იმ დროს, როდესაც მოსკოვში ანომალიური სიცხეებია და ტყეებში ხანძარი მძვინვარებს, ცენტრალური ევროპა წყალდიდობას ებრძვის.
ამ დროისათვის სტიქიას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობა მთელს ევროპაში მძვინვარებს, განსაკუთრებული სიძლიერით მაინც პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას შეუტია, - იუწყება НТВ.
ყველაზე დიდი დარტყმა პოლონეთმა განიცადა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქალაქ ბოგატინიაში, რომლის ერთი-მესამედიც მთლიანად წყლით დაიფარა.
ამ ქალაქში სულ 18 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან უბედურების ადგილიდან მხოლოდ 700-ია გამოყვანილი. დანარჩენები კი ზოგი - დამოუკიდებლად ცდილობს გამოსვლას, ზოგი კი სამხედრო-სამაშველო სამსახურს ელოდება, - იუწყება Euronews.
რაც შეეხება გერმანიას, სიტუაცია აქაც რთულადაა, მდინარე ნეისე ადიდდა, რეკორდულ მაჩვენებელს 7,07 მეტრს მიაღწია და პირდაპირ ქუჩებში მოედინება.
ამ დროს ჩეხეთი 4 ადამიანის დაღუპვისა და ორი მოქალაქის უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პრაღაში წყალდიდობას ხალხი სახურავებიდან აკვირდება. ძრავიანი ნავების მეშვეობით ქალაქიდან 200 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.
ლიტვაში, მედიის ინფორმაციით სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლობა სხვაგვარ მონაცემებს ავრცელებს - ლიტვაში დაღუპულია ოთხი მოქალაქე, პოლონეთში - სამი, გერმანიაში - სამი და ჩეხეთში - ხუთი.
გარდა ამისა, მსხვერპლი მაშველთა შორისაცაა, 50 წლის მაშველი მოვარდნილმა წყალმა წაიღო.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.