ავტორი:

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

როცა საქმე პარკებისა და მწვანე დასასვენებელი ადგილების მოწყობას ეხება, დანიელები განსაკუთრებული კრეატივით გამოირჩევიან და ცდილობენ, რომ საზოგადოებას ინოვაციები შესთავაზონ.

როგორც copenhagenislands.com წერს, დანიელებმა შეიმუშავეს ახალი ურბანული სივრცის მოწყობის გეგმა და ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია "მცურავი პარკის" მოწყობა. პარკი ქვეყნის დედაქალაქში, კოპენჰაგენში უნდა გაკეთდეს. პარკის განსაკუთრებული ნაწილი "მცურავი ხეები" იქნებიან.

საქართველოში "მცურავი ხეები" წლებია აღარავის აკვირვებს, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, დანიელებმა იდეა ინოვაციად აქციეს და ორიგინალური დასასვენებელი პარკის მოწყობა გადაწყვიტეს.

პროექტის მიზანი ადგილობრივი სანაპირო ზოლის კიდევ უფრო გამოცოცხლება და განვითარებაა.

ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება სრულიად განსხვავებული ტიპის პარკი. პროექტი მოიცავს მოცურავე ხელოვნური კუნძულებისგან, "მოცურავე კაფეებისგან" და ასევე "მოცურავე ხეებისგან" შემდგარ პარკს, სადაც მისვლა პატარა ნავებით იქნება შესაძლებელი.

პარკის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით - ცურვით, თევზაობით, ან უბრალოდ, დასხდნენ, "მცურავ კუნძულზე" და დატკბნენ შესანიშნავი ხედებით.

პროექტის ავტორების მიზანია ინოვაციური პარკის საშუალებით, უცხოელი ტურისტებისთვის დანია კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქციონ და ასევე ისე დააგეგმარონ, რომ იქ ფესტივალების გამართვაც იყოს შესაძლებელი.