”ჩემი პირველი გადაცემის ჩანაწერი რომ მოვისმინე, გავგიჟდი, - ეს ვინ არის, გაათრიეთ აქედან-მეთქი”

”ჩემი პირველი გადაცემის ჩანაწერი რომ მოვისმინე, გავგიჟდი, - ეს ვინ არის, გაათრიეთ აქედან-მეთქი”

”ტელეღიპუცა” წამყვანი ვინი - ზაალ წულუკიძე ყველასათვის კარგადაა ცნობილი. თუმცა რადიოს მოყვარულები მისი სახალისო ”ეთერებით” დიდი ხნის წინათაც ვტკბებოდით. ვინის საქმიანობა ყოველთვის მრავალფეროვანი და ხალისით სავსე იყო. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის უდიპლომო სტუდენტი დღეს ”მხიარული ამპლუის” წამყვანია და თავისი კარიერის შესახებ გვესაუბრება.

- ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ალბათ იყო რაღაცები, რაც სხვებისგან გამომარჩევდა და ასევე მათ - ჩემგან. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, - პოპულარობა მუდამ თან გდევდა, ბავშვობიდანო.

- რითი იქცევდი ყურადღებას?

- ძალით არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ, აურა იყო ალბათ ასეთი ჩემ გარშემო. მუსიკაზე დავდიოდი, როგორც მაშინდელი ბავშვების უმეტესობა, ვინც ქუჩაში არ იდგა და კურტკების წართმევით არ იყო დაკავებული (იცინის). ცურვაში მეორე თანრიგი მაქვს, მაგრამ ახლა არაფერში მადგება, დიდი ხანია, აღარ მიცურავია და არც ზღვაში შევდივარ ხოლმე დიდი სიხარულით. ფარიკაობაზე დავდიოდი და სიმღერაზე, რამდენიმე ადგილას - მუსიკალური სკოლის კლასიკურ გუნდში, ჩემს სკოლაში ფოლკლორული ანსამბლი ”საირმულა” იყო (ცხონებული კოტე მშვიდობაძე გახლდათ ჩვენი ხელმძღვანელი); მოსწავლეთა სასახლეშიც დავდიოდი, თემურ ქევხიშვილთან ”დარიალში”. ასე რომ, ერთდროულად 3 გუნდში ვიყავი. დიდი სკოლა იყო ეს ჩემთვის. ”საირმულაში” პირველ ხმას ვსწავლობდი, ”დარიალში” - მეორეს, შემდეგ გავცვალე და ამ პერიოდში ორ ხმას ერთდროულად ვსწავლობდი.

- კონცერტებზე ხშირად გამოდიოდი? ჯილდოები თუ მიგიღია?

- მაშინ ყოველწლიურად ტარდებოდა სასკოლო ოლიმპიადა. სიგელი და მედალი ჩემს ძმასაც აქვს მიღებული და მეც, რესპუბლიკის მასშტაბით, პირველი ადგილი დავიკავე. სკოლაში ბოლო პერიოდში უკვე ”მხიარულთა და საზრიანთა კლუბში” ვიყავი.

- როგორ სწავლობდი სკოლაში?

- სწავლას პრინციპში, ნაკლებად ვეტანებოდი - მე ხომ გაუნათლებელი ვარ (იცინის). ისეთ საგნებს ვსწავლობდი, რომლებიც მომწონდა. გეოგრაფია მიყვარდა, ტექნიკურ საგნებს საშინლად ვერ ვიტანდი და ბოლოს, სულ სიმღერ-სიმღერით ჩავაბარე, - ამაში დამიწერეს ნიშნები (იცინის). ქართული ლიტერატურა მიყვარდა. ჩვენს სკოლაში ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღიზარდა, ტყუილად კი არ იყო პირველი ექსპერიმენტული! მე და პრეზიდენტს ბავშვობაში ერთი დამრიგებელი გვყავდა.

- ჟურნალისტიკაზე სად ჩააბარე?

- ფასიან სასწავლებელში - ”ლეგია და კომპანია”; შემდეგ კი ტექნიკურ უნივერსიტეტში გადავედი, იქაც ფასიანზე, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ვერ დავამთავრე. სხვათა შორის, იქ რამდენიმე ლექტორში ფულის კეთებისკენ სწრაფვას წავაწყდი. აქედან გამომდინარე, მეც ინდიფერენტული ვიყავი მათ მიმართ. შენი დაწერილი რომ არის საკურსო და დაგიწუნებენ იმის გამო, რომ ლექტორისთვის არ გაქვს ფული მიცემული, ეს ნამდვილად საწყენია და მეც ხელი ავიღე სწავლაზე...

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ამაზე პროტესტს არ გამოთქვამდი?

- ერთხელ ხუმრობით გამოვთქვი პროტესტი წინა სასწავლებელში... საერთოდ, სტუდენტობის პერიოდი ძალიან აქტიურად გავატარე, კულტურულ საქმიანობაში ვიყავი ჩართული - მაგალითად, შოთაობაზე ვარძიაში ვიყავით წასული. არ დამავიწყდება, ძალიან მაგარი დღე იყო, შოთაობა მიმყავდა.

- თუ გახსოვს, პირველად რა გადაცემა წაიყვანე?

- რაც მახსენდება, ეს იყო თეატრი-სტუდია ”ბერიკებში” გოგი თოდაძის დაბადების დღე. პატარა დასმა იუბილე მოვუწყვეთ და მე და მსახიობ ნათია მეტრეველს მიგვყავდა. სხვათა შორის, მე და ლევან ჯავახიშვილი ერთად მიგვიღეს ”ბერიკებში”, 2-3 წელი ვიარე იქ. ”ბურატინოში” ვითამაშე... ჩემთვის მაინც განსაკუთრებული იყო ”მან-სან-კანი”. XI-X კლასში ვიყავი, როცა აღმოვჩნდი 30-ე სკოლის გუნდში. ერთ-ერთი სცენარისტიც ვიყავი. შემდეგ, სკოლების ნაკრებში ამიყვანეს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებად გადაიქცა. ”დინამო” ერქვა. ჩემი თაობის ”მანსანკანელები” არიან: გოჩა თანდარაშვილი, ნიკა ქავთარაძე, მიშა მშვილდაძე, ზვიო ბლიაძე. ირაკლი კაკაბაძეს ვამზადებდი ადრე - ასეთი პერიოდიც იყო (იცინის)... ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის გუნდი - ”მბურღავები” იყო და ვეხმარებოდი. ისინი ჩემპიონებიც გახდნენ. ჩემი სკოლის გუნდს ”ისტერია” ერქვა, მერე იყო ”ღიმილის ბიჭები” და ”დინამო”.

- ”მანსანკანის” დროინდელი რაიმე სახალისო ამბავი გაიხსენე...

- ერთხელ სოსო თოლორაიამ გადამრია. სოჭში ვიმყოფებოდით. მოკლედ, დისკოთეკა სანამ დაიწყებოდა, ადრე უნდა ჩასულიყავი, რომ მაგიდა ”დაგებრონა”, რაც ყველას ეზარებოდა. ჩვენთან ერთად, ტაშკენტელი ”მანსანკანელები” იყვნენ და მე, მოხალისე, შემთხვევით, მათი დროით ჩავედი ქვემოთ ანუ - 4 საათით ადრე. მაშინ ”ცუდი ბიჭი” ვიყავი და სიგარეტს ვეწეოდი, გამითავდა და დავრეკე ნომერში. ვკითხულობ, რომელი ხარ-მეთქი? იქიდან მესმის პასუხი, - ზაალი ვარო... გული გამისკდა, სადღაც სივრცეში დაკარგული მეგონა ჩემი თავი და ვეღარ გავიგე, სად ვიყავი (იცინის)... თურმე სოსო ყოფილა, მერე კი მიხვდა, რომ მე ვიყავი და, - უი, უი, სოსო ვარო, - მითხრა. მაგრამ მანამდე ჩემი დამემართა... გარდა სასიყვარულო თავგადასავლებისა, ასეთი რამეებიც გვემართებოდა ხოლმე...

- საზღვარგარეთ რომელ ქვეყნებში გქონდათ გასვლითი კონცერტები?

- ბავშვობაში ერთხელ, ამერიკაში ვარ ნამყოფი. ქართული კულტურის დღეები ტარდებოდა 1991 წელს. აქ რომ გაგანია მიტინგები და მსგავსი ამბები იყო, ანსამბლი ”დარიალი” წავედით. ვისაც ეს პერიოდი ახსოვს, კარგად მიხვდება, თუ რა ძნელი იყო მაშინ აშშ-ში წასვლა. ძალიან ლამაზი 2 კვირა გავატარეთ ატლანტასა და ნიუ-იორკში. ვფიქრობ, საქართველო ვასახელეთ. იქ ნუგზარ რუხაძე გავიცანი. ბატონი გელა ჩარკვიანი იყო ჩვენთან ერთად, კიდევ, დათო არჩვაძე, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, მე კი - 14-ის.

- რადიოში როდის დაიწყე მუშაობა?

- 1996 წლის 5 სექტემბერს. რა დამავიწყებს ამ დღეს?! ფრედი მერკურის დაბადებიდან 50 წელი სრულდებოდა და ღამის ეთერში თითქმის ზეპირად წავიყვანე 4-საათიანი გადაცემა ჯგუფ ”ქუინზე”. ჩემი პირველი გადაცემის ჩანაწერი რომ მოვისმინე, გავგიჟდი, - ეს ვინ არის, გაათრიეთ აქედან-მეთქი (იცინის)!

- როგორ მოხვდი ”საქართველოს ხმაში”?

- სრულიად შემთხვევით. აქ ჩემი მეგობარი მუშაობდა. გვინდოდა, რაიმე სატელევიზიო პროექტი გაგვეკეთებინა; მისი მოფიქრებისა და წერის პროცესში ვიყავით, იქაურ თანამშრომლებს დავუახლოვდით. მახსოვს, იმ პერიოდში საინფორმაციო გამოშვება ანუკა ქინქლაძეს მიჰყავდა. უეცრად ვაკანსია გაჩნდა რადიოში და გასაუბრება გავიარე. ჯაზში ჩავიჭერი - არც მაშინ მიყვარდა და არც ახლა. ახლა იტყვიან, ჯაზი არ უყვარს, ვაიმე, რა დონეაო (იცინის)!.. კოლტრეინიც მოსმენილი მაქვს და მაილს დევისიც და იმდენად გენიოსები არიან, რომ დავიღალე. მძიმე მოსასმენია ჩემთვის.

- რა სტილის მუსიკას უშვებდი ეთერში? ”საქართველოს ხმის” ფორმატი ცოტა განსხვავებულია შენი გემოვნებისგან...

- პირველი რამდენიმე ეთერის დროს დავაჟანგე ანტენები (იცინის) - მძიმე როკს ვუშვებდი - და მერე აკრძალეს. ზოგჯერ რუსული ესტრადის გაშვება მიხდებოდა და რუსულ როკს ვაჟღერებდი, თუმცა ხანდახან ლუბა უსპენსკაიას ვასმენინებდი ხალხს (იცინის). ”საქართველოს ხმიდან” წამოსვლის შემდეგ, ისევ ”მსკ”... ტექნიკური უნივერსიტეტის ”შერეკილებშიც” ვიყავი და ჩემს ფაკულტეტზეც, ჰუმანიტარები ორჯერ ჩემპიონებიც გავხდით. კაპელაშიც დავდიოდი და სტუდკავშირის კულტურულ ღონისძიებებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. რაღაც პერიოდი, რადიო ”უნივერსშიც” ვიყავი, სადაც ფაქტობრივად მიმანიშნეს, რომ უნდა წავსულიყავი - ჩემი საავტორო გადაცემის ყველა ”ქუდი” და ”ტიხარი” წაშლილი დამხვდა... ამის შემდეგ იყო ”მწვანე ტალღა”, ბოლოს კი - მხიარული რადიო FM 100.3. ნიკა ქავთარაძემ დამირეკა და რომ მივედი, იქ ძალიან ბევრი იუმორისტი დამხვდა. მაშინ ერთ-ერთ დაბადების დღის ცენტრში ვმუშაობდი, ბავშვებს ვართობდი. თვალებს არ ვუჯერებდი, ამდენი ”კავეენშიკი” რომ დამხვდა - ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ჯანელიძე, ზვიო... დინჯი მუსიკალური რედაქტორი იყო, კაბუ ჩვენთან მუშაობდა და ა.შ. მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ. მერე მენეჯმენტმა მოიკოჭლა და...

- როგორი გასამრჯელო გქონდა?

- 20 ლარიდან დავიწყე მუშაობა და ზოგჯერ მაგასაც გვამადლიდნენ (იცინის). თან, ძალიან სასაცილო სტუდია და ძველი აპარატურა გვქონდა, ახლანდელი მერიის შენობაში ვიყავით.

- რადიოში გაცნობილ გოგონებს ხვდებოდი ხოლმე?

- აბა, რა! ძირითადად, რადიოში მოდიოდნენ. ფან-კლუბები გვქონდა, დაბადების დღის ტორტები მოჰქონდათ. ბევრი ერთგული რადიომსმენელი მყავდა და მათთან ახლაც ვმეგობრობ. ძალიან კარგი პერიოდი იყო, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ.

- სიმღერის - ”ო, რა კაია” პაროდია, რომელსაც შენ ასრულებდი, ვისი დაწერილი იყო?

- ჩვენების, ”კავეენშიკების”, ვინც ჩამოვთვალე. ე.წ. ”ცუდი ათეული” იყო ყოველ კვირას და ჩვენი მსმენელების დაწუნებული ქართული სიმღერების ათეული დგებოდა; პირველ ადგილზე რომელიც გადიოდა, მისი პაროდია კეთდებოდა. ”ო, რა კაია”-ს პაროდია პოპულარული იყო. ტექსტის დაწერაში მონაწილეობა არ მიმიღია, ვასრულებდი და ”ბექებს” ნიკა ქავთარაძე და თამუნა ლეკვეიშვილი ”მაძლევდნენ”.

- კიდევ რამდენი სიმღერა გაქვს ჩაწერილი?

- 12-13... რამდენიმე რადიოში გავაკეთეთ. მაქვს დუეტი ია ჩანტლაძესთან. საახალწლო სიმღერები ”მზის” კოლექტივთან და ჩემს ძმებთან ერთად; ”იოლის” სიმღერა, რომელსაც მათ ღონისძიებებზე ვმღეროდი. ახლა ვაპირებ, ჩავწერო სიმღერა ”შენ ამამღერე”, რომელსაც ბორჯომში კონცერტზე შევასრულებ. ქალაქური სიმღერაა, ჩქარი ტაში და მთელი ამბავი (იცინის).

- ტელევიზიაში როდის დაიწყე მუშაობა და საერთოდ, როგორ მოხვდი იქ?

- ჯერ კიდევ რადიოში ვმუშაობდი, როცა ”მზიდან” დამირეკეს, ანონსებისა და პრომოუშენის თანამშრომლები აჰყავდათ და "სივი"-ს გარდა, ჩემი იდეები გავაცანი სიტყვიერად. რაღაც პერიოდი გავიდა და დამირეკეს. მერე ჩემი ძმაც მიიღეს. დიდი ხანი ვიმუშავე. ”ბასტი-ბუბუს” გადაცემა მიმყავდა, რომელიც ძალიან მომწონდა. მათ რამდენიმე ღონისძიებაზეც გამოვედი, ბოლოს მეფეც კი ვითამაშე საახალწლო მიუზიკლში - ”მეფის გაუცინარი ასული”. შემდეგ მთელი ანონსების ჯგუფი ”იმედში” გადმოვბარგდით. 5-6 წლის გადმოსული რომ ვიყავი, ”იმედის დილაში” ამინდის პროგნოზის წამყვანი მამაკაცი დასჭირდათ და ”მოსამზადებელი” პერიოდი ვერც გავიარე, ისე დამსვეს ეთერში.

- თითქოს ადვილი წასაყვანია ამინდის პროგნოზი...

- ყველა ამას ამბობს, მაგრამ რამე რომ შეგეშალოს, სირცხვილია. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, ფრაზეოლოგია შემშლია. ერთხელ ვთქვი, - მცირე წვიმა წამოვა, მაგრამ უნალექოდ-მეთქი (იცინის)... არადა, ვგულისხმობდი - იწვიმებს, მაგრამ ღრუბელი გაიფანტება-მეთქი... თუმცა ჩემი წაყვანილი ამინდის პროგნოზები მაინც ყველაზე განსხვავებული იყო - სტუმრები მოდიოდნენ, ღუმელი მედგა, მათთან ერთად ჩაის ვსვამდი და, რაც მთავარია, ეს სტუმრები იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები - მომღერლები, მოცეკვავეები, პოეტები, მხატვრები, სპორტსმენები და ა.შ. სტუმრების ვინაობას ყოველთვის წინადღეს ვიგებდი. ერთხელაც, რომ ვნახე ანონსი, არავინ ეწერა და ვიფიქრე, ალბათ სტუმრის გარეშე უნდა წავიყვანო-მეთქი... აივანზე იყო მოწყობილი ჩვენი სტუდია. ავედი და ვხედავ, განათება და 2-2 სკამი და მიკროფონია დაყენებული - აშკარად სასტუმროდ იყო მომზადებული. ძალიან მინდოდა, ეს სტუმარი ოთარ რამიშვილი ყოფილიყო. რომ შევედი და სწორედ ის დავინახე მეუღლესთან ერთად, ძალიან გამიხარდა (იღიმის)... მერე მზარეული გავხდი. სულ მოდიოდნენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მზარეულები. იქაც საინტერესო სტუმრები მყავდა.

- როგორია ”იმედის დილის” შიდა სამზარეულო?

- ძალიან გემრიელია (იცინის). გადასარევი კოლექტივია, კარგი რომ არ იყოს, ასეთ რეიტინგულ გადაცემას ვერ მივიღებდით.

- საზაფხულოდ რა გეგმები გაქვს?

- რაჭაში მინდა წასვლა, მაგრამ ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. ვნახოთ... ”იმედის დილა” ისვენებს, ჯერჯერობით ”უმუშევარი” ვარ და ჩემით მიწევს სახსრების მოძიება, ამიტომ, თუ რამე ვიშოვე, აუცილებლად წავალ, ძალიან მომენატრა რაჭა. შემდეგი სეზონის ”დილაში” როგორი სიტუაცია იქნება, არ ვიცი... თუ არ წავედი, ვარკეთილში დავისვენებ, სუფთა ჰაერზე (იცინის).

- ბათუმში არ მიდიხარ?

- მეუბნებიან ხოლმე მეგობრები, - შენ ჩამოდი და დანარჩენი ჩვენ ვიცითო, - მაგრამ ეგრე, დაძახებულზე, მაინც ვერ წავალ. თუ რაიმე საინტერესო ჩატარდება, წავალ.

- ცოლის მოყვანას არ აპირებ?

- არა, რატომ?! (იცინის) ოჯახში კი მიკიჟინებენ, მაგრამ... ვიღაც ხომ უნდა მოვიყვანო? ნესვს ან საზამთროს ხომ არ მოვიყვან?! ცოცხალი ადამიანი უნდა იყოს და კარგია, თუ ქალი იქნება (იცინის)... ვიღაცეები რომ გამოჩნდებიან ჰორიზონტზე, მერე ისევ იკარგებიან, - მე შენი ღირსი არა ვარო, - და მსგავსი ტექსტებით. ვერ ვასწრებ ხოლმე, მითხოვდებიან. ახლა არავინაა ისეთი, ვინც მიყვარს...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები