ავტორი:

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა

რუსი მილიარდერის თვითმკვლელობა - პუტინთან და მიშუსტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომელსაც 90-იანებში ივანიშვილთან საერთო ბიზნესი ჰქონდა

რუსეთში მილიარდერი დმიტრი ბოსოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 2020 წელს Forbes-ის მონაცემებით, უმდიდრესი ადამიანების ასეულში 86-ე ადგილს იკავებდა. გამოცემა rbc.ru-ს ცნობით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა. 52 წლის ბოსოვი ანტრაციტისა და ნახშირის მომპოვებელი კომპანია "ალტეკის" უმსხვილესი აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც მის მიერვე დაფუძნებულ ჯგუფ "სიბანტრაციტსა" და "ვოსტოკუგოლს" აკონტროლებს.

გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი 1,1 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა.

ბოსოვი 1968 წელს ბარნაულში დაიბადა. 1991 წელს მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და მალევე ჩაერთო ვაჭრობის სფეროში. აღსანიშნავია რომ, ბიზნესში პირველი ნაბიჯები საქართველოს ყოფილ პრემიერთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადადგა - რუსულ წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ 90-იან წლებში ის გახდა კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერი ბორის ივანიშვილთან ერთად. 1997 წლიდან 2000 წლამდე ბოსოვი ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, 2000 წელს დააფუძნა ჯგუფი "ალტეკი".

აღსანიშნავია რომ, პოლიტიკაში მოსვლის პირველ პერიოდში ალუმინის ქარხანაზე საუბრისას ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ როგორც კი ვითარება სახიფათო გახდა, მან იქ წილები ოცმაგ ფასად გაყიდა. საუბრობდა, როგორ დახვდნენ მის პარტნიორს კრასნოიარსკის აეროპორტში ბანდიტები, ადგილობრივ სასაფლაოზე წაიყვანეს და ის ხალხი შეახსენეს, ვინც "ალუმინის ომებს" შეეწირა:

"იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო ჩემო! ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა" - ასე ხსნიდა ივანიშვილი ალუმინის ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ბოსოვის კომპანია "სიბანტრაციტს", როგორც rbc.ru-ს წერს, ის ჰოკეის მოყვარულთა კლუბის "ღამის ჰოკეის ლიგა" გენერალური სპონსორია, რომლის მატჩებშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი მონაწილეობენ. ბოსოვი, მიშუსტინთან ერთად, კიდევ ერთ მოყვარულთა ნაკრებში, "სპორტიმას" შემადგენლობაში თამაშობდა.

რუსული მედია წერს, რომ ბიზნესმენი და მსხვილი აქციონერი მოსკოვთან ახლოს, უსოვოს დასახლებაში მდებარე საკუთარ სახლში, სპორტდარბაზში იპოვა ცოლმა. მას ტყვია თავში აქვს ნასროლი...

ადგილობრივ გამოცემებთან საუბარში ბოსოვთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ბიზნესმენმა საკუთარი იარაღით Glock 19 gen 4-ით მოიკლა თავი, რომელსაც არასდროს იშორებდა. როგორც kommersant.ru წერს, "არაოფიციალური ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი მას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 2015 წელს, სამართალდამცავი ორგანოების განვითარებისთვის გაწეული მსხვილი ფინანსური დახმარებების გამო, მადლიერების ნიშნად აჩუქა".

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ბოსოვმა კომპანია "ვოსტოკუგოლში" საკუთარი ბიზნეს-პარტნიორი, ალექსანდრ ისაევი იმიტომ გაათავისუფლა, რომ ეჭვობდა, მის გატაცებას აპირებდა.

"ბოლო დროს ის ძალიან აფორიაქებული იყო, სკანდალები ჰქონდა ოჯახშიც. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მან ფინანსური აქტივების პირად ანგარიშზე გადაქაჩვა დაიწყო. შემდეგ, თანდათან ყველაფერი გართულდა. ყველას ეგონა, რომ ის აქტივებს გაყიდდა. საუბარი იყო "სიბანტრაციტის" გაყიდვაზე. თანხა, რომელსაც მას დაინტერესებული პირები სთავაზობდნენ, კომპანიის ვალებს ვერ ისტუმრებდა", - აცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის ახლობელი rbc.ru-სთან საუბარში.

გამოცემის წყაროს თქმით, მილიარდერს, რომელიც ანტრაციტის ექსპორტსა და მეტალურგიის სფეროში ლიდერი იყო, ბოლო ხანებში ბიზნესის საქმეები კარგად არ მისდიოდა.

compromat.group ბოსოვზე მომზადებულ სტატიაში "როსნეფტის" წილების ქონის პერიოდზეც წერს:

"ბოსოვმა რუსეთში ბელარუსი პარტნიორებისა და რუსი პოლიტიკოსების გზაც გადაკვეთა. საბოლოოდ, ოლიგარქმა კომპანია დატოვა. თუმცა, მომავალში გრანდიოზული ბიზნესგეგმები ჰქონდა. მაგალითად, რამდენიმე გვირაბის მშენებლობა, რომელიც 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

რუსულ მედიასთან საუბარში, მისი ახლობლები ამბობენ, რომ "ბოსოვს პრობლემის მოგვარება შეეძლო. როგორც ჩანს, ახლა საქმეში ისეთი პირები ჩაერთვნენ, რომლებიც მასზე მეტი გავლენებით სარგებლობენ, ან სწორედ გავლენიან გარემოცვაში აემღვრა წყალი. ანუ მასზე მაღალ კედელს შეეჯახა".

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკულ კომპანიაში Genius Fund Group მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, ამერიკის ყოფილმა სპეცრაზმელმა, ფრენსის რაჩოპიმ, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორი იყო და ლეგალური მარიხუანას ბაზრებზე მუშაობდა, რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამერიკელმა 1,35 მლნ დოლარი მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, დმიტრი ბოსოვმა ის და მისი თანამშრომლები ერთ დღეში გაათავისუფლა, რითაც შრომითი უფლებების შესახებ კალიფორნიის კანონმდებლობა უხეშად დაარღვია.

kommersant.ru-ს ცნობით, ასევე ცნობილი იყო, რომ ბოსოვი ამერიკულ ბაზარზე კანაბისის (მარიხუანადან მიღებული ფსიქოაქტიური პრეპარეტების კრებითი დასახელება) ინვესტორი გახდა. თავად ბიზნესმენი მის წინააღმდეგ ჩამოთვლილ საქმეებს "დაუჯერებელ სისულელეს" უწოდებდა.

როგორც რუსული მედია იუწყება, ბოლო დროს ბოსოვის გარშემო ნდობით აღჭურვილ პირთა სია სულ უფრო ვიწროვდებოდა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მის კომპანიებსა და ფინანსურ აქტივებზე თვალი სამთავრობო წრეებშიც ეჭირათ, მათ შორის ისეთებსაც, ვინც მის ბიზნეს-საქმიანობაში კარგად იყო ჩახედული. დაინტერესებულ პირებს შორის პრემიერ მიშუსტინის გვარმაც გაიჟღერა, რომელსაც ახლახან ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"როგორც ჩანს, საჭიროების შემთხვევაში, მას საქმეების მოგვარება კარანტინიდანაც შეუძლია", - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი სერგეი კლიმსკი.