ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

"ახლა მთავარი, ანუ რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას - დღეს ქვეყანა იმის მიუხედავად, რომ ყველას მიერ აღიარებული, წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად, რომ ისეთი დემოკრატიული, თავისუფალი და სტაბილურია, როგორც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი - მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, დარჩა გარკვეული ბუნდოვანება, რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება აყენებდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის საკუთარ ემოციებსა და პირად შეხედულებებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს.

"ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც, ადამიანს შესაძლოა, სასჯელი შეუმსუბუქდეს ან სრულად გაუუქმდეს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და ქვეყნის წინაშე დანაშაულები, არამედ - როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.

როგორც კონსტიტუცია ამის უფლებას მანიჭებს, მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალური ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას. ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

უკავშირდება თუ არა ბოლო დღეებში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნას - მარინა ეზუგბაიას პასუხი

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს