ავტორი:

"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ

"სტილისტსა და კლიენტს შორის მცირე დაშორებაა, ამიტომ რისკი არსებობს" - სილამაზის სალონები სავარაუდოდ, მომსახურებას გააძვირებენ

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბიზნესის საქმიანობის შესახებ მთავრობის დადგენილებებს პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან სილამაზის სალონების წარმომადგენლები. საუბარია რეგულაციებზე, რომელიც ეხება სალონებში მომუშავე პერსონალს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის აუცილებლობასა და მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვას.

ამჟამინდელი ინფორმაციით საქართველოში სილამაზის სალონები 8 ივნისს გაიხსნება, თუმცა საქართველოს სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი თამუნა შარაშენიძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ შესაძლოა ამ თარიღმა გადმოიწიოს:

- თავიდანვე გამოვთქვით პრეტენზია ამ შეზღუდვებზე, რადგან ბევრი რამ ჩვენთვის აუხსნელი იყო. კარგია, რომ გაითვალისწინეს ჩვენი აზრი და გვითხრეს, რომ საბოლოო რეგულაციები ურთიერთთანამშრომლობით იქნება მიღებული.

შევხვდით ბიზნესომბუდსმენს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ამ დადგენილების შემუშავებაში იყო ჩართული. ნაყოფიერი შეხვედრა გამოდგა და საბოლოო კონსესუსს ალბათ მომდევნო კვირაში მივაღწევთ. ყველაზე დიდი უკმაყოფილება იმ რეგულაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც 5 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია ერთ სივრცეში, მიუხედავად სალონის ფართისა. ეს აბსურდია. ასევე ფარების გამოყენება, რადგან შეუძლებელია ფარით იმუშაონ სტილისტებმა. სათვალე და პირბადე საკმარისი პრევენციაა.

აქვე მინდა, მოვუწოდო სალონის მფლობელებს, დაარეგისტრირონ თავიანთი ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ სპეციალურ ბმულზე. ამ ბმულის ლინკი ჩვენი ფედერაციის ვებ-გვერდზეც არის მითითებული. ამის შემდეგ მათ შეამოწმებს სპეციალური ჯგუფი, რომ დარწმუნდებიან საფრთხე არ არსებობს, უფრო მალე მიიღებენ სალონების გახსნის გადაწყვეტილებას.

რაც მთავარია, ამ შემოწმებისას ჯარიმები არ არის გათვალისწინებული. მისცემენ მითითებებს და მისი შესრულების შემდეგ სალონს მიეცემა საშუალება, რომ გაიხსნას" - ამბობს თამუნა შარაშენიძე.

ერთ-ერთი სალონების ქსელის ხელმძღვანელი ლიკა ობოლაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობს, რომ რეგულაციების პირობებში სალონებში მომსახურების ფასების მომატება გარდაუვალია.

- ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი არის ის, რომ არ არის მითითებული რამდენ კვადრატულ მეტრზე, რამდენი ადამიანი უნდა იყოს. მითითებულია მხოლოდ ის, რომ სალონში ხუთ ადამიანზე მეტი არ დაიშვება. გამოდის, რომ ყველაზე გამართული და დიდი სალონები ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემს სალონს, ჩვენ ვართ ჰოლანდიური ბრენდის წარმომადგენლები და იქედან გვაქვს მოწოდებული რეგულაციები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმშიც ვიცავდით. ჰოლანდიასა და გერმანიაში უკვე ორი კვირაა გაიხსნა სალონები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სალონები ჩუმად მუშაობენ, დადიან ბინებზე ან სახლებში იბარებენ კლიენტებს. ეს კი გაცილებით სარისკოა, ამიტომ ჩემი აზრით, უნდა გაიხსნას სალონები 8 ივნისამდეც, რათა არ გაჩნდეს შავი ხვრელები, რომელიც უფრო მეტ ზიანს მოიტანს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბიზნესი და მთლიანად ეკონომიკა ზიანდება ამით.

რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ, აუცილებლად გაიზრდება, რადგან ახლა ჩვენ დამატებითი ხარჯები გაგვიჩნდა. ყველას უნდა გვეკეთოს პირბადეები, ხელთათმანები და სათვალეები. ამასთან, ყველას უნდა გვქონდეს დამატებითი პირბადეები, რომ მივაწოდოთ კლიენტს, თუ ის მოვა პირბადის გარეშე. ვიცით, რომ მოიმატა პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების ფასებმა, ამიტომ გარდაუვალია ფასების მომატება" - გვეუბნება ლიკა ობოლაშვილი.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პანდემიის პირობებში სილამაზის სალონების მუშაობის რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, უმჯობესია სალონების წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე დაწესებული რეგულაციები გაითვალისწინონ, თუნდაც უსამართლოდ მოეჩვენოთ ისინი.

- სალონების მუშაობა პანდემიის პირობებში შესაძლებელია, თუმცა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით. პირველ რიგში დეზობარიერები უნდა იყოს, რომ გარედან დაბინძურებული ფეხსაცმლით არ შევიდეს არავინ შენობაში. ეს არცერთი დაწესებულებისთვის არ იქნება ზედმეტი და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება სხვა წესებს, ზოგადად სტილისტსა და კლიენტს შორის დაშორება ძალიან მცირეა, ამიტომ რისკი არსებობს, მითუმეტეს შეიძლება პროცედურის პერიოდში დაცემინება და ხველებაც მოხდეს, ამიტომ მინიმუმ ნიღაბი და სათვალე უნდა იყოს გამოყენებული. თუ ორივე მხარე გამოიყენებს ნიღაბს, ფარი აუცილებლად არ მეჩვენება.

ადამიანების ოდენობას რაც შეეხება, ფართი ალბათ გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგრამ სჯობს, რომ სალონებმა მიიღონ ეს წესები, რაც დადგენილია ახლა და შემდეგ დარწმუნებული ვარ, თანდათანობით შეარბილებენ. ერთ სივრცეში ბევრი ადამიანის თავმოყრა, რაც არ უნდა დიდი ფართი იყოს, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამონასუნთქი ჰაერი მაინც გროვდება დღის განმავლობაში და თუ არ არის კარგი ვენტილაცია, რისკი მაღალია.

ამიტომ დასაწყისისთვის, თუნდაც მოეჩვენოთ უსამართლო შეზღუდვებად, უნდა მიიღონ ეს შეზღუდვები და ეტაპობრივად შეამსუბუქებენ" - უთხრა AMBEBI.GE-ს მაია ბიწაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოში სილამაზის სალონების გახსნა 8 ივნისიდან იგეგმება.

"ვაუ, რა მაგარია... ომიკო გილოცავ" - ალუაშვილების ემოციები, როდესაც კახა კალაძემ მის მიერ ნაჩუქარი ბინა აჩვენა (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს

იგეგმება თუ არა სალონების დაკეტვა 3 იანვრის შემდეგ? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი