ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ მაისის ნომერი #5 (113), რომელშიც წაიკითხავთ:

  • 50-კაციანი რაზმის თავგანწირვა ანარიის ფორტში

ბათუმის აღმოსავლეთით დღემდეა შემორჩენილი ანარიის ფორტის ნანგრევები, რომლის ისტორია ერთ ღამეში 50 დაღუპული ქართველი მეომრის ისტორიას ინახავს. ბათუმში ფორტების აშენება ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო, შემდეგ რუსეთის იმპერიისთვისაც ქალაქი ოსმალეთთან ომისთვის მნიშვნელოვან პლაცდარმს წარმოადგენდა.

ანარიის ფორტი აგებული იყო ბათუმის აღმოსავლეთით არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეზე 361,6. ფორტის ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომლის პირადმა შემადგენლობამ წინააღმდეგობა გაუწია ოსმალურ არმიას, როდესაც მათ 1918 წლის 1(14) აპრილს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარის არაორგანიზებულობის გამო, ბათუმი თითქმის უბრძოლველად აიღეს. ფორტის პირად შემადგენლობას მეთაურობდა 24 წლის მამაცი კაპიტანი სიმონ შავგულიძე. მასთან ერთად იყვნენ კაპიტანი ზაქარია დოლიძე; პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე, პრაპორშჩიკი დავით ვანიძე და 50-მდე ჯარისკაცი.

მოწინააღმდეგეს დიდი ზარალის ფასად დაუჯდა ფორტის აღება. როგორც გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა: „გმირულად დაიღუპა თითქმის უკანასკნელი დამცველი ანარიისა, კაპიტანი შავგულიძე და უკანასკნელი ტყვიისმფრქვეველიც ჩაჩუმდა. ოსმალოები ფორტში შეიჭრნენ. შიგ არც ერთი ცოცხალი ქართველი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ანარიის მწვერვალის კალთები სულ დაფენილი იყო ოსმალთა გვამებით“. მოგვიანებით კაპიტანი შავგულიძე ქუთაისში გადაასვენეს და დაკრძალეს მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში. საბჭოთა პერიოდში იქ ადმინისტრაციული შენობები აშენდა და საფლავიც დაიკარგა, მაგრამ ნათესავებს ქუთაისის მერიის წინ მდებარე ცაცხვთან მიაქვთ ხოლმე აღდგომას ბზა და წითელი კვერცხები. ფორტი მოგვიანებით, 1920 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუბრუნდა ბათუმთან ერთად.

  • შავი ჭირის ეპიდემიები საქართველოში

საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიას უძველესი დროიდან იცნობდნენ. წერილობით წყაროებში დაავადების პირველი აღწერილობა მოცემულია XI საუკუნის ქართულ სამედიცინო ძეგლში – „უსწორო კარაბადინში“. ძველ ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში შავი ჭირის მკურნალობის ის მეთოდებია გადმოცემული, რომელიც საერთოდ ცნობილი იყო შუა საუკუნეების მკურნალთათვის. ერთი რამ საერთო იყო აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის საექიმო პრაქტიკისათვის – ემპირიული ცოდნა, რომელიც ეპიდემიების დროს დაგროვდა და რომელმაც უჩვენა, რომ ჰიგიენის პირობების დაცვით სენის გავრცელების შეჩერება შესაძლებელი იყო.

შუა საუკუნეების საქართველოში დროდადრო თავს იჩენდა შავი ჭირის ეპიდემიის ლოკალური კერები, ამასთან, ცნობილია პანდემიის შემთხვევებიც. 1346 წელს ბაიბურთში გადაწერილი სომხური სახარების მინაწერი ადასტურებს, რომ ამ დროს „ქართველთა ქვეყანაში“ რაღაც საშინელება მძვინვარებს... ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა ზომები მიიღო ხელისუფლებამ. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, 1346 წელს გიორგი V ბრწყინვალის გარდაცვალება ხომ არ იყო დაკავშირებული შავი ჭირის ეპიდემიასთან.

1366 წლისთვის ჟამიანობა კვლავ მოედო საქართველოს. სენმა სამეფო კარზეც შეაღწია. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, შავ ჭირს ემსხვერპლა ბაგრატ V-ის მეუღლე ელენე. შეიძლება ვარაუდის სახით დავუშვათ, რომ XIV საუკუნეში შავი ჭირის პანდემიის სხვადასხვა ეტაპს ემსხვერპლა, სულ მცირე, მოსახლეობის 10-20%-მდე და საქართველოს დემოგრაფიული სურათი კარდინალურად უნდა შეცვლილიყო. იქნებ ამანაც განაპირობა, რომ თემურ-ლენგის შემოსევების ჟამს ქვეყანას არ გააჩნდა სათანადო ადამიანური რესურსი, რათა მტრისთვის უფრო ქმედითი წინააღმდეგობა გაეწია...

  • რუანის ტაძარი

რუანისა და ნორმანდიის არქიეპისკოპოსის საკათედრო ტაძარი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გოტიკური ნაგებობაა. ის იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1876-1880 წლებში (კიოლნის ტაძრის დასრულებამდე) და დღესაც ყველაზე მაღალი ტაძარია საფრანგეთში. რუანის გრანდიოზული კათედრალი ფრანგთა სიამაყის საგანი და ხელოვანთა შთაგონების წყარო გახლავთ.

რუანში სახარება ჯერ კიდევ მაშინ იქადაგეს, როცა ის რომის პროვინციის დედაქალაქს წარმოადგენდა. ეპისკოპოსი პირველად IV საუკუნიდან იხსენიება, VII საუკუნიდან კი რუანი არქიეპისკოპოსის რეზიდენცია გახდა. პირველად ბაზილიკური ეკლესია რუანში IV საუკუნის ბოლოს აიგო... ვიკინგთა შემოსევების პერიოდში, 841 წელს, სატაძრო კომპლექსი ხანძარმა გაანადგურა. 911 წელს რუანი ახალშექმნილი ნორმანდიის საჰერცოგოს დედაქალაქი გახდა. საფრანგეთის მეფემ თავისი ასული მიათხოვა ვიკინგთა მთავარსარდალს, რომელიც პირველ ჰერცოგად ეკურთხა და ნორმანდიულ დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (მისი მემკვიდრეა უილიამ I დამპყრობელიც, ინგლისის მეფე).

ახალი ტაძრის მშენებლობა რუანში 1020 წელს დაიწყო რომანულ სტილში, 1035 წლიდან მშენებლობა ადრეული გოტიკის სტილში გაგრძელდა, 1200 წლის ხანძრის შემდეგ – მაღალი გოტიკის, ხოლო XV საუკუნიდან – გვიანი გოტიკის სტილში... 1822 წელს მეხის მეხუთედ დაცემამ აღორძინების ეპოქის დროინდელი შპილი შეიწირა. ახალი შპილი ნეოგოტიკურ სტილში ააგეს და 1876 წელს რუანის ტაძარი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობად იქცა, თუმცა, მხოლოდ ოთხი წლით.

  • როგორ გააცურეს ლუვრი მარიფათიანმა ოდესელმა ებრაელებმა

საიტოფერნი – ასე ერქვა სკვითების ლეგენდარულ მეფეს, რომელიც თავისი სისასტიკით იყო ცნობილი. თქმულების თანახმად, საიტოფერნს ანტიკური ქალაქის, ოლვიის აწიოკება სურდა. ქალაქის მცხოვრებლებმაც მას ოქროს გვირგვინი მიართვეს, აქაოდა, ეს გამოსასყიდი იკმარე და ნუ აგვაწიოკებო. მეფეს გვირგვინი იმდენად მოეწონა, რომ ქალაქი აღარ დაურბევია. ასეთია ძველი ლეგენდა.

1896 წელს ვენის ერთ-ერთმა გაზეთმა სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ ყირიმში მცხოვრებმა გლეხებმა მნიშვნელოვანი ისტორიული ნივთი იპოვეს. შესაძლოა მათ რუსეთიდან გაქცევა მოუხდეთ, რადგანაც მთავრობას ამ ნივთის კონფისკაცია სურსო... გვირგვინი ლუვრის წარმომადგენლებს აჩვენეს. „სკვითების მეფის გვირგვინი“ ცნობილმა სპეციალისტებმა შეისწავლეს, – ნაყალბევი იმდენად მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რომ ამას ვერც ერთი ვერ მიხვდა.

მალე სკვითების მეფის გვირგვინი ლუვრში გამოფინეს. მუზეუმის შესასვლელთან უზარმაზარი რიგები დადგა. ყველას სურდა ენახა შედევრი, რომელიც თურმე უბრალო გლეხებმა იპოვეს და საზღვარზე სიცოცხლის რისკით გადაიტანეს, რათა პარიზში ჩაეტანათ...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. „ცოცხალი ფოტოსურათები“ მეომრებისთვის
  • არმია და დამოუკიდებლობა. პირველი რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლები
  • გერბთმცოდნეობა. საქართველოს სახელმწიფო გერბის ისტორია. ერეკლე II-ის მეფობისას შექმნილი ქართლ-კახეთის გერბის ნიმუშები
  • სამოსელი ქართული / ქართველთა თავსაბურავი (დასასრული). ქუდი და გვირგვინი XIX საუკუნეში
  • პირველი რესპუბლიკა. არისტოკრატთა შთამომავლები დამოუკიდებლობის სამსახურში – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ფინანსთა მინისტრის, გიორგი ჟურულის ოჯახი და სოფელი არბო
  • პერსონა. „ერეკლე მეფის მეციხოვნე“
  • ხელოვნების ისტორიიდან. თამაში მეცნიერებისა და მხატვრული შემოქმედების ზღვარზე – „არის თუ არა ეშერის მხატვრობა ხელოვნება?!“
  • ისტორიული ფიგურები. როგორ გამოიყურებოდა ნაპოლეონი

P.S. მკითხველთა საყურადღებოდ - ისტორიანის“ მომდევნო ნომერი გამოვა სექტემბერში. აქცია 1+1: გამოცემის დროებითი შეწყვეტის პერიოდში, თქვენ ყოველთვიურად შეძლებთ „ისტორიანის“ ადრე გამოსული ორი ნომრის შეძენას ერთის ფასად

აქცია 1+1: ფასი წიგნის გარეშე - 3 ლარი, ფასი წიგნთან ერთად - 9 ლარი

თვეების მიხედვით შემოთავაზებული იქნება შემდეგი წიგნები:

  • ივნისში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 2, „თბილისი“
  • ივლისში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 3, „ომი და მეომრები“
  • აგვისტოში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 4, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“
  • სექტემბერში - „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, ტომი 5, „ვახტანგ VI“

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეთხუთმეტე თავი)

27 აპრილიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ქართველი მეფეების“ ახალი ტომი - „ლეონ II” უკვე ხელმისაწვდომია

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღებისათვის 3 დღე დარჩა