ავტორი:

"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას

"ამ ჯგუფის სისხლი იშვიათია, საქართველოში დონორები ჭირს" - რატომ უწოდებენ IV ჯგუფს "ქრისტეს სისხლს" და რა მითები უკავშირდება მას

ადამიანის სისხლის 4 ჯგუფი არსებობს - I, II, III, IV. სიცოცხლის მანძილზე ეს ჯგუფი არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას მიღებულია მხოლოდ ერთი და იმავე ჯგუფის სისხლის გადასხმა, თუმცა შესაძლებელია სხვა, ოღონდ, მსგავსი რეზუს-ფაქტორიანი სისხლის გამოყენებაც.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ოთხი ჯგუფის სისხლიდან ყველაზე იშვიათი მეოთხეა. ამ იშვიათობის გამო, თურმე, ხალხში მას სამეფო სისხლსაც უწოდებენ...

თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ ქალბატონი, რომელსაც სწორედ მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს. ლია გელიაშვილი ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გახლავთ. გვეუბნება, რომ მისი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანთა რიცხვი ცოტაა:

„ოჯახში მხოლოდ მე მაქვს მეოთხე ჯგუფის სისხლი, ის არც დედას და არც მამას ჰქონია. ჩემი სისხლი ჩემს შვილებსაც კი არ გამოჰყვათ.

ბევრს ვერაფერს გეტყვით ამ ჯგუფის შესახებ, მაგრამ ასე ვიცი, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლს ქრისტეს სისხლს, ყველაზე ახალგაზრდას და იშვიათს ეძახიან...

სულ მინდოდა დონორი ვყოფილიყავი, მაგრამ ბავშვობაში „ბე ჰეპატიტი“ მაქვს გადატანილი და რამდენჯერაც ამის სურვილი გამოვთქვი, სპეციალიტებისგან იმდენჯერ უარი მივიღე“.

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დირექტორი მარინა სრესელიც მათივე ცენტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გვიდასტურებს, რომ სისხლის მეოთხე ჯგუფი მართლაც იშვიათია - „ჩვენი ყველა დონორის სისხლის ჯგუფი, რეზუსი განსაზღვრული და აღრიცხულია. გეტყვით, რომ ჩვენთან ამ ჯგუფის დონორთა დენადობა დიდი არ არის და არც სტაციონარებიდანაა ამ სისხლზე დიდად მოთხოვნა. სტაციონარებთან ხელშეკრულებები გვაქვს დადებული და საჭიროებისას, გარკვეული სისხლის ჯგუფის მიხედვით, სისხლის მარაგის შექმნა ხდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლი მართლაც იშვიათობაა“, - აღნიშნავს ქალბატონი მარინა, ხოლო თუ რა განაპირობებს მის იშვიათობას, ამაზე პასუხი თითქმის არ არსებობს - „ეს ჯგუფი ნამდვილად ინდივიდუალურია... საერთოდ, ადამიანი რა ჯგუფის სისხლითაც იბადება, იმ ჯგუფით კვდება... ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყურადღება ხშირად იმას მიუქცევია, რომ - მეგრელ დონორებს უმეტესად პირველი დადებითი აქვთ ხოლმე, მაგრამ ეს ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მეგრელს პირველი დადებითი აქვს. მათში სხვა დანარჩენი ჯგუფებიც ფიქსირდება.

ადამიანებს სისხლის ჯგუფობრიობა გენეტიკურად, შთამომავლობით გადმოეცემათ - დედის და მამის მხრიდან... რაც შეეხება რეზუსს, უარყოფითს დადებითი ჭარბობს, ისე კი, მეორე დადებითი სისხლი ჩვენში უფრო მეტს აქვს“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

- საჭიროების შემთხვევში, მეოთხე ჯგუფს მეოთხეს გარდა, კიდევ რომელი ჯგუფი აწვდის სისხლს?

- ადრე პირველი ჯგუფის სისხლი ესხმებოდა სხვა დანარჩენს, მაგრამ ახლა თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, ჯობია, ჯგუფი ჯგუფზე წავიდეს. დიდი პროცენტით სასურველია, რომ მეოთხეს მეოთხე გადაესხას. ხოლო თუ გამოუვალი მდგომარეობაა და იმ წუთში არ არის სხვა ჯგუფის სისხლი, მაშინ შეიძლება, პირველი უარყოფითი გადაესხას.

- მეოთხე ჯგუფის მქონე ადამიანები რაიმე ქრონიკული დაავადებებით ხომ არ გამოირჩევიან?

- არა, სისხლის ჯგუფობრიობა რაიმე პათოლოგიის განმსაზღვრელი არ არის. ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ამა თუ იმ დაავადების მატარებელი. ისე არ არის, რომ რომელიმე ჯგუფის სისხლი იცავს, ან პირიქით, რაიმე ტიპის პათოლოგიის წარმოქმნას უბიძგებს.

- არსებობს, მოსაზრება - თითქოს პირველი ჯგუფის სისხლი „ცისფერ სისხლად“ მიიჩნევა. ამაში რას გულისხმობენ?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით... ისე, პირველ ჯგუფს არიულს ეძახიან და ამას უმეტესად მეგრელები ამბობენ ხოლმე, როგორც ჩანს, ასე უნდათ, რომ იყოს. საერთოდ კი, ნებისმიერი ჯგუფის სისხლი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი კუთხის და წარმომავლობის ადამიანს.

- მეოთხე ჯგუფის სისხლს „სამეფო სისხლს“ უწოდებენ - ბაგრატიონებს ჰქონდათო...

- ამაზე სპეციალისტმა პასუხი რომ გაგცეთ და ეს საკითხი შევაფასოთ, მაშინ ხელთ უნდა გვქონდეს ბაგრატიონების ხაზის სისხლის ჯგუფობრიობა. ბაგრატიონებიდან ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, მათ რა ვუყოთ?! ისე კი, ახლანდელი ბაგრატიონების ბაგრატიონობაში ცოტა ეჭვი კი მეპარება.

ჩემთვის მაღალი რანგის წარმომადგენლად ის ითვლება, ვისაც ნორმალური, ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს. სისხლის მიხედვით გარკვეული რანგების მიწებების არ მჯერა და არც მომწონს.

- მოკლედ, ეს ყველაფერი მითის ნაწილია...

- ასე გამოდის... თუ ვინმეს ხელი მიუწვდება და ეს შესაძლებელია, უმჯობესია, გავარკვიოთ, დავადგინოთ ჩვენი წმინდანები, მეფეები, სახელოვანი მოღვაწეები, მაგალითად, ილია, ვაჟა, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი რა ჯგუფის სისხლისანი იყვნენ. ის ადამიანები, ვისაც მართლა ღვაწლი აქვს საქართველოს წინაშე. მათი სისხლის ჯგუფის შესახებ თუ სადმე რაიმე ინფორმაციას მოვიპოვებთ, აი, შემდეგ შეიძლება, გარკვეული ანალიზიც გავაკეთოთ.

საუბარს ონკოჰემატოლოგთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, ნინო შარაშენიძესთან ვაგრძელებთ:

„ამა თუ იმ ქვეყანაში რაღაც კონკრეტული ჯგუფის სისხლი მეტადაა გავრცელებული. მიიჩნევა, რომ საქართველოში პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობით მეორე ჯგუფის სისხლი გვხვდება, შედარებით ნაკლებია პირველი და კიდევ უფრო ნაკლები - მესამე და მეოთხე. მეოთხე ჯგუფი აერთიანებს ანტი A-ს და ანტი B-ს, ანუ მეორე და მესამე ჯგუფის ანტისხეულებს. შესაბამისად, მეოთხე ჯგუფის სისხლი იშვიათია.

ამ ჯგუფის სისხლისთვის ადრე უნივერსალურ დონორად პირველი უარყოფითი სისხლი ითვლებოდა, მაგრამ უკვე მრავალი ათეული წელია, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჯგუფი და რეზუსი არ არის ერთდერთი განმსაზღვრელი ფაქტორი - უამრავი ქვეტიპია. ამდენად, მიიჩნევა, რომ ყველა კონკრეტულ ჯგუფს მისი შესატყვისი სისხლი უნდა გადაესხას...

როდესაც ჩვენთან მეოთხე ჯგუფის მქონე პაციენტები ხვდებიან, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათთვის შედარებით გაძნელებულია მეოთხე ჯგუფის სისხლის მოძიება, რადგანაც დონორები ჭირს. საქართველოში ამ ჯგუფის მქონენი ცოტანი არიან. შესაბამისად ამიტომაც არის ამ შემთხვევაში მდგომარეობა მეტად გართულებული. ყოფილა შემთხვევები, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლისთვის მეორე ჯგუფის სისხლი გადაუსხამთ (მეოთხე ჯგუფის სისხლი მეორე ჯგუფის რაღაც გარკვეულ ნაწილს შეიცავს), ოღონდ, ფაქიზი ლაბორატორიული კვლევებია შესასრულებელი. მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ რადგან იშვიათი სისხლის ჯგუფია და დეფიციტურიც, პაციენტი სისხლის გადასხმის გარეშე რჩება,“ - აღნიშნავს ონკოჰემატოლოგი და კითხვაზე - ამ ჯგუფის მქონე ადამიანებში რაიმე ნევროლოგიური პრობლემები ხომ არ შეინიშნება, ასე გვპასუხობს: „ქართულ პოპულაციაში მეოთხე ჯგუფის სისხლი ძალიან ცოტა კი არის, მაგრამ ამ ადამიანებში რაიმე გენეტიკური, ვთქვათ, ნევროლოგიური პრობლემები არ შეინიშნება. მაინცდამაინც ამ პასუხში უფლებამოსილი დიდად არ ვარ, რადგანაც ამ ინფორმაციაზე სრულად ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ ჩემი ექიმობის განმავლობაში უამრავი მეოთხე ჯგუფიანი პაციენტი მინახავს, რომელთა ნევროლოგიური სტატუსი და ინტელექტი გაცილებით მაღალი ყოფილა სხვა პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტზე", - დასძენს ნინო შარაშენიძე.

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია