ავტორი:

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

იუმორისტსა და სამოქალაქო აქტივისტს გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ზურაბ ჭიღლაძე, რომელიც ამბობს, რომ ნასარიძე მის საკუთრებაში უკვე ათი წელია ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ ცნობილი იუმორისტი ქონებას 2009 წელს უკანონოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობით დაეუფლა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ჭიღლაძე იხსენებს, რომ 2001 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის 37 ბ ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში, 108 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ამხანაგობისგან შეიძინა. ნასყიდობა საჯარო რეესტრის ბაზაში აისახა, სადაც ბინის მესაკუთრედ სწორედ ზურაბ ჭიღლაძე ფიქსირდება.

მოქალაქე იხსენებს, როგორ დაკარგა საკუთარი ქონება:

- დარაჯად ხომ არ დავუდგებოდი მშენებარე ბინას?! როგორღაც მოხდა ისე, რომ გიგა ნასარიძე შესახლდა ჩემს ბინაში. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი აქტივისტია და სწორედ მათი მმართველობის დროს მოხდა შესახლება შავ-ბნელი მეთოდებით, როგორც მათთვის იყო დამახასიათებელი.

როგორც კი გავიგე, რომ ჩემ ბინაში იყო შეჭრილი, იმ დღიდან მოყოლებული ვდავობ სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლა, თუმცა მისი გამოსახლება ჯერ მაინც ვერ შევძელით, რადგან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ეს პროცესები ისედაც დროშია გაჭიანურებული და ნასარიძე ყველანაირად ცდილობს კიდევ უფრო გააჭიანუროს - გაასაჩივრებს მესამე ინსტანციაშიც და საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება, ვინ იცის... ამასობაში კი გადის წლები, ცხოვრება და მე ჩემს სახლში შესვლის უფლება არ მაქვს.

მოვითხოვ, დროულად მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩემს საკუთრებაში არსებული საცხოვრებლით სარგებლობა შევძლო" - უყვება AMBEBI.GE-ს ზურა ჭიღლაძე.

დაზარალებულის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი კიღურაძე 2014 წლიდან იცავს. უფლებადამცველი გვიყვება, რომ გიგა ნასარიძემ სასამართლო პროცესებზე ვერ წარადგინა ვერანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რის გამოც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრძოლა წააგო.

- ჩვენ გავაქვს პრეტენზია მთლიანად სასამართლო სისტემის მიმართ. საჯარო რეესტრთან დაკავშირებით პრეტენზია ვერ გვექნება, რადგან ჩანაწერი არსებობს, რომ ეს ფართი ჭიღლაძის საკუთრებაა და არსებობდა მაშინაც, როდესაც ნასარიძემ ვითომ "შეიძინა". იგი ან შეგნებულად არ გაეცნო რეესტრის მონაცემებს, ან გაეცნო და უგულებელყო, რადგან ასე აწყობდა.

წარმოუდგენელია, 5 წელი გიწევდეს ადამიანის გამოსახლებაზე დავა. უდიდესი პრობლემაა ის, რომ ვერანაირი ვადების დათქმა და კონტროლი ვერ ხერხდება სასამართლო დავების განხილვისას და უსასრულოდ ჭიანურდება პროცესი. მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ასეთი კატეგორიის საქმეებზე სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს განხილვა, მაგრამ გამოდის, რომ ეს ნორმა არის მკვდრადშობილი.

ჩვენ მოვიგეთ პირველი ინსტანციის სასამართლო, წესით ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგა ნასარიძე უნდა გამოსახლებულიყო. ეს კანონით არის გათვალისწინებული, მაგრამ მას არავინ იყენებს - ძალიან მანკიერი პრაქტიკაა, რაც გამოსახლებებთან დაკავშირებით არსებობს. როცა ადამიანი უკანონოდ არის შესახლებული სხვის საცხოვრებელში, რატომ არ ასახლებენ მას პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილებით?!" - ამბობს ადვოკატი.

AMBEBI.GE გიგა ნასარიძის პოზიციითაც დაინტერესდა. მისი თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან თავის დროზე საცხოვრებელი კანონიერად შეისყიდა და მასში სოლიდური თანხაც გადაიხადა.

- განცხადება ვნახე გაზეთში და მივედი ბინის შესაძენად. 2009 წელს შევიძინე ეს ბინა ამხანაგობის მესაკუთრისგან და გადავიხიდე 72 000 დოლარი. რეესტრში ვეცადე გადამემოწმებინა, მაგრამ არანაირი მონაცემი არ იძებნებოდა. ვკითხე, რატომ არ ფიქსირდებოდა ამონაწერი. ამხანაგობის თავმჯდომარემ მითხრა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება და გადამიფორმდება ოფიციალურად რეესტრითო.

მე ფული უკვე მიცემული მქონდა და გავაფორმე ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ამხანაგობის მეპატრონესთან. როგორც მერე გაირკვა, ჭიღლაძე აცხადებდა პრეტენზიას ამ ბინაზე, რომელშიც მას არცერთი თეთრი არ აქვს გადახდილი. არანაირად არ ვარ უკანონოდ შესახლებული, ამაში მე ფული მაქვს გადახდილი და ყველაფერს გაარკვევს სასამართლო.

ჭიღლაძე მირეკავს, მემუქრება, შემაშინებელ წერილებს ტოვებს და უცნაურად იქცევა. მართალია პირველმა ინსტანციამ გამამტყუნა, მაგრამ არსებობს მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოები და ყველაფერი უნდა გადაწყდეს ცივილურად. ის, რომ პროცესები ჭიანურდება, ჩემი ბრალი არ არის. მეც მირჩევნია სწრაფად დასრულდეს ყველაფერი" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ნასარიძემ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სხვისი უკანონო მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე და მოვალე ნებაყოფლობით არ გამოდის პირის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, ამ უკანასკნელს შეუძლია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახლებას და ქონების მფლობელისთვის გადაცემას.

აღსანიშნავია რომ, Covid-19-ის პანდემიის პირობებში, 23 მარტს, მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც შეაჩერა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ნაწილი, მათ შორის, ადამიანების გამოსახლების პროცესი.

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

უკრაინიდან, ტერორიზმისთვის ძებნილი, ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 36 წლის მამაკაცს დიდი რაოდენობით სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა - პაციენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს