ავტორი:

შსს-მ "ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი" წალენჯიხაში დააკავა

შსს-მ "ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი" წალენჯიხაში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის შედეგად 27 წლის ე.წ კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული რ.უ. - მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უბილავა კრიმინალურ სამყაროში "ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდის" სახელით არის ცნობილი. "რეზიკო ჯვარსკი" "კანონიერ ქურდად" 2012 წელს, 19 წლის ასაკში "აკურთხეს".

იხილეთ ფოტოები