მართალია, ნინო დარასელი აგარაკზეა წასული ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირება მაინც მოვახერხეთ და გადავწყვიტეთ მისი ხასიათის შტრიხები გამოგვევლინა. როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს, ნინო ძალიან უკომფლიქტო და კომუნიკაბელური ადამიანია და მუდმივად ცდილობს, მის ირგვლივ მყოფებს დადებითი განწყობა შეუქმნას.
- რამდენიმე სიტყვით დაახასიათე შენი თავი...
- საკუთარი თავის შეფასება მიჭირს, ვცდილობ, ვიყო კარგი.
- როგორ ადამიანთა კატეგორიას მიიკუთვნები - პესიმისტების, ოპტიმისტების, რომანტიკოსების თუ რეალისტების?
- გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.
- გულღია ხარ, თუ გულჩათხრობილი?
- ვჩანვარ გულღია და ამ დროს ძალიან გულჩათხრობილი ვარ.
- რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა შეგიძლია, თუ დეპრესიაში ადვილად ვარდები?
- თავს არასდროს ვაძლევ დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას. ცხოვრების მოყვარული ვარ. ერთადერთი, რაც სავარუდოდ დეპრესიაში ჩამაგდებს, სიბერეა. მეშინია სიბერის, უმოქმედობის, ავადმყოფობის.
- ვინ არის ის ადამიანი, ვისაც პრობლემებსა და გასაჭირზე ესაუბრები, ვისთან "იხსნები"?
- ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ, რადგან ძალიან კომუნიკაბელური ვარ, არადა მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ ზრდილობის საკითხია. საერთოდ, ვცდილობ, ჩემი პრობლემები არავის მოვახვიო თავზე.
- ვინ არის შენი მესაიდუმლე?
- მეუღლე ნიკა და კიდევ რამდენიმე მეგობარი, რომლებთან ერთადაც ბავშვობიდან მოვდივარ.
- მომრიგებელ-მოსამართლის ფუნქციასაც ხომ არ ითავსებ?
- მოსამართლე ნაკლებად ვარ, უფრო მომრიგებლის სტატუსს ვირგებ - "ოღონდ არ იყოს ბუნტი". ძალიან არაკონფლიქტური ვარ და სულ ვცდილობ, სხვებიც ავაცდინო ამას. ყველასა და ყველაფერში დადებითს ვეძებ და ვპოულობ კიდეც. ამიტომ ვცხოვრობ მეტ-ნაკლებად ბედნიერად. რასაც ვერ გამოვასწორებ, იმას არც ვეჭიდები.
- ადვილია ნინოს წყობიდან გამოყვანა? რას აკეთებ გაბრაზებული - ყვირი, ლეწავ, ბევრს ჭამ, ხმას არ იღებ...
- ბოლო დროს ჩუმად ვბრაზდები, ხმას არ ვიღებ. ხშირად ვერც ხვდებიან, რომ გაბრაზებული ვარ, ყვირილს ვერ ვიტან.
- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანებს? რის გამო შეიძლება "ჩამოინგრეს" მრავალწლიანი ურთიერთობა?
- საყვარელ ადამიანს, მეგობარს ყველაფერს ვაპატიებ და ბევრისათვის მიპატიებია კიდეც. თუ ერთხელ შემიყვარდა ადამიანი, სამუდამოდ მიყვარს. მაგალითად მე და ნიკა, ჩემი მეუღლე, უკვე 18 წელია ერთად ვართ. სხვათა შორის, მეგობარიც არასდროს დამიკარგავს. ვფიქრობ, ცხოვრებაში გამიმართლა, ძალიან კარგი ადამიანები შემხვდნენ.M
- შეგიძლია გრძნობებისა და ემოციების კონტროლი, თუ ყველაფერი სახეზე "გაწერია"?
- საერთოდ ემოციური ვარ, მაგრამ თუ მინდა, არ დამეტყოს, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი რეაქცია შეუმჩნეველი დარჩეს.
- როგორი შვილი ხარ, როგორი დედა და როგორი მეუღლე?
- დედა უკეთესი მყავს, ვიდრე მე შვილი ვარ. როგორც დედა, ვფიქრობ, ჩემი შვილისთვის კარგი მეგობარი ვარ, რადგან მე და ჩემი 17 წლის შვილი ვმეგობრობთ. და როგორც მეუღლე... მგონი ეს, ჩემს მეორე ნახევარს უნდა ჰკითხოთ. რადგან ამდენი წელია ერთად ვართ, ეტყობა, როგორც მეუღელს არა მიშავს (იღიმება).
- ვის გინდა, შენი შვილები დაემსგავსონ?
- ვინაიდან ჩემი ოჯახი მიყვარს, მინდა მეც და ჩემის ოჯახის წევრებს ჰგავდნენ.
- რამდენად კრიტიკული ხარ საკუთარი თავისა და სხვების მიმართ? რა გაღიზიანებს ადამიანებში?
- ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, საკუთარ თავს ყოველთვის ვაკრიტიკებ. ხან რა არ მომწონს საკუთარ თავში, ხან რა მაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვცდილობ გამოვასწორო შეცდომები.
- ვისგან იღებ შენიშვნებს, ვინ გაკრიტიკებს ყველაზე ხშირად?
- ყველაზე ხშირად დედაჩემი და ნიკა, ხშირად დაუმსახურებლადაც კი.
- რამდენად მტირალა ხარ? ბოლოს რის გამო მოგადგა თვალზე ცრემლი?
- უფ, ცრემლი რამდენიც გინდა. ადვილად მიჩუყდება გული. სერიოზული მტირალა ვარ. ჩემს ატირებას დიდი მიზეზი არ სჭირდება.
- რას შეცვლიდი, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს?
- რა ვიცი, ბევრ რამეს-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. პირად ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი, უფრო პროფესიულ საქმიანობაში შევიტანდი კორექტივებს.
- რა მიგაჩნია შენი ცხოვრების მთავარ შეცდომად?
- ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და ჩამოთვლას არ დავიწყებ. საბედნიეროდ, საკუთარ შეცდომებს ვაღიარებ და მათზე ვსწავლობ.
- დასასრულ, ისიც გვითხარი, სად და ვისთან ერთად ატარებ ამ ცხელ ზაფხულს?
- ბავშვებსა და ოჯახთან ერთად თბილისთან ახლოს აგარაკზე ვარ. თან ვმუშაობ. იმედია, აგვისტოში ზღვაზე წავალ და კარგად დავისვენებ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)