ავტორი:

"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას

"15 ათასამდე შემომთავაზეს რეკლამაში... არ ენდოთ ხაფანგს!" - რა ვიცით სახიფათო დიეტის შესახებ, რომელსაც ცნობილი სახეები უწევენ პოპულარიზაციას

ადამიანები ოცნებობენ, იყვნენ ლამაზები, ჰქონდეთ იდეალური ფორმები, ამისათვის კი სხვადასხვა სახის პლასტიკურ ოპერაციებსა და დიეტებს მიმართავენ. წონაში დასაკლებად ვარჯიში წლებს მოითხოვს, თუმცა შედეგი ჯანსაღი და გარანტირებულია, აი დიეტების შემთხვევაში კი, ფიზიკურად არ იღლები და შედეგსაც რამდენიმე დღეში ხედავ, თუმცა რამდენად ჯანსაღს, ეს საეჭვო საკითხია...

ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" პოპულარული ქართველების გვერდები გამოჩნდა, სადაც ყვებიან როგორ მიაღწიეს იდეალურ წონას სპეციალური დიეტის საშუალებით და ურჩევენ ყველას, ვისაც ჭარბ წონასთან ბრძოლა სურს, ამ დიეტის დაცვას.

პერიოდულად აქვეყნებენ მადლიერი კლიენტების ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ვიღაცამ 3 დღეში 7 კილო დაიკლო, ტექსტიც ხშირ შემთხვევაში გულისამაჩუყებელია - როგორ ხდებიან ქორწილისთვის „ენერჯი სმარტ დიეტის“ საშუალებით. პროდუქცია რუსეთიდან შემოდის, თუმცა, როგორც ქართველი ინფლუენსერები თავიანთ ვიდეოჩართვებში ამბობენ, ის ფრანგულ-რუსული წარმოებისაა.

ალბათ ყველაფერი ასე ბედნიერად გაგრძელდებოდა, რომ არა ერთ დღეს დახურულ ფეისბუქ-ჯგუფში (GLAM FACTORY) გოგონას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ამ დიეტის შესახებ, რომელსაც დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარები მოჰყვა.

"დიეტის დაწყებიდან პირველივე დღეს, დღეში ორჯერ მქონდა დიარეა, მეორე დღეს 3-ჯერ. მივწერე რატომ მქონდა ასეთი საშინელი დიარეა და პასუხი “ზუსტად ეგ კუჭის აშლა ხელს გიწყობთ იმაში, რომ გახდეთ". დღე მესამე - ისე ცუდად და შეუძლოდ გავხდი, მეგონა მოვიწამლე, იმიტომ, რომ პირღებინება მქონდა და ასევე მწვავე დიარეაც. არ დაგავიწყდეთ, არ ვჭამდი არაფერს, მხოლოდ დღეში ერთხელ, ისიც მოხარშულს.

დედა ექიმი მყავს ️და მითხრა, რომ ეს უკვე ამ პროდუქტის დამასახურება იყო, მაინც არ დავუჯერე. დღე მეხუთე - ისე ცუდად გავხდი, რომ დამჭირდა გადასხმები, გამოვიფიტე მთლიანად, შემექმნა თირკმელებზე პრობლემა. მითხარით ხალხნო, ადამიანს დიარეა რომ გიგრძელდება 15-25-40 დღის მანძილზე,თან დღეში 4ჯერ, ეს ნორმალურია ორგანიზმისთვის?" - წერდა გოგონა.

მსგავსი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ბევრმა ახალგაზრდა ქალმა დაწერა, თუმცა, რადგან პოსტები დახურულ ჯგუფში დაიდო, მათ ანონიმურად დავტოვებთ:

"გადავწყვიტე დეტალურად ავხსნა ყველაფერი და მოგიყვეთ ჩემი ძალიან ცუდი გამოცდილების შესახებ. ეს დიეტა ქსელური მარკეტინგის აყვავების ერთ-ერთი ხრიკია და საკმაოდ ცნობილი ადამიანები თავიანთი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე ისეთ რეკლამას უკეთებენ, რომ მარტივად შეიტყუებენ ნებისმიერ ადამიანს და დააჯერებენ, რომ ეს პროდუქტი ძალიან კარგია.

ასევე ინტერნეტში ნახავთ ვითომ ექიმებს, რომლებიც ამ კოქტეილებზე დადებითად საუბრობენ და მეც კი, ადამიანს რომელიც მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეა, დამაჯერეს რომ ცდად ღირდა.

სანამ ამ პროდუქტს გამოვწერდი და მოხმარებას დავიწყებდი, ზუსტად 1 თვით ადრე მომიწია ყოველწლიურმა გამოკვლევამ და სისხლში რაც კი რამე შეიძლებოდა, ყველაფერი გამომიკვლიეს. არც ერთი მაჩვენებელი არ ყოფილა არადამაკმაყოფილებელი.

ჩამომივიდა კოქტეილები, 6 დღე დავლიე. დავიკელი 3-4 კილო (სითხის ხარჯზე) გავაგრძელე ჯანსაღი კვება და ვარჯიში და ამის მიუხედავად ეს წონა პირველივე კვირაში მოვიმატე. ყველაფერი აქედან დაიწყო - მალევე თავს ვეღარ ვგრძნობდი კარგად, მივხვდი რომ ჩემი ენერგიის დონე საკმაოდ დაეცა. დამეწყო თავბრუსხვევები. ერთ საღამოს სავადმყოფოშიც კი მოვხვდი ამის გამო და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. იქ გამიკეთეს სისხლის ზედაპირული ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ჰემოგლობინი მქონდა დავარდნილი და მითხრეს, რომ მივსულიყავი ოჯახის ექიმთან და თავიდან გამეკეთებინა დეტალური გამოკვლევა.

მალევე ჩავაბარე ანალიზები და აღმოჩნდა რომ:

  • ქოლესტერინი მაქვს დავარდნილი, რაც კონკრეტულად ამ კოქტეილის ერთ-ერთმა დანამატმა, დრაინ ეფექტმა გამოიწვია (ექიმის თქმით). ქოლესტერინის ნაკლებობა იწვევს უამრამ დაავადებას და ამის ასაწევად წამალი არ არსებობს. მხოლოდ ბალანსირებული კვება და ვარჯიში მიშველის
  • რკინა მაქვს მომატებული
  • B ჯგუფის ვიტამინები საშიშად გადაჭარბებული მაქვს სისხლში (წაიკითხეთ იმ კოქტეილების შემცველობა, შემთხვევით ძალიან ბევრ ვიტამინებს ხომ არ შეიცავს?)
  • თირკმელები მაწუხებს და მაგაზე კიდევ ცალკე გამოსაკვლევი ვარ. ღმერთმა უწყის რა პრობლემა შემიქმნა თირკმელებზეც

სახეზე მაქვს აშკარა სურათი: ჩემი სისხლის იდეალური მდგომარეობა ამ საშინელი პროდუქტის მიღებამდე და სისხლის სავალალო მდგომარეობა ამ პროდუქტის მიღების შემდეგ! თავბრუსხვევას ასე საშინლად რომ არ შევეწუხებინე და იმ დღეს საავადმყოფოში არ ამომეყო თავი, არც გამოვიკვლევდი მეორედ სისხლს და ვერც მივხვდებოდი რისი ბრალი იყო ჩემი უენერგიობა. ამიტომ, დამერწმუნეთ 100% აგირევთ სისხლში მაჩვენებლებს.

სავარაუდოდ, ვერც გაიგებთ დიდი ხანი და სისხლის ასეთი ცუდი სურათი ძალიან ბევრ დაავადებას განავითარებს თქვენს ორგანიზმში. ასე რომ, მართლა გირჩევთ არ გაეკაროთ და არ გარისკოთ თქვენი ჯანმთელობა, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში!" - წერს "ენერჯი დიეტის" მომხმარებელი საკუთარი გამოცდილების შესახებ.

თუმცა „ენერჯი დიეტის“ შესახებ ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტის კომენტარებში, კმაყოფილი მომხმარებლებიც წერენ, რომ შედეგს ნამდვილად მიაღწიეს და ცუდადაც არ გამხდარან. "მე ძალიან კმაყოფილი ვარ. საცდელად 7 დღე მივიღე ეს ყველაფერი და დავიკელი 4 კილოგრამამდე. არც ცუდად ვყოფილვარ, არანაირი უკუჩვენება, რთული კი იყო. გაგრძელებას არ ვაპირებ მაგრამ ასეთი საშინელებაა არაა"

მარიამ კვაშილავა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა და "ფეისბუქზე" ძალიან პოპულარული ქალების გვერდის - Glam Factory-ის დამფუძნებელია. ამ ჯგუფში "ენერჯი დიეტის" შესახებ დაწერილი უარყოფითი გამოხმაურების შესახებ ვკითხეთ.

როგორც მარიამმა AMBEBI.GE-ს უამბო, თავადაც მიიღო ამ კომპანიისგან შემოთავაზება, მაგრამ უარი თქვა. მიზეზი დიეტის უნდობლობა იყო და ასევე ის, რომ მოგების სანაცვლოდ მსგავსი პროდუქტის რეკლამა მისთვის მიუღებელია.

ჯგუფში განხილულ თემას გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევარი ჰყავს. როგორც მან დაწერა, დაუკავშირდა რუსულენოვანი მამაკაცი, რომელმაც დაუჯერებლად მაღალი თანხა შესთავაზა ამ პროდუქტის რეკლამირებისთვის.

"თუმცა ვუთხარი, რომ მათ მიერ დასმულ აუცილებელ პირობას, რომ უნდა დამედო ფოტოები, როგორ გავხდი, ვერ შევასრულებდი, ენერჯის ვერაფრით დავლევდი და მიპასუხეს რომ, არაა პრობლემა, თავად გამომიგზავნიდნენ ფოტოებს და მე უნდა დამედო, თითქოს ჩემი შედეგია. მანდ მივხვდი ყველაფერს, სადაც ხმა მიმიწვდება ყველას ვეუბნები, რომ არ ენდონ დაგებულ ხაფანგს!" - წერდა ჟორჟოლიანი.

AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა იცის მეტი, არც ისე უსაფრთხო დიეტის შესახებ:

- პირველად მომწერა ვიღაც ქართველმა კაცმა, კობამ, შემდეგ მესაუბრა რუსი, ვინმე კოლია. ეს ქართველი კაცი კი მეუბნება, მე მაგ კოლიასთან შეხება არ მაქვსო, მაგრამ როგორ არ აქვს შეხება, ზუსტად ერთი და იგივე რამ შემომთავაზეს. თანხაც კი იგივე იყო, მეილი მაქვს და შემიძლია ისიც კი წარვადგინო.

- თქვენ რატომ თქვით უარი დიეტის კოქტეილების რეკლამირებაზე?

- წარმოუდგენელი თანხა შემომთავაზეს, 15 ათასი ლარის ფარგლებში იყო ანაზღაურება. ამხელა თანხას ინფლუენსერს არავინ უხდის თუ აქ ყველაფერი რიგზეა. მე მიმუშავია ძალიან სერიოზულ კომპანიებთან, მაგრამ 15 ათას ლარს არავინ იხდის ერთ თვეში იმაში, რომ "ინსტაგრამზე" გვერდი გააკეთო. განა ესენი არ გადამიხდიდნენ, მაგრამ თვითონ ფაქტია არარეალური" - გვითხრა ჟორჟოლიანმა თავისი ეჭვების შესახებ.

ქართველ ინფლუენსერებს შორის, რომლებიც ამ კონკრეტულ პროდუქციას არეკლამებენ, ერთ-ერთია შორენა ბეგაშვილიც. დაკლების მსურველმა ბევრმა გოგონამ სწორედ მისი "ინსტაგრამიდან" შეიტყვეს დიეტის შესახებ და შეიძინეს "ენერჯი" კოქტეილები.

იცის თუ არა ტელესახემ, რომ პროდუქციას ამდენი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავს და თავად თუ დაულევია „ენერჯი სასმელი“ - ამ კითხვებით AMBEBI.GE შორენა ბეგაშვილს დაუკავშირდა:

- რა თქმა უნდა, მეც დამილევია და ჩემ შვილსაც, თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია. მე არ ვარ ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და ძალიან მალე ყველგან გამოქვეყნდება, რომ ეს კოქტეილები არ არის მავნებელი ორგანიზმისთვის.

- პროდუქცია რუსეთიდან შემოდის, არა?

- დიახ, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსულია, ცუდია? შეიხედეთ მაღაზიებში, დახლებზე რამდენი რუსული პროდუქტი დევს, რომელსაც უამრავი ადამიანი ყიდულობს.

- თქვენ ასეთ ფორმაში ყოფნას მხოლოდ კოქტეილით ვერ შეძლებთ, ვარჯიშობთ, თავს უვლით...

- რა თქმა უნდა, ზოგადად ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე.

იმაზე, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მსგავსი სახის კოქტეილების ურეცეპტოდ და ორგანიზმის გამოკვლევის გარეშე მიღება, კითხვით გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას მივმართეთ. მისი თქმით, კონკრეტულად ამ დიეტის კოქტეილების შემადგენლობას არ იცნობს, თუმცა რამდენიმე რჩევის მიცემა შეუძლია მათთვის, ვინც სწრაფ დიეტებს მიმართავს:

"დაუდგენელ მიქსტურებსა და "მცენარეულ საშუალებებს" აქვთ ღვიძლის დაზიანების პოტენცია (ასევე, სხვადასხვა გასტროენტეროლოგიური პრობლემების გამოწვევისაც).

რაც გინდათ ის მიიღეთ, ოღონდ სწორი სახელი დაარქვით ამ ყოველივეს - ექსპერიმენტს იტარებთ საკუთარ თავზე. დიახ, სამედიცინო კვლევას არა, ექსპერიმენტს. გთხოვთ, სხვებს ნუ მოუწოდებთ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებისკენ. თქვენი დაუდევრობით რამე საფრთხე არ მიაყენოთ.

დიეტის ეფექტურობას, ისევე როგორც მედიკამენტისას, სჭირდება დადასტურება სანდო სამეცნიერო კვლევებით, რომლებიც სანდო სამეცნიერო ჟურნალებში უნდა გამოქვეყნდეს და სანდო სამეცნიერო კონფერენციებზე უნდა გამოიფინოს!" - ამბობს გასტროენტეროლოგი.

აღნიშნული სტატიით არაფერს ვამტკიცებთ, ჩვენ მხოლოდ უკმაყოფილო და კმაყოფილი მხარეების კომენტარები შემოგთავაზეთ, როგორც ჩანს არც ისე უსაფრთხო დიეტის შესახებ. გახსოვდეთ, სილამაზე ყოველთვის არ მოითხოვს მსხვერპლს...

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ