ავტორი:

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

მსოფლიო პანდემიის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ მოპოვებული ინფორმაციების გამოქვეყნება შეჩერებული გვქონდა. AMBEBI.GE განაგრძობს თავისი მკითხველისთვის იმ ახალი მონაცემების მიწოდებას, რომელსაც დაკარგული ადამიანების ოჯახები წლების განმავლობაში ელოდნენ.

რამდენიმე წლის წინ ტექსელის კუნძულის ერთ-ერთ გადარჩენილს, გრიშა ბაინდურაშვილს ვესტუმრე, რომელმაც ომისა და ტყვეობის მძიმე წლებზე საუბრისას, გაიხსენა, რომ ომის დაწყებამდე, ის, სხვა ქართველებთან ერთად, ლიტვაში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.

"ომის დაწყებისთანავე, პირველ ხაზზე, ტყვიამფრქვებებთან გადაგვანაწილეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველ ხაზზე აღმოვჩნდით, ჩვენს პირისპირ გერმანელები იყვნენ, თუმცა, ლიეტუელები, რომლებიც საბჭოთა კავშირს ვერ იტანდნენ, ყველა ჯარისკაცს დამპყრობლად აღიქვამდნენ და როგორც კი შანსი მიეცემოდათ, გვებრძოდნენ, სოფლის მოხუცებიც კი ქუჩაში ქვებს გვესროდნენ... ისიც ითქვა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცები ტყვედ აჰყავდათ და მათ შემდეგ გერმანელებს გადასცემდნენო. თუმცა, ამის გარკვევისა და გადამოწმების საშუალება არასდროს მქონია. შემდეგ, თავად გადამარჩინეს ლიეტუელებმა, მაგრამ მალე ისევ ჩავვარდი ტყვედ", - იხსენებს ბაინდურაშვილი.

ასეა თუ ისე, პირველ წლებში, გერმანელებს უპრეცენდენტოდ ბევრი საბჭოთა ჯარისკაცი ჩაუვარდათ ტყვედ, რაზეც მოგვიანებით წლების განმავლობაში საუბრობდნენ, ან ის მსჯელობაც მაშინდელი პროპაგანდის ნაწილი იყო. ერთი სიტყვით, მხოლოდ გერმანიაში არაერთი საერთო საფლავი არსებობს და თითო მათგანში ათასობით ჯარისკაცი განისვენებს, მათ შორის უამრავი ქართველია...

ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი რამდენიმე წელია აგროვებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების მონაცემებს, თუმცა, მისი თქმით, ჯერ წინ უამრავი საქმე აქვს.

"ბანაკი "VI ა ჰემერი" მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი იყო, მისი სისასტიკე 23 000-ზე მეტმა საბჭოთა სამხედრო ტყვემ იწვნია საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. 6 000-ზე მეტმა იქიდან ცოცხალმა ვერ გააღწია, ძირითადი დაღუპვის მიზეზი შიმშილი, ინფექციური დაავადებები და ორგანიზმის სისუსტე იყო.

Höcklingser Weg-ის სახელით ცნობილი სასაფლაო სპეციალურად საბჭოთა კავშირის ტყვეებისთვის გაკეთდა და მხოლოდ 1943 წელს იქ 3 000 ადამიანის ცხედარი 16 მასობრივ საფლავში გადაანაწილეს. 1949 წელს სასაფლაო განაახლეს. ბანაკის გათავისუფლების შემდეგ გადარჩენილმა ჯარისკაცებმა, იმ ადგილას ხის ჯვარი აღმართეს, რომელიც 1960 წელს ახლით შეცვალეს. ეს არის 2 972 კვადრატულ მეტრზე მოწყობოლი სასაფლაო, რომელიც შემოღობილია, თუმცა შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - ამბობს ის.

გთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელს, რომელთა იდენტიფიცირებაც ამ დროისთვის მოხერხდა:

"ერთ-ერთი მათგანის შესახებ ინფორმაცია ყირიმიდან მოვიდა, მისი გვარ-სახელია შავლეგო მდივანი, დაბადებული 1914 წელს თბილისში. დიდი ალბათობით ის სკოლის მოსწავლე იყო. მის საარქივო საბუთებში, ნივთების აღწერისას წერია, რომ თან ჰქონდა ქალის საათი, რომელიც დედის ან საცოლის იყო. სამხედრო ჰოსპიტალში დარჩენილ ექიმის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ის სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო... რამდენიმე დღის შემდეგ, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა", - ამბობს ქერჩის კომისიის წერვი სუსანა კირაკოზიანი.

ალექსანდრე სეფაშვილი (ან სეფიაშვილი) ილიას ძე, დაბადებული 1919 წლის 19 დეკემებერს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში. დედის გვარია, მეგრელიშვილი. მეუღლე - პოლინა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 27 ივლისს. წოდება: კაპიტანი. ბანაკის ნომერი: 95531, ბანაკი: შტალაგი III ა.

შალვა სერგოს ძე ხურციძე, დაბადებული 1916 წლის 20 ივნისს, ვანის რაიონში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 18 ივლისს. ბანაკის ნომერი: 95535. ბანაკი: შტალაგი III ა. გარდაცვალების სავარაუდო თარიღი 1942 წლის 26 თებერვალი. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი, ვუსტრაუ, ბრანდენბურგი.

გრიგორი იასონის ძე ელბიძე (სავარაუდოდ) ელბაქიძე, დაბადებული 1921 წლის 11 მაისს, ხონის რაიონის კონტუათში. ტყვედ ჩავარდა, 1942 წლის 10 ოქტომბერს, ყირიმში. ბანაკის ნომერი: 101192. ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაღუპვის სავარაუდო თარითი 1943 წლის 4 მარტი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკრძალულია ბერლინის მიდამოებში.

ალექსანდრე სარდიონის ძე ჭაჭუკაშვილი, დაბადებული 1906 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში. დედის ან მეუღლის სახელი სონია. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 მაისი. ბანაკის ნომერი: 100604. ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაიღუპა 1942 წლის 28 ოქტომბერს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: დორტმუნდი.

ალექსანდრე სემენის ძე ბიძინაშვილი, დაბადებული 1920 წლის 25 თებერვალს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. დედა მარია ივანეს ასული ახალბედაშვილი. სტუდენტი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 23 ივნისს. ბანაკის ნომერი: 95454. ბანაკი: შტალაგი III ა. დაიღუპა 1942 წლის 28 ოქტომბერს. დაკრძალულია ბრანდენბურგში.

ნიკოლოზ ივანეს ძე გზირიშვილი, დაბადებული 1916 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში. დედის სახელი - ვარა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 13 ოქტომბერს. ბანაკის ნომერი: 100600. ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაიღუპა 1943 წლის 24 მარტს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი - ბლანკეფელდე მალოვი, ბრანდენბურგი.

სურენ ალექსანდრეს ძე გოგიაშვილი, დაბადებული 1920 წელს, გორის რაიონის სოფელ ბერბუკში. დედის გვარი - გოგიაშვილი. ტყვედ ჩავარდა, 1941 წლის 23 ივნისს. ბანაკის ნომერი: 96636, ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაღუპვის სავარაუდო თარიღი 1942 წლის 30 მარტი, ან 29 მაისი. დაიღუპა, ფილტვების ანთებით. დაკრძალულია ბრანდენბურგის მიწაზე.

იხილეთ ყველა სტატია: ომის დროს დაკარგული ქართველების შესახებ

ჩოხატაურში მამამ 29 წლის შვილი მოკლა

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს