ავტორი:

გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს

გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს, არ ადასტურებს.

როგორც გია ბარამიძემ, "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სულ ახლახანს, დასრულდა მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა უკრაინის პარლამენტში ფრაქცია "გოლოსთან“.

"ჩვენ ნამდვილად ვერ დავადასტურებთ აღნიშნულს, ვინაიდან ამის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა. ეს ასე, რომ იყოს მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ დამალავდა და გადაწყვეტილებას ცხადია, საზოგადოებას აცნობდა .ხოლო რასაც დაგიდასტურებთ და რაც ნამდვილად მოხდა არის ის, რომ სულ ახლახანს დამთავრდა უკრაინის პარლამენტში, რადაში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ფრაქცია "გოლოსთან".

ეს პარტია ფორმალურად არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, მაგრამ საკმაოდ რეფორმატორულად განწყობილი დეპუტატთა კორპუსი ყავს. ამ შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულ, კარგ და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. ბევრია ახალ პოლიტიკოსებში ისეთი, ვისაც უკრაინაში რეფორმების განხორციელება უნდა, მაგრამ ასევე ბევრი არის, ვისაც ეს არ აწყობს. ამიტომ არის, რომ უკრაინა უკვე 30 წელია დამოუკიდებელია, მაგრამ იმ კორუფციის ჭაობშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით. უკრაინაში ძალიან ბევრი ოლიგარქია, ოლიგარქიული სისტემაა და ეს პოლიტიკური თუ ფინანსური ელიტა ხეირობს ამ სიტუაციით და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა ამ ძალებისგან არის უზარმაზარი. ამიტომ სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც ახლა მიშას ხშირად ეძახიან, პოლიტიკური „ბულდოზერი“, რომ ეს კორუფციული სისტემა გაიწმინდოს და ბუნებრივია პირველი ბრძოლა სწორედ ახლა გაიმართება“,- განაცხადა გია ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია მისი მოლოდინები მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, ბარამიძე პასუხობს, რომ „თუ ზელენსკი აქტიურად ჩაერთვება ამ საქმეში, სააკაშვილის კანდიდატურა გავა“.

„თუ თვითონ პრეზიდენტი ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი უშუალოდ არ ჩაერთნენ, ისე აზრი არ აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის იქ ვიცე-პრემიერად წასვლას იმიტომ, რომ ეს ბრძოლა უნდა იყოს ყველას მხრიდან ერთნაირი, პირველ რიგში ზელენსკის მხრიდან. ეს უმთავრესად მისი პასუხისმგებლობაა და მერე არის პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს.

მათ შორის ძირითადმა დასაყრდენმა, მათმა გუნდმა პარლამენტში, თორემ მარტო სააკაშვილის მონდომება და უნარები არ ეყოფა ამ საქმეს. თუ არ ჩაერთო პრეზიდენტი ზელენსკი მე თვითონ ვურჩევდი სააკაშვილს, რომ ახლავე დაანებოს მაგ ამბავს თავი. თუ ჩაერთვება ზელენსკი ბოლომდე და სრულფასოვნად, დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის კანდიდატურა გავა“,-აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.