ავტორი:

"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

"თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის..." - დავეხმაროთ 10 წლის კესოს, რომელიც ორი წელია სიცოცხლისთვის იბრძვის

10 წლის კესარია ბახუტაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. გოგონას 2018 წლის სექტემბერში, გერმანიაში, ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში თავის ტვინის მაღალი ხარისხის დიფუზური გლიომის დიაგნოზი დაუსვეს.

იმავე წელს გერმანიაში რადიოდასხივების 30 კურსი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა, 2019 წლის აგვისტოში კესოს დაავადების რეციდივი მოხდა და სიმსივნის ზრდა დაიწყო, რის გამოც მას თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც კესოს დედა, თამუნა ჩახმახაშვილი AMBEBI.GE-სთან ყვება, კესოს ოპერაციის შედეგად სიმსივნის დაახლოებით, 50% ამოკვეთეს და მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა, რამდენიმე თვეში ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა.

დედის თქმით, გოგონა ახლა ექსპერიმენტულ მედიკამენტს იღებს, თუმცა, მისი შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისთვისაც ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

- თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჯამში ქიმიოთერაპიის 8 კურსი უნდა ჩატარებულიყო. 2 კურსის ჩატარების შემდეგ, კესოს სისხლის ფორმულას და ორგანიზმს აღდგენა ძალიან გაუჭირდა.

2019 წლის დეკემბერში, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ, თურქმა ექიმებმა დააფიქსირეს, რომ სიმსივნე იმაზე მეტად გაზრდილი იყო, ვიდრე ქირურგიულ ჩარევამდე. ამიტომ, აჯიბადემის კლინიკის ონკოლოგმა ბავშვის მკურნალობა შეწყვიტა, გვითხრა რომ მას მეტი ბერკეტი არ ჰქონდა

დავგეგმეთ ვიზიტი სხვა ონკოლოგთან და შემოგვთავაზეს ექსპერიმენტში ჩართვა, კერძოდ, შოგვთავაზეს ისეთი საცდელი მედიკამენტი, რომელმაც კარგი შედეგი აჩვენა ანალოგიური დიაგნოზის პაციენტებზე

აღნიშნული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციას იქამდეც ვფლობდით, თუმცა მისი შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ბოლო იმედი ეს წამალია და საქართველოში დაბრუნებისთანავე, 2020 წლის იანვრიდან კეთილი ადამიანების დახმარებით მოვახერხეთ მისი მოპოვება და მიღება.

მანამდე, ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. გადავწყვიტეთ გარკვეულ რისკზე წასვლა, რაც გულისხმობდა ხელმეორედ რადიოლოგიურ დასხივებას. დასხივების პროცედურის ორგანიზებისას აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში განვითარდა ჰიდროცეფალია, რისთვისაც სასწრაფოდ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა - თავის ტვინში შუნტის ჩადგმა.

ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ლადო წიქარიშვილის და აჩიკო აგლაძის მიერ. მადლობა მათ ამისთვის! თუმცა, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან იზრდებოდა სიმსიმნე და ასევე იყო თავის ტვინის შეშუპებაც.

2020 წლის თებერვალში თოდუას კლინიკაში სასწრაფოდ დავიწყეთ რადიოლოგიური დასხივება. პარალელურ რეჟიმში ჩავატარეთ კვლევები თურქეთსა და ამერიკაში, რაც ემსახურებოდა იმას, რომ შეგვესწავლა სიმსიმნის გენური მუტაცია და ამ მუტაციების მგრძნობელობა მსოფლიოში არსებული ყველა მედიკამენტის მიმართ, რათა გვეპოვა გზა, კიდევ რისი გაკეთება შეიძლებოდა.

დადგინდა, რომ სიმსივნურ წარმონაქმნში არის ისეთი მუტაცია, რომელზეც პოზიტიური შედეგი აჩვენა რამდენიმე მედიკამენტმა. ამ მედიკამენტის შესაძენად, იმისთვის, რომ კესომ შეძლოს ბრძოლა, გვჭირდება თვეში 8 300 ლარი. ასევე, ბავშვი იღებს საექსპერიმენტო წამალს, რაც ღირს ძალიან ძვირი, კვირაში 850 ევრო, ანუ თვეში 3 400 ევრო. სწორედ ეს არის დამატებითი სირთულე - თვეში 20 000 ლარი გვჭირდება მედიკამენტებისთვის...

სამწუხაროდ, საექსპერიმენტო წამლის დაფინანსებაც არ ხდება. სახელმწიფო აქამდე განხორციელებული მკურნალობის დროს ძალიან დაგვეხმარა, თუმცა, ეს დახმარებაც ლიმიტირებულია. ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას შედეგი აქვს, ბავშვის მდგომარეობა კლინიკურად გაუმჯობესდა, ძალიან ძნელია მკურნალობის შეწყვეტა უსახსრობის გამო...

ამიტომ საზოგადოების დახმარების იმედი გვაქვს, საზოგადოების, რომელიც აქამდეც ჩვენს გვერდით იდგა! არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უკვე თითქმის ორი წელია კესოს ყოველ დღეს მჩუქნიან - ჯანდაცვის სამინისტოს, თბილისის მუნუციპალიტერის მერიას, კახა კალაძის ფონდს, მაჟორიტარ რიმა ბერაძის ბიუროს, დიმიტრი ცინცაძის ფონდს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ტკვილის სადარაჯოზე დგანან და მზად არიან ჩვენთან ერთად იბრძოლონ...

ყველას მინდა მივმართო უმორჩილესი თხოვნით, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ჩემი ციმციმა გოგოს გადასარჩენად" - უთხრა AMBEBI.GE-ს კესო ბახუტაშვილის დედამ, თამუნა ჩახმახაშვილმა.

კესოსთვის მკურნალობის თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ გოგონას მშობლების ანგარიშის ნომრებზე:

"თიბისი ბანკი":

GE65TB7192745064300002

მიმღები: თამარ ჩახმახაშვილი

"საქართველოს ბანკი":

GE63BG0000000101336837

მიმღები: ნიკოლოზ ბახუტაშვილი

საგარეჯოში მომუშავე ექთანს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 შემთხვევა მივიღეთ და აქედან 95 პაციენტი უკვე გაწერილია" - ლევან რატიანი

ფოტო ვაკის პარკიდან: ატირებული ვეტერანი სტალინის სურათით ხელში