ავტორი:

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, აკრძალვების შერბილებისას შეიძლება შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატოს.

„ხალხს ჰგონია, რომ კორონა დამთავრდა, მაგრამ ის არსად არ წასულა, კვლავ ჩვენთან არის. ერთი წელი მაინც... შემოდგომის ბოლოდან მეორე ძლიერ ტალღას ველით, ამის ალბათობა დიდია, ზამთარში კი ეს ვირუსი ძალიან გააქტიურდება. ვიცხოვროთ კორონასთან ერთად. სოციალური დისტანცირება, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება, ხელების ჰიგიენა და ნიღაბი - აი, ასეთია კორონასთან ერთად ცხოვრების წესი. თუ წესებს დავიცავთ, ზაფხულში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღას ნოემბრის ბოლოდან ელოდებიან. "შესაძლოა, მესამე, მეოთხე ტალღაც იყოს, მაგრამ მოდი, ჯერ მეორე ტალღა გადავაგოროთ და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე ან ვაქცინა შეიქმნება, ან - ეფექტიანი ანტივირუსული პრეპარატი“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ კორონავირუსმა და გრიპმა ერთდრიულად არ შემოგვიტიოს, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაა საჭირო.

„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, - განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, სავალდებულო ხომ არ გახდება გრიპის აცრა, იმნაძე პასუხობს, რომ პირიქით, მსოფლიო ბაზარზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტია და შესაძლოა აცრის ყველა მსურველი ვერ დაკმაყოფილდეს.

„სავალდებულო კი არა, ახლა მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება, თუმცა რისკ ჯგუფებისთვის ვაქცინა ყოველთვის გვექნება“, - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციის შეფასებას, როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა, რომ პიკი მძიმე არ ყოფილიყო.

„ჩვენი პიკი იყო პატარა ბორცვი და არა - ჯომოლუნგმა, ახლა კი გადავაქციეთ თრიალეთის ქედად. კორონა არსად გაქრება, მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ხატისოფელსა და მუშევანში შექმნილი ვითარების შესახებაც ისაუბრა. როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა - ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები - 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.

ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები - ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?“ - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, არსეული სიტუაციის შესაცვლელად მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო.

„ეს ის სოფელია (მუშევანი), სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია... სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება.

ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს“, - განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებიან.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - გიორგი ფხაკაძე

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს