ავტორი:

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ნანი ბრეგვაძის ოჯახის წევრები - შვილიშვილი ლევან საყვარელიძე და მისი მეუღლე, ცნობილი ბიზნესლედი ფუფა გოგლიძე, რომლებიც კორონავირუსის დროს ჩაკეტილი საზღვრების გამო საქართველოდან შორს აღმოჩნდნენ, სამშობლოში ხვალ ბრუნდებიან.

ლევან საყვარელიძე ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის უფროსი შვილია. ფუფა და ლევანი რამდენიმე წელია დაქორწინებულები არიან და საერთო შვილი - 5 წლის ნიკო ჰყავთ.

მარტის დასაწყისში, უფროსი შვილის სანახავად ურუგვაიში წასულ ფუფა გოგლიძეს, სამშობლოში დასაბრუნებლად თითქმის ერთკვირიანი ლოდინი, ელჩების დახმარება და სპეციალურად ურუგვაი-არგენტინის საზღვრის გახსნაც კი დასჭირდა.

- ჩემი უფროსი შვილი ტატიანა გეთია ურუგვაიში ცხოვრობს და მასთან ვაპირებდი გაზაფხულზე წასვლას. ფრენა რამდენჯერმე გადავდე და ბოლოს 4 მარტს, საქართველოდან მადრიდში გავფრინდით. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი და ეკა გოგლიძე და მეუღლე - ლევან საყვარელიძე. მართალია, საქართველოში უკვე შემოსული იყო კორონავირუსი, მაგრამ ასეთი პანიკა არ იყო.

ფუფა გოგლიძის უფროსი შვილი, ტატიანა

თავდაპირველად მადრიდში ჩავფრინდით, ორი დღე ვიყავით, მუშაობდა ყველაფერი, ვერც წარმოვიდგენდი თუ ასე ჩაიკეტებოდა ყველაფერი. უბრალოდ, აეროპორტში რამდენიმე პირბადიანი ადამიანი შეგვხვდა.

- უმცროსი შვილი საქართველოში დატოვეთ?

- დიახ, თავიდან ვნანობდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე უკეთესი იყო. 6 მარტს მადრიდიდან მონტევიდეოში ჩავფრინდი შვილთან, 26 აპრილს უკან უნდა გამოვფრენილიყავით. 12 აპრილამდე ძალიან კარგად ვატარებდით დროს, ურუგვაიში ჯერ არ იყო კორონავირუსი დაფიქსირებული და ყველაფერი მუშაობდა.

ურუგვაიში რომ ჩავედით, იქ ზაფხული იყო, ახლა იწყება იქ ზამთრის პერიოდი. ლევანის, ჩემი მეუღლის დაბადების დღეც იქ აღვნიშნეთ. ჩვენსავით იქაც უყვართ დიდი ქორწილები და ერთ-ერთ 500-კაციან ქორწილში, მადრიდიდან სტუმრად ცნობილი დიზაინერი ქალი ჩამოვიდა, რომელიც კორონავირუსის ინფექციის მატარებელი იყო და ხალხს გადასდო. ასე გავრცელდა ურუგვაიში. ხალხს მანქანებზე ამ ქალის ფოტოები ჰქონდა აკრული წარწერით - "რას გვერჩოდი" და ქალაქში ასე დადიოდნენ.

- ალბათ მალევე დაიწყეთ ფიქრი დაბრუნებაზე?

- დიახ, იტალია-ესპანეთის მდგომარეობით დაზაფრულები ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. თავიდან უმცროსი შვილი ბებიებთან - ეკა მამალაძესთან და ნანი ბრეგვაძესთან იყო, მაგრამ ასე გამოკეტილს ბავშვს ძალიან უჭირდა. ძიძა კახელი ჰყავს და კახეთში გავუშვი მასთან. აკაკი წერეთელივით გავაძიძე, კახეთშია დღემდე.

ერთია, როდესაც ადამიანი მიდიხარ სადღაც და იცი, რომ დაბრუნდები, თუნდაც სამ თვეში და ნახავ შვილს, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა რა მოხდებოდა, როდის დავბრუნდებოდით. საზღვრები სრულად ჩაიკეტა და 20 აპრილიდან უკვე საშინელი პანიკა მქონდა. შეუძლებელი იყო, უკან ვერანაირი გზით ვერ ვბრუნდებოდით. ბოლოს საოცარი მარშრუტი ავარჩიეთ და ვფიქრობ, რომ გავრისკეთ, მაგრამ ღირდა.

ამ საქმეში ჩართულები იყვნენ ორი ქვეყნის ელჩები - არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი, ესპანეთში ჩვენი ელჩი ირაკლი გიორგაძე, რომლებიც ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მინისტრი დავით ზალკანიანი, საოცრად პატრონობს ყველა ქართველს, რომლებიც ასე ჩარჩნენ საზღვარგარეთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ კონსულს ურუგვაიში სოფიო ვეკუას. ეს ადამიანები მართლა ყველას ეხმარებიან, რომ არა ჩვენი მთავრობა და საგაერო საქმეთა სამინისტრო, მე ახლა ისევ იქ ვიქნებოდი. მართლაც საქმის პროფესიონალები არიან!

- როგორ ბრუნდებით ახლა საქართველოში?

- ურუგვაიდან არგენტინაში გადავედით. არგენტინიდან მადრიდში და ხვალ თბილისში მოვფრინავთ. მაგრამ ასე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი. ირაკლი ყურაშვილმა, ელჩმა, ურუგვაი-არგენტინის დაკეტილი საზღვარი გაახსნევინა ჩვენ გამო. საზღვრამდეც 4 საათი ვიარეთ მანქანით, სადაც ჩვენი ელჩი და კონსული დაგვხვდნენ. სერიოზული პრობლემა იყო ჩვენ დაბრუნებაზე, რადგან თვლიდნენ ადგილობრივი წარმომადგენლები, რომ არ იყო საკმარისი საბუთები, რაც გვქონდა. ერთადერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც ითვალისწინებდნენ, საქართველოში დატოვებული ჩემი 5 წლის შვილი იყო.

- ახლა მადრიდში ხართ?

- დიახ, ჩვენი ელჩი ირაკლი გიორგაძე დაგხვდა და დაგვაბინავა. ხვალ მოვფრინავთ საქართველოში. არ ვიცი, კორონიანი ჩამოვალ თუ კორონას გარეშე, უკვე არ მაინტერესებს, ისე მინდა დაბრუნება ჩემს ქვეყანაში და ჩემ შვილთან! სავარაუდოდ, კარანტინში გაგვიშვებენ, მაგრამ მთავარია, საქართველოში ვიქნები და ორ კვირაში ჩემ შვილსაც ვნახავ.

ახლა კარგად ვართ ყველა. ურუგვაიში ყოფნისას ერთ დღეს ჩემმა შვილმა თქვა, ვერ ვარ კარგადო და სასწრაფოში დავრეკეთ, შევავსეთ სპეციალური ფორმა და მეორე დღეს მოვიდნენ და ცხვირიდან ნაცხი აუღეს. საბედნიეროდ პასუხი უარყოფითი მოვიდა.

ნანი ბრეგვაძე შვილიშვილთან, ლევან საყვარელიძესთან ერთად

- თბილისში ეკა და ქალბატონი ნანი ალბათ ძალიან ნერვიულობდნენ...

- ნანი ყოველდღე გვირეკავდა... ძალიან ნერვიულობდა, ამბობდა, ვლოცულობ თქვენთვის და ყველაფერი კარგად იქნებაო! როგორ მენატრებოდა ჩემი შვილი ხომ ხვდებით, იმასაც კი ვფიქრობდი, ახლა კორონა რომ დამემართოს, აქ, უცხო ქვეყანაში, ცოცხალი თუ დავბრუნდები საქართველოში-მეთქი?!

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ირინა შეიკი პუტინის წიგნით ხელში - ფოტო, რომლის გამოც რუს მოდელს ქართველებმა ონლაინ-თავდასხმა მოუწყვეს