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ქართულმა ფუტკარმა, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებლები: აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, ყველაზე თვინიერია და შეუძლია დაამტვერიანოს მრავალი განსხვავებული მცენარე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის საშუალებით საქართველო ამჟამად 52 მილიონი ევროს სარგებელს იღებს სოფლის მეურნეობისა განვითარებისთვის. 2012 წელს დაარსებული პროგრამა მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას და საკვების წარმოებას საქართველოში.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. ხელშეკრულებაში შემოღებულია შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა (DCFTA), რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას.

2017 წელს ქართული თაფლი შევიდა ევროპულ ბაზარზე. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად - ევროკავშირის თაფლის წარმოება დაახლოებით 200 000 ტ. წლიურად. ევროკავშირში შემოტანილი თაფლი შეადგენს 165 500 ტ.

საქართველო წელიწადში დაახლოებით 4 000 ტონა თაფლს აწარმოებს. დიდი რაოდენობითაა ხუთი სახის თაფლი: აკაციის, ყვავილის (მაისის), ალპური, ცაცხვის და წაბლის. მსხვილი მეფუტკრეების უმეტესობა (100-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი) ორჯერ იღებენ მოსავალს: გვიან გაზაფხულზე (დიდად არის დამოკიდებული ამინდზე) და ზაფხულის ბოლოს. წაბლის და ცაცხვის თაფლი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გროვდება. ამ სახეობათა გარდა, საქართველოში აწარმოებენ სპეციალურ თაფლობის სახეობებს, როგორიცაა ჯარის, ანუ გარეული თაფლი, როდოდენდრონის თაფლი, რომელიც შეიცავს გრაიანოტოქსინს, ოქროწკეპლას, ციტრუსის თაფლი და სხვ. თუმცა, მათი რაოდენობა საკმაოდ დაბალია.

საქართველოს ფლორა

საქართველოს ფლორა უაღრესად მრავალფეროვანია და მდიდარი. ეს ძალიან საინტერესოა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. საქართველო მდებარეობს ჩრდილოეთ ევრაზიის ტყეებსა და ერაყისა და ირანის უდაბნოებს შორის, რომელიც მოიცავს ევროპის უმაღლეს მთებს და სუბტროპიკულ სანაპირო ზოლს. საქართველო ბუნებისათვის დამახასიათებელია ბიომრავალფეროვნების მაღალი დონე. Conservation International-მა საქართველო შეიქყვანა მსოფლიოს 25 "ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილთა" სიაში. ენდემური სახეობები მოიცავს საქართველოს ფლორის დაახლოებით 9%, რაც საოცრად მაღალი პროცენტია ასეთი პატარა ქვეყნისთვის.

საქართველოში მცენარეთა დაახლოებით 5000 სახეობაა (აქედან 380 ენდემურია საქართველოსთვი და დაახლოებით 600 - კავკასიისთვის), ხოლო დაახლოებით 8,400 - 10,000 კრიპტოგამული ან სპორული მცენარე. მაღალმთიანი კავკასია ასევე მდიდარია ენდემური მცენარეებით. ფოთლოვანი ტყე ვრცელდება სამხრეთ-დასავლეთის ფერდობებზე, ქვედა და შუა ზოლში.

საქართველოში გავრცელებულია ევროპისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ძირითადი ტიპის, აგრეთვე აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული მცენარეები; ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სუბ ალპური წიწვოვანი ტყეები, მდელოები, ჭაობები, ტორფის ბაგები და ტბები; წიწვოვანი და წიფლის ტყეები; მუხის ტყეები; გამოქვაბულები და მთის ხეობები; უნიკალური კოლხური ტყეები, მარადმწვანე მცენარეები, ხმელთაშუა და სუბ-ხმელთაშუა მცენარეთა ოჯახები, სტეპის ბალახები და სხვა.

კავკასიონის მაღალმთიანი რეგიონი (2,000 მ. ზღვის დონიდან) ხასიათდება მკაცრი კლიმატით. კავკასიის მთები მოიცავს ევრაზიის ყველაზე მრავალფეროვან და განსაკუთრებულ წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებს.

მეფუტკრეობა

ქართული თაფლის წარმოება ხდება ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე და ევროკავშირის ბაზარს სთავაზობს ხარისხიან და მრავალფეროვან სახეობებს.

ქართული მეფუტკრეობის წილი ევროკავშირის ბაზარზე, თუ მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ თაფლის წარმოებას - საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, დედა ფუტკრის ექსპორტი შესაძლოა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება.

თანამედროვე მეფუტკრეობა ძირითადად ფოკუსირებულია სმარტ ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე მეფუტკრეობაში, რაც უკეთესი მენეჯმენტის საშუალებას იძლევა. ეს მართლაც იმედის მომცემი მიმართულებაა და საჭიროებს შემდგომ განვითარებას. თუმცა, პრობლემა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიებში. ევროკავშირში მეფუტკრეობა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაბინძურება და დაავადებები, როგორიცაა ევროპული და ამერიკული სიდამპლე, ტკიპა ვაროა დესტრუქტორი და სკის პატარა ხოჭო. ამას გარდა, კოლონიების მასიური და სწრაფი დაღუპვის ფენომენი (CCD) წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ევროკავშირის მრავალი ქვეყნის მეფუტკრეობის განვითარებისთვის.

ვინაიდან მეფუტკრეობა წარმოადგენს ევროკავშირის ეკონომიკის და აგრო სექტორის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილს, ქართულმა მეფუტკრეობამ შესაძლოა შესთავაზოს არა მხოლოდ თაფლი და დედა ფუტკარი, არამედ სხვა პროდუქტებიც, როგორიცაა ცვილი და შხამი, აგრეთვე ჭეო, ყვავილის მტვერი, პროპოლისი და სადედე რძე, რომლებიც გამოიყენება საკვებ დანამატებად. მეფუტკრეობის პროდუქტების ექსპორტი, განსაკუთრებით კი დედა ფუტკრის ექსპორტი, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს წილს ევროკავშირის საერთო ეკონომიკაში.

ქართული მთის რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasia)

საქართველოს გააჩნია მეფუტკრეობის ძალიან ხანგრძლივი ისტორია. დღეს-დღეობით, მსოფლიოში თაფლის ყველაზე ძველი ნიმუში ნაპოვნია საქართველოში. არქეოლოგებმა ბორჯომის რეგიონში, ბაქო-ჯეიჰანი-თბილისის ნავთობის მილსადენის მშენებლობისას აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომლის კედლებზეც მეცნიერებმა გამოიკვლიეს 5,500 წლის წინანდელი თაფლი, რაც 2 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის საფლავში აღმოჩენილ თაფლი, რომელიც ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა უძველეს ნიმუშად.

დახასიათება

  • ყველაზე მშვიდი სახეობა
  • ყინვის ამტანი
  • პროდუქტიული
  • მოხერხებული; შეუძლია ნექტრის შეგროვება ცივ და ოდნავ წვიმიან ამინდშიც.
  • აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,1mm-7,3mm), და შესაბამისად, შეუძლია ნექტრის შეგროვება მრავალი მცენარისგან.

მსოფლიო პოპულარიზაცია

ქართული ფუტკრის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა ცნობილი ამერიკელი მოღვაწის ფ. ბენტონის (1852-1919) კვლევებმა. ქართული ფუტკარი შეერთებულ შტატებში პირველად მე -19 საუკუნის მიწურულს შეიყვანეს, ძირითადად კომერციული თაფლის მწარმოებელ საფუტკრეებში. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები გააოცა ქართული ფუტკრის გამორჩეულმა თვისებებმა.

საერთაშორისო გამოფენებზე ქართულ ფუტკარს მიღებული აქვს 3 ოქროს მედალი: 1961 წ. ქ. ერფურტი, გერმანია, მებაღეობის გამოფენა. 1965 წ. ქ. ბუქარესტი, რუმინეთი,მეფუტკრეობის საიუბილეო 20-ე საერთაშორისო კონგრესი აპიმონდია (APIMONDIA) და 1971 წ. ქ.მოსკოვი, რუსეთი, მეფუტკრეობის 23-ე საერთაშორისო კონგრესი აპიმონდია (APIMONDIA).

ბრიტანული გამოცემა Sunday Mirror-ის თანახმად: "საბჭოთა კავშირის ოქროს ფუტკარი მსოფლიოში საუკეთესოდ იქნა შეფასებული და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. რუხი კავკასიური ფუტკარი გამოირჩევა თავისი ინდუსტრიული მნიშვნელობის თვისებებით. იგი წვიმაშიც კი აგროვებს თაფლს. მრავალმა უცხოელმა მეფუტკრემ მოითხოვა ოქროს ფუტკარი და ამ წელს 200 000-მდე დედა ფუტკარი იქნა გაგზავნილი ევროპაში, აზიასა და ამერიკაში " (Sunday Mirror, 1969 წლის 1 ივნისი).

ქართული კომპანიის GOLDBEE LLC თანახმად, მოთხოვნა ქართულ ფუტკარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპაში, კანადასა და ა.შ.შ.-ში. ამერიკის მეფუტკრეობის მხარდასაჭერად, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგმა ვ. ს. შეპარდმა უნივერსიტეტში ჩაიტანა ქართული ფუტკრის ნიმუშები შემდგომი კვლევებისათვის.

ქართული ფუტკრის უნიკალური თვისებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირში პოლინაციის ხარისხის და ფართობის გაზრდას.

ბოლო წლებში, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ კანონმდებლობით დაუშვა ურბანული მეფუტკრეობა, და ამ მიზნითაც, ქართული ფუტკრის მშვიდი ბუნება, გრძელი ხორთუმი და პოლიფლორული თაფლის წარმოების უნარი ხელსაყრელი ფაქტორები იქნება ურბანულ მეფუტკრეობაში და საუკეთესო არჩევანი იქნება მეფუტკრეებისათვის, ქალაქის შეზღუდული ფლორის პირობების გათვალისწინებით. ამას გარდა, ქართულ ფუტკარს გააჩნია მთებში და კლდეებში ორიენტაციის კარგი უნარი, რაც ქალაქის მრავალსართულიან შენობა-ნაგებობების ფონზე დამატებითი პრიორიტეტს წარმოადგენს.

სხვადასხვა სტატისტიკის თანახმად, ქალების და ახალგაზრდების ჩართულობა მეფუტკრეობაში იშვიათია. ქართული ფუტკარი ამ მხრივაც სასარგებლო იქნება და გაუადვილებს მსურველებს მეფუტკრეობის შესწავლას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართული ფუტკარი შესაძლოა, საუკეთესო არჩევანი იყოს მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების აღდგენის მიმართულებით; დედა ფუტკარი კი - ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტი.

საქართველოს მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მეფუტკრეობის კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფუტკრის პოპულაციების აღდგენის პროგრამებში როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველო აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს და ქვეყანაში მოქმედებს 10 ლაბორატორია, სადაც ტარდება ანალიზი და სერტიფიკაცია.

ბოლოს საკითხს წარმოადგენს ქვეყნის კანონმდებლობის დახვეწა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება დედა ფუტკრის ლეგალური ექსპორტი ევროკავშირში.

ავტორები: მარიამ ხოსიტაშვილი, თეა ხოსიტაშვილი, ზაზა ბააზოვი, სანდრო ჩალადაშვილი;

როგორ გამოიყურება ქუთაისის ბაზარი, რომელიც 3-კვირიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა - ადგილობრივი ჟურნალისტის კადრები

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

თბილისში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია - ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან