ავტორი:

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

ვინ არის ტერორიზმში ბრალდებული ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი, რომლის ექსტრადირებაც უკრაინიდან განხორციელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ-ბარა შიშანის ექსტრადირება განხორციელდა, - აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უცოხურ მედიაში ცეზარ ტოხოსაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს, ტოხოსაშვილი ამ დრომდე უკრაინაში იმყოფებოდა.

გთავაზობთ "კვირის პალიტრის" საარქივო მასალას, რომელიც საიტზე 2017 წელს გამოქვეყნდა:

***

ომალოდან - იდლიბში

ალ ბარა ალ შიშანის სირიული საგა 2014 წელს დაიწყო - ერთმა ომალოელმა ბიჭმა, თავისი მეგობრების მსგავსად, თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა (ტრადიციული ლეგენდა სირიაში წამსვლელებისთვის!). პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ დედა სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. ახმეტიდან თბილისში მიმავალ შვილს მუხლებშიც კი ჩავარდნია, არ წახვიდეო, მაგრამ ამაოდ... როდესაც დედა ცუდად გამხდარა, ტოხოსაშვილის თანმხლებთ უფიქრიათ, ასეთ მდგომარეობაში დედას არ დატოვებსო, მაგრამ ცეზარს უთქვამს, - ყველაფერი კარგად იქნებაო და თბილისს მიაშურა...

ალ ბარა ალ შიშანის სახელი ცნობილი მაშინ გახდა, როცა დამოუკიდებლად მოქმედმა სამხედრო დაჯგუფებამ ქალაქი იდლიბი აიღო. ყველას გასაკვირად, ამ დაჯგუფების ლიდერი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი, ხოლო დაჯგუფება - "ახალი ჩეჩნური ბრიგადა" (ერთხანს მათ შესახებ გავრცელებული ვიდეორგოლები ძალიან პოპულარული იყო ჯიჰადით აღფრთოვანებულ ახალგაზრდებში).

ალ ბარას "შავი ოქრო"

მოულოდნელად სამხედრო დაჯგუფება დაიშალა, ხოლო ჯარისკაცების გარეშე დარჩენილი ალ ბარა ალ შიშანი "ისლამური ხალიფატის" რიგებში, თანამემამულე ომარ ალ შიშანის (თარხან ბათირაშვილი) უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა.

"ახალი ჩეჩნური ბრიგადის" დაშლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მოჯაჰედურ წრეებში. მართალია, მიზეზებზე ერთხანს არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც ითქვა - საქმე ეხებოდა ერთ მცირე ზომის ჭაბურღილს, რომელსაც თურმე ალ ბარა ალ შიშანი აკონტროლებდა, მის დაჯგუფებაში მყოფ ჩეჩნებს კი სხვა გეგმები ჰქონდათ - მეთაური არაფრად ჩააგდეს და თავი ალ ბარას "შავი ოქროს" მეპატრონეებად გამოაცხადეს; ამას "ახალ ჩეჩნურ ბრიგადაში" განხეთქილება მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მორიგი გარჩევისას იარაღი დატრიალდა და მოჯაჰედებმა ერთმანეთი დახოცეს. ამ ფაქტს სირიის ჯიჰადისტურ წრეებში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა - მოჯაჰედისთვის შეუფერებელი საქციელის გამო ალ ბარა დაგმეს!

ცეზარის რუბიკონი

ტოხოსაშვილს, რომელსაც აღარც ჯარისკაცები ჰყავდა და აღარც "შავი ოქრო" ჰქონდა, კარგად ესმოდა, რომ სირიაში თავს დიდხანს ვერ გაიტანდა. გარდა ამისა, ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას ის თავის რიგებში ვერ წარმოედგინა, ამიტომ ცეზარს ერთადერთი გზა რჩებოდა - "ისლამური ხალიფატი". სულ მალე მის რიგებში აღმოჩნდა, სადაც, გავლენიანი თანამემამულეების წყალობით, აღარც ჩეჩნები აშინებდნენ და არც მოჯაჰედის კოდექსი.

ჩვენი ინფორმაციით, ალ ბარას ერთხანს პრობლემა ხეობაშიც ჰქონდა, საქმე ეხებოდა ფულს, რომელიც არასწორად დაიხარჯა...

2016 წელს ალ ბარა ალ შიშანს თარხან ბათირაშვილის უახლოეს გარემოცვაში ხედავდნენ. ამბობენ, ხალიფატის ე.წ აჭარული ფრთის ვიდეომიმართვამ, სადაც აჰმად ჯურჯი (თამაზ ჭაღალიძე) "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველებს თავების დაჭრით ემუქრებოდა, უკმაყოფილება გამოიწვია პანკისელ მოჯაჰედებში. ამის გამო ჭაღალიძეს ალ ბარა ალ შიშანმა ყურიც აუწია... წაიკითხეთ სრულად

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს