ავტორი:

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს

მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 517-ს შეადგენს, კახეთი ისევ მწვანე ზონად რჩება.

რეგიონში ჯერჯერობით ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სწორედ ამაზე ხუმრობენ კახელები, რომ ღვინის მადლი იცავთ. ნახევრად ხუმრობით იგივე აზრზეა რუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის დირექტორი პაატა გულიაშვილი:

- იზოლაციის პერიოდს თბილისში ვატარებ, თელავში ვერ წავედი, რადგან თეატრები დაკეტილია. ორი შვილი მყავს, ბიჭები, 12 და 14 წლის, უკვე დიდები არიან და გადავწყვიტეთ ოჯახი ერთად ვყოფილიყავით და არც ბავშვები გავუშვით. საბედნიეროდ, დიდები არიან და ადვილად ჩერდებიან სახლში, ხვდებიან, რომ საშიშია.

- კახეთში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ ყოფილა, როგორ ხსნიან ამას თელაველები?

- მეგობრები მირეკავენ ხოლმე და ვხუმრობთ, მგონი მართლა ღვინის მადლი გვშველის, სხვანაირად წარმოუდგენელია. თან აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ წესებსაც იცავენ კახელები. სხვათაშორის ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც ახალი გავრცელებული იყო ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, თელავის თეატრში დეზინფექცია ჩავატარეთ, თუმცა გადავდეთ ახალი სპექტაკლის პრემიერა და ასევე გადაიდო გასტროლები, რომელიც ახლა, ივნისში უნდა გვქონოდა უკრაინაში საკმაოდ ცნობილ ფესტივალზე.

დაგვიკავშირდნენ, რომ ჩანაწერის სახით მოხდეს სპექტაკლების ჩვენება, ხომ იცით, ახლა მთელი მსფოლიო უკვე ონლაინურთიერთობებზეა გადასული.

- სახლში ყოფნისას რა აღმოჩენები გააკეთე?

- მანამდე ოჯახის წევრებს დილას და გვიან ღამე ვხედავდი, მგონი მართლა ახლა გავიცანით ხალხმა ერთმანეთი. ჩემი მეუღლე თურმე ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. კარანტინი რომ დამთავრდება, მერე თავს ვერ გაიმართლებს, რომ რაღაც არ გამოსდის (იცინის). ასევე სენტიმენტალური გავხდი, ადრე ადამიანების ნახვა თუ გადამიდია დიდი ხნით, ახლა ყველა მენატრება. თან ხომ იცით, ალბათ გვარიდან გამომდინარეცაა, გულიანი ვარ.

ცოლ-ქმარს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, ნათესავებს შორის, მართლა შეიცვალა ურთიერთობები, მგონი მოგვენატრება მერე ასეთი დრო.

- მსახიობს, რომელსაც მუდმივად ბევრი საქმე ჰქონდა, არ გაგიჭირდა სულ სახლში ყოფნა?

- კი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია იმ ადამიანების, რომლებიც თუნდაც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გამოდიან და არღვევენ, მერე ამის გამო 3000 ლარით ჯარიმდებიან. წესებს ბოლომდე ვიცავ, მხოლოდ მაღაზიაში გავდივართ მე ან მეუღლე. სხვათაშორის ერთხელ გავიპარე ჩემს მეგობართან, ეზოიანი სახლი აქვს და რამდენიმე მეგობარი შევიკრიბეთ. მერე ვთქვით, მოდი, ბარემ მწვადი შევწვათო და დისტანციურად მაინც ვიქეიფეთ. ამ ბიჭებსაც პატარა შვილები ჰყავთ და ისინიც იზოლაციაში იყვნენ, საშიში არ ყოფილა.

- პაატა, მსახიობებს ხელფასებზე ხომ არ გქონიათ პრობლემა?

- სხვა თეატრებზე ვერ გეტყვით და ჩვენი თეატრი სახელმწიფოს დაფინანსებაზეა და საბედნიეროდ პრობლემა არ გვქონია. შტატიან მსახიობებს უხელფასოდ დარჩენა არ ემუქრება, თუმცა თელავის თეატრში რამდენიმე ოთახი გვაქვს გაქირავებული და იქიდან მიღებული შემოსავლით მოვახერხე, რომ თუნდაც პიარის სამსახური, რომელიც შტატში არ იყო, უხელფასოდ არ დამეტოვებინა. რთული წელი იქნება თეატრისთვის... სივრცე, რომელიც ბევრ ხალხზეა გათვლილი ასე მალე ვერ აღდგება და ალბათ სექტემბრამდე მაინც გადაიდება თეატრების გახსნა.

- პირველი რას გააკეთებ, როდესაც ყველაფერი დასრულდება?

- რამდენიმე წლის წინ მცხეთის საიხლოვეს ნაკვეთი ვიყიდე. ოჯახს გვინდოდა, რომ საკუთარი სახლი აგვეშენებინა, მაგრამ ბანკიდან სესხის აღებას ვერ ვრისკავდით. ახლა როდესაც მიხვდვით, როგორი საჭიროა საკუთარი ეზო, გადავწყვიტეთ, რომ თბილისის სახლი ბანკში ჩავდოთ და იმ ფულით ავაშენოთ. ძალიან გვინდა და იმედია, გამოგვივა.

- როგორ ფიქრობ, კახეთი ბოლომდე გაუძლებს პანდემიას?

- რა თქმა უნდა! იმის იმედიც მაქვს, რომ კარგი მოსავალი იქნება. ის ანეკდოტი ხომ იცით, ექიმი რომ გეტყვის ერთი ლიტრი ღვინო უნდა დალიოო, მაშინ სამი ლიტრი უნდა დალიო, თუ გეტყვის საერთოდ არ დალიოო, მაშინ ერთი ლიტრი უნდა დალიო. ჰოდა ეგაა, მართლა ღვინის მადლი... ახლა ჯანმო რომ არ იტყვის, კახური ღვინო შველისო, ხომ იცით... დალიეთ თუ გერგებათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

"COVID 19-ის მონიტორინგი და მართვა" -SEU-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით ონლაინ პანელ-დისკუსია გაიმართება

"ტვინი მოკლებულია აღქმას, ემოციებს... ასეთი მდგომარეობა სიკვდილის ტოლფასია" - რას წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის მდგომარეობაზე