ავტორი:

"ჩემი ნაწარმოებები ჩემი შვილებია და მიყვარს, მაგრამ ვერავის დავავალდებულებ,  ჩემნაირად შეიყვარონ" - რა ნამუშევარი მიუძღვნა ნიკოლოზ რაჭველმა იტალიას

"ჩემი ნაწარმოებები ჩემი შვილებია და მიყვარს, მაგრამ ვერავის დავავალდებულებ,  ჩემნაირად შეიყვარონ" - რა ნამუშევარი მიუძღვნა ნიკოლოზ რაჭველმა იტალიას

დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, მაისიდან სექტემბრამდე ყველა განრიგით თუ გრაფიკით, თბილისში არ უნდა ყოფილიყო და ეს პერიოდი საზღვარგარეთ საგასტროლო ტურნესთვის უნდა დაეთმო, თუმცა, მსოფლიო პანდემიამ, როგორც ბევრი, ისიც სახლში გამოკეტა...

როგორ ცხოვრობს ხელოვანი იზოლაციაში, როგორ შეცვალა პანდემიამ მისი ცხოვრება და როგორ შექმნა ნაწარმოები, რომელიც იტალიას მიუძღვნა - ამაზე AMBEBI.GE-ს მკითხველს ნიკოლოზ რაჭველი თავად უამბობს.

- ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩემი ცხოვრების რეჟიმი ორნაწილიანი იყო: დღის პირველი ნახევარი, სიმფონიურ ორკესტრთან მუშაობას ეთმობოდა - დილას გავრბოდი, რათა შევხვედროდი მინიმუმ, 80-მდე ადამიანს. თუ პროგრამას გუნდთან ერთად ვამზადებდით, მაშინ 150 ადამიანთან ერთად ვმუშაობდი. შესაბამისად, ჩვევად მქონდა, ყოველდღიურად ბევრ კოლეგასთან კონტაქტი.

დღის მეორე მონაკვეთი, გვიანი შუადღიდან დაძინებამდე კი, დრო სიმარტოვეში გადიოდა, დირიჟორის პროფესია მუშაობას მოითხოვს და ყოველი რეპეტიციის წინ ვმეცადინეობდი. როგორც კომპოზიტორი, ამ შემთხვევაშიც სრულიად მარტო უნდა იყო, რომ ნაწარმოები შექმნა.

პანდემიის დროს ჩემს ცხოვრებაში მეორე ნაწილი გააქტიურდა - ესაა სახლში მარტო ყოფნა. მეგონა, ამ სიმარტოვეს და ამ დროს ახალი ნაწარმოების შექმნასა და სხვათა ნაწარმოებებზე მუშაობას დავუთმობდი, მაგრამ ასე არ მოხდა... ყველაფერი შენელდა, ფაქტობრივად, გაჩერდა, რამაც ჩემშიც რაღაც უნარების შენელება გამოიწვია, კონკრეტულად, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი.

მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შევძელი მუშაობა, როდესაც გიორგი გვარჯალაძემ გიორგი ცაგარელთან და გიორგი გიგაშვილთან ერთად კონცერტის ლაივში გაკეთება შემომთავაზა. ამ პროექტზე მუშაობისას ბედნიერი ვიყავი, ისევე როგორც ჩემი ახალი ნაწარმოების შექმნისას.

- ახალი ნაწარმოების შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

- იმ დროს, როდესაც იტალიაში ტრაგიკული ამბები ხდებოდა, ჩემს იტალიელ კოლეგას, მარიო სტეფანო პიეტროდარკის შევეხმიანე, მოვიკითხე. მინდოდა, სოლიდარობა გამომეხატა იმ საშინელი ამბების გამო, რაც იტალიაში ტრიალებდა... ის თანამედროვე მსოფლიოში წამყვანი აკორდეონისტია, რომელთან ერთადაც როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მითანამშრომლია.

მარიო ცრემლებს ვერ იკავებდა, რადგანაც საკუთარი თვალით ხედავდა იმას, რასაც ჩვენ ტელეეკრანით ვადევნებდით თვალს. საუბრისას მივხვდი, რომ ჩემი მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა მორალურ განმტკიცებას და გაძლიერებას ემსახურებოდა...

მითხრა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ მოვიცლიდი და მისთვის ნაწარმოებს ახლა, ამ სახლში ყოფნისას მაინც დავწერდი, რადგანაც ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. საერთოდაც მანამდე ამას სულ მთხოვდა, მაგრამ მიმდინარე პროექტების გამო ვერასდროს მოვახერხე. მოკლედ, მთხოვა - იქნებ დამიწერო, სიხარულით შევისწავლიო...

მივხვდი, რომ ეს იყო შესაძლებლობა, თუნდაც პატარა მუსიკალური ნაწარმოებით გამომეხატა ჩემი თანაგანცდა იტალიელების მიმართ იმ განსაკუთრებულად მტკივნეული რეალობის გამო, რომელიც მათ ამ პანდემიამ მოუტანა. ასე გაჩნდა ეს იდეაც.

- და მისთვის შექმნილ ნაწარმოებს აკომპანიმენტს თბილისიდან გაუკეთებდით, ის კი იტალიაში დაუკრავდა?

- დიახ და ამ ვიდეოს იტალიელები ნახავდნენ. მისი სურვილი იყო, ვიდეორგოლი სატელევიზიო არხებს გაეშვათ და მუსიკა რადიოსადგურებში გაეჟღერებინათ. ახლა ეს იგეგმება და მალე მთელი იტალიური საზოგადოება მოისმენს ჩვენს ნამუშევარს. ეს ქართული ხელის გაწოდებაა იტალიელი საზოგადოებისადმი. იტალია ჩვენთვის ძვირფასი ქვეყანაა.

სულ ვფიქრობ, რომ ევროპაში ყველაზე მეტად მსგავსი დნმ ჩვენ და იტალიელებს გვაქვს, ამის ნათელი მაგალითი ისაა, რომ ორივე ვოკალური კულტურის ერია... თავის დროზე, ქართულ კულტურაში იტალიური ოპერის შემოჭრამ ჩვენი ქალაქური სასიმღერო ტრადიციები შექმნა. ერთმანეთს ხასიათითაც ვგავართ, ხმაურიანები და ემოციურები ვართ. ვგავართ ოჯახებს შორის ურთიერთობებში, საქმისადმი დამოკიდებულებით...

- ნაწარმოები მარიოს ძალიან მოეწონა და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კიდეც: "გამიმართლა! ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, შემესრულებინა ნაწარმოები, სანტა მარია დელი ანჯელის წმინდა მონასტერში. ეს მუსიკალური მარგალიტი სპეციალურად ჩემი ქვეყნისთვის და ჩემთვის შექმნა ერთ-ერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. ის უბრალოდ, გენიოსია და მისი სახელია - ნიკოლოზ რაჭველი. რომ მოისმენთ, ამაში თავად დარწმუნდებით... დიდი პატივისცემა და მადლიერება თეონა ჯორბენაძეს, რომელმაც შექმნა ეს ჯადოსნური ვიდეო". თავად რა ემოცია დაგიტოვათ ნაწარმოებმა?

- ჯერჯერობით ალბათ მაინც წინ მაქვს ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით ემოციური შეგრძნებები. როდესაც რაღაცას აკეთებ და მას ადამიანები ცოცხლად, თუნდაც, საკონცერტო დარბაზში ისმენენ, სანაცვლოდ ტაშით, შეძახლებით გაგრძნობინებენ, რომ პუბლიკის გულამდე და სულამდე მიაღწია. მაგრამ როდესაც ეს დისტანციურად, ჩანაწერის სახით კეთდება, ვერ აღიქვამ, რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ჩემს შექმნილ ნაწარმოებს არასდროს ვაფასებ აღმატებულად. თითოეული ჩემი შვილია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერავის ვერასდროს დავავალდებულებ, ჩემი შვილები ჩემნაირად შეიყვარონ. თან, ეს ხდება, ან არ ხდება. მოკლედ, ახლა დაველოდები დროს და თუ მივხვდი, რომ დადებითი შეფასებები უფრო მეტია, ვიდრე საშუალო, ან ნეგატიური, მაშინ ჩავთვლი, რომ შემოქმედებითი კუთხით წარმატებულია.

საერთოდაც, საკუთარი ნამუშევრის აღიარებას სულ ვერიდები და მეშინია, ამან ჩემში შემდგომი განვითარების შეწყვეტა არ გამოიწვიოს. ყოველი კონცერტის შემდეგ (ვდირიჟორობ თუ ვასრულებ კლასიკას), არასდროს ვარ კმაყოფილი, მგონია, რომ არ არის იდეალური, წარმომედგინა, რომ უკეთესად შევძლებდი. ეს შეგრძნება კი უფრო მეტ მეცადინეობას მაიძულებს.

თეონა ჯორბენაძე - სცენარისტი და პროდიუსერი, კლიპის ავტორი:

- ლიზა ბათიაშვილისა და ქეთი მელუას შემდეგ, ნიკა რაჭველის და მარიო სტეფანო პიეტროდარკის ვიდეო უკვე მესამეა სერიიდან - "დისტანციური დიალოგი მუსიკით". მასთან უკვე წლების მეგობრობა გვაკავშირებს.

მარიომ საქართველოს შესახებ პირველად ტონინო გუერასგან გაიგო, რომელმაც ურჩია, რომ ჩვენი ქვეყანა მოენახულებინა და უპირველესად, რეზო გაბრიაძის თეატრში დასწრებოდა სპექტაკლებს. როცა გვაქვს შესაძლებლობა, ყოველთვის ვიწვევთ, მონათესავე სულია და ნამდვილი მეგობარი. მახსოვს, როცა ჩვენს მუსიკოსს ვატო მაღრაძეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მარიომ თავად მომწერა და მთხოვა საქველმოქმედო საღამო დამეგეგმა მისი მონაწილეობით.

მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ტონინო გუერა

იტალიისთვის მძიმე დღეებში სულ ვუკავშირდებოდით და ბოლოს ნიკამ ეს უმშვენიერესი კომპოზიცია შექმნა. დღეს ვკითხულობდი მარიოს იტალიელი კოლეგებისა და მეგობრების კომენტარებს და მიხარია, რომ მათ თანაგრძნობა, სიყვარული ამ ფორმით გამოვუხატეთ.

- პანდემიის გამო ყველა ევროპული ტურნე ალბათ გადაედო მარიოს და ცხადია, თქვენც...

- კი, ასეა. მარიო ყოველ კვირას სხვადასხვა ქვეყაში კონცერტს მართავს. ამ პერიოდში ეს ცხადია, შეუძლებელია... მეც გადამედო ტურები, რომელიც დაკავშირებულია ჩემს ბოლო ნამუშევრთან, ეს არის ლიზა ბათიაშვილის ახალი ალბომი, რომელიც ბერლინისა და ჩვენ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა. მუშაობა პანდემიამდე ბერლინში, ლონდონსა და თბილისში მიმდინარეობდა.

დისკი 1-ელ ივნისს გამოდის და ამ ალბომის დიდი საპრეზენტაციო ტურნე ბევრ ქვეყანაში იყო დაგეგმილი სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ერთი გამოსვლა ამავე დისკის პროგრამიდან ეიფელის კოშკის წინ, ბასტილიის აღების დღეს (კონცერტი ყოველწლიურად ტარდება), ესეც უნდა ყოფილიყო.

მოიხსნა ანიტა რაჭველიშვილთან ერთად მიუნხენის და ვენის კონცერტები და ასევე ჩემი ერთი-ორი საგასტროლო პროექტიც გაუქმდა. ლონდონშიც რამდენიმე კომპოზიციით უნდა წარმდგარიყავით.

თბილისში ეროვნულ ორკესტრის 95 წლის იუბილის აღნიშვნა გვქონდა დაგეგმილი, სახელმწიფო მორალურად და მატერიალურად დამიდგა გვერდით და დახმარებას დამპირდა, რომ ეს იუბილე ფილარმონიის დარბაზში ღირსეულად აღგვენიშნა. რითაც მთელი ერთი წლის განმავლობაში კონცერტების ჩატარებას უსასყიდლოდ, იჯარის გადახდის გარეშე შევძლებდით. ეს კონცერტებიც ჩაიშალა.

- როგორ შეაფასებთ ამ საყოველთაო დაპაუზების პერიოდს, რა ეტაპია ახლა მსოფლიოს ცხოვრებაში?

- ერთმანეთისგან განსხვავებული აზრები მესმის. ერთი მხრივ ძნელია, რაიმე პლუსი ნახო ისეთ მოვლენაში, რომელმაც, უზღვავი რაოდენობით ადამიანების სიკვდილი მოიტანა და უხერხულიც მგონია, როდესაც პანდემიის, კარანტინისა თუ იზოლირებული ცხოვრების შეფასებისას ადამიანები ხაზს უსვამენ დადებით ეპიზოდებს, მაგრამ თუ სტატისტიკას მივყვებით, ყოველდღიურად კოვიდინფექციის მიღმა სხვადასხვა მიზეზით, ასევე ურიცხვი ადამიანი იღუპება.

მაგრამ პანდემია ის საშიშროებაა, თუ იზოლაციით არ აღკვეთე, შეიძლება მართლა გადაიზარდოს ისეთ საშინელებაში, რაც ერთი საუკუნის წინ, ესპანური გრიპის სახით მოხდა, რამაც იმდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც მეორე მსოფლიო ომმა. ამიტომ, დღეს ჩვენი ბრძოლის ველზე ყოფნა ისაა, რომ ვიყოთ სახლში.

თუმცა, ამ დროსაც არ ისვენებს ჩვენი ოკუპანტი მეზობელი და ყოველდღიურად მომსწრენი ვართ საზღვრების გადმოწევის, დამცირების, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გატაცების და მათი კონტროლირებადი ტერიტორიის საპყრობილეებში ჩამწყვდევის. ეს ჩემზე ძალიან მძიმედ მოქმედებს. მაღელვებს ის ეკონომიკური შედეგები, რაც მსოფლიო დაპაუზებას მოჰყვება და მათ შორის, ჩემს ქვეყანაშიც. ვისაც აქვს საშუალება საკუთარი დანაზოგით, ან საბიუჯეტო ხელფასის შეუწყვეტლობით რამდენიმე თვე გამოკვებოს საკუთარი თავი, ხომ კარგი, მაგრამ ჩვენი საზოგადების ის ნაწილი, ვინც ყოველდღიურად შრომობს, წვალობს სხვადასხვა მიმართულებით და ახლა უსახსროდ არიან, რა ეშველებათ?! ამ ადამიანების ბედი მაღელვებს, განვიცდი.

მზად ვარ, შემოქმედებითი ცხოვრებით დავეხმარო. სიმბოლურად, აქამდეც, რაც შემიძლია ყოველგვარი ხმაურის გარეშე ისედაც ვაკეთებ, ასევე იქცევიან ჩემი მეგობარი კოლეგები, ვისაც ამის საშუალება მეტ-ნაკლებად აქვს. ვცდილობთ, რამდენიმე ოჯახი მაინც გადავარჩინოთ თვიდან თვემდე.

თუკი პანდემიის პლუს-მინუსებზე ვსაუბრობთ, ერთი პლუსი ისაა, რომ ეკოლოგიურ ნაწილში მსოფლიომ ცოტათი ამოისუნთქა, ეკოლოგია ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მომავალი თაობებისთვის. დროებით მანქანების აკრძალვამ, თვითმფრინავების შეჩერებამ ჰაერი გაასუფთავა, თუკი შემდგომ პაუზა ამ მიმართულებით დადებით კვალს დატოვებს, მაშინ ჩავთვლი, რომ ძალიან ბევრ სამწუხარო ტრაგედიასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა...

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ

10 ცნობილი ქართველი ქალი, რომელმაც სამჯერ და მეტჯერ იქორწინა