ავტორი:

"რამდენჯერ ქუჩაში დაგვიძინია მშივრებს..." - საფრანგეთში ლეიკემიით გარდაცვლილი ქალის უმძიმესი ისტორია, რომლის შვილიც დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო

"რამდენჯერ ქუჩაში დაგვიძინია მშივრებს..." - საფრანგეთში ლეიკემიით გარდაცვლილი ქალის უმძიმესი ისტორია, რომლის შვილიც დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსა და საქართველოში არაერთი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი გახდა. 44 წლის ნონა ყარაჯაშვილი ერთი კვირის წინ ჩამოასვენეს საქართველოში. იგი საფრანგეთში სიმსივნის სამკურნალოდ წავიდა, თან შვილი ახლდა. ახალგაზრდა ქალი ლეიკემიას ერთი წელი ებრძოდა და მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა...

თუმცა, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა - ნონას მკურნალი ექიმი და ექთანი COVID-19-ით დაავადდნენ. გარდაცვლილის შვილის თქმით, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო დედამისს სათანადო მკურნალობა არ უტარდებოდა, რადგან მედპერსონალის ყურადღება ძირითადად კორონავირუსით ინფიცირებულებისკენ იყო მიმართული.

დათო ჭარმაკიძე დედის დაკრძალვას ვერ დაესწრო, რადგან საფრანგეთიდან ჩამოსვლისთანავე კარანტინში გადაიყვანეს. იგი AMBEBI.GE-ს უმძიმეს ისტორიას უყვება.

დედა-შვილი ნონა და დათო

- დედაჩემს თავიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. 19 წლისას გარდაეცვალა ორივე მშობელი და მარტო დარჩა. რამდენიმე წელში გათხოვდა და დაქორწინებიდან 2 წლის თავზე მამაჩემიც გარდაიცვალა... ამის შემდეგ დედას მთელი ძალისხმევა ჩემი ღირსეული მომავლის შექმნისკენ იყო მიმართული. ყველანაირად ცდილობდა, არაფერი მომკლებოდა.

საკუთარი სახლი არ გვქონდა და დედაჩემის ძმის სახლში ვცხოვრობდით, ჩოხატაურში. რომ წამოვიზარდე, დედას გვერდით ამოვუდექი და მუშაობა მეც დავიწყე. ფიზიკურად ვმუშაობდი, როგორც შემეძლო. არაფერს ვთაკილობდით არცერთი და თავი გაგვქონდა. დედას ოცნება იყო, მესწავლა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირებაზე. ახლა მეოთხე კურსზე ვარ და იმედი მაქვს, შევძლებ დავამთავრო... სტუდენტობის პარალელურად ერთ-ერთ სუპერმარკეტში ღამის ცვლაში ვმუშაობდი და სწავლის გადასახადს ვფარავდი.

ერთი წლის წინ დედას ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა, ლეიკემია დაუდგინეს. კეთილი ადამიანების დახმარებით საფრანგეთში შევძელით ჩასვლა და მკურნალობის დაწყება.

დიდი გაჭირვება გავიარეთ იქაც - რამდენჯერ ქუჩაში დაგვიძინია მშივრებს, მაგრამ დედას მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდებოდა და ჩვენც სხვა არაფერი გვანაღვლებდა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, კარანტინი გამოცხადდა, სასტუმროში დაგვაბინავეს, რომ ქუჩაში არ ვყოფილიყავით და ვინმესთვის პრობლემა არ შეგვექმნა. კარანტინის გამო საავადმყოფოში მისვლას ვერ ვახერხებდით. ამას ისიც დაემატა, რომ ყურადღებას ძირითადად კორონავირუსიან პაციენტებს აქცევდნენ და ჩვენთვის როგორც ადრე, ისე ვეღარ იცლიდნენ.

მდგომარეობა უარესობისკენ წავიდა. მოულოდნელად დამძიმდა დედა და სასწრაფო გამოვიძახე. გადაიყვანეს თუ არა საავადმყოფოში, კომაში ჩავარდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..." - გვიყვება დათო.

22 წლის ასაკში სრულიად მარტო დარჩენილი ბიჭი ახლა კარანტინშია და როცა სასტუმროდან გამოუშვებენ, ჯერ არც ის იცის სად წავა, რადგან სახლი არ აქვს:

"ერთ კვირაში სრულდება ჩემი კარანტინი. კარებს რომ გამოვიხურავ ქუჩაში აღმოვჩნდები, რადგან საკუთარი ჭერი არ გამაჩნია... დედის ავადმყოფობის გამო ყველაფერი გავყიდეთ, რაც გვქონდა. არც სამსახური მაქვს, არც ახლო ნათესავები მყავს. ახლა აქ ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის, საკუთარ თავთან მარტო ყოფნისთვის და ვფიქრობ ყველაფერზე.

22 წლის ასაკში სრულიად მარტო აღმოვჩნდი ცხოვრების პირისპირ. ერთადერთი დედა მყავდა და ისიც გარდამეცვალა...

თან მეოთხე კურსზე ვარ და სწავლის დასრულება ძალიან მინდა. ძალიან ძნელია ასეთ დროს არ გატყდე და უიმედობაში არ ჩავარდე. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ზოგიერთ საკითხს. დედაჩემი ოცნებობდა, რომ მესწავლა და მომავალი შემექმნა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დედას ოცნება ავუსრულო. მისი გადარჩენა ვერ შევძელი, მაგრამ თავს არ დავზოგავ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც დამარიგა და დამიბარა. ამაზე დიდი სტიმული რა შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდა ადამიანს?

მართალია, ახლა, ჩემს მდგომარეობაში ეს ცოტა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ წარმატებას აუცილებლად მივაღწევ! მე მგონია, რომ დედა სხვა სამყაროში გადაცხოვრდა, საიდანაც მიყურებს და მგულშემატკივრობს. ოდესმე ხომ აუცილებლად შევხვდებით ჩვენს საყვარელ ადამიანებს, ამიტომ არ გვაქვს უფლება მათ იმედები გავუცრუოთ" - უყვება დათო ჭარმაკიძე AMBEBI.GE-ს.

ვისაც ახალგაზრდა კაცის დახმარების სურვილი და საშუალება გაქვთ, ეს მისი ანგარიშის ნომერია "თიბისი" ბანკში:

GE58TB7948045061100066

ტელ: 574016760 დათო ჭარმაკიძე

"საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ" - როგორია პროტოკოლი იმ შემთხვევისთვის, თუ საბავშვო ბაღში ბავშვს მაღალი ტემპერატურა ექნება

თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 კორონავირუსის შემთხვევების გამო არ გაიხსნა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა