ავტორი:

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის.

„ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, რაც საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, - აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს.

„დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატისთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა.

ასევე, ილია მეორემ განაცხადა, რომ დღეს არის წმინდა მონიკას ხსენება. პატრიარქმა მრევლს წმინდა მონიკას და მისი შვილის, ავგუსტინეს ცხოვრება გაახსენა.

„მონიკა ვინ იყო თქვენ იცით, მაგრამ შეგახსენებთ. მონიკა იყო დედა ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ცხოვრობდა მე-4-მე-5 საუკუნეში. და იყო განათლებული ოჯახიდან. დედა იყო ღრმად მორწმუნე, მაგრამ მამა იყო წარმართი. არ იყო ქრისტიანი. ჰყავდა ეს შვილი ავგუსტინე. დიდხანს ეს ნეტარი ავგუსტინე იყო სექტანტი, მანიქეველი, მაგრამ დედა მონიკა ლოცულობდა და ტიროდა, ევედრებოდა უფალს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. ერთხელ მოესმა ნეტარ ავგუსტინეს ბავშვის ხმა „აიღე და იკითხე“. აიღო სამოციქულო და დაიწყო ეპისტოლეს კითხვა. ამ დროს, მადლი სულისა წმინდისა გარდამოვიდა მასზედა და ის გახდა უდიდესი ქრისტიანი, ის გახდა ეპისკოპოსი ჰიპონიისა. ნეტარ ავგუსტინეს აქვს დაწერილი აღსარება. თუ გექნებათ საშუალება წაიკითხეთ. საოცრად აღიარებს თავის ცოდვებს და არ ერიდება არავის. მონიკას ლოცვით, დედის ლოცვით მეუღლეც გახდა ქრისტიანი. მე ეს მაგალითი მოვიყვანე იმისათვის, რომ დღეს ურთულესი დროა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისა, ქმრისა და შვილებისაგან. თავისი განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერი, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხმა გაამთლიანა საქართველო. საქართველო გახდა ერთიანი. თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. იქაც არ იცოდნენ სეფისკვერი რისთვისაც იყო. მე ადრე მოვდიოდი ჟამნობაზე, რომ ვყოფილიყავი წირვის წინ და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს და ხალხს უკვირდა. მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია, ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი“, - განაცხადა პატრიარქმა.

როგორი ამინდი იქნება რეგიონებსა და დედაქალაქში უახლოესი 4 დღე

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

თბილისში, ისანში ხანძარია