ავტორი:

მამა შალვა კორონავირუსის ვაქცინაზე - "თუ სავალდებულო იქნება, მეც პირადად მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს"

მამა შალვა კორონავირუსის ვაქცინაზე - "თუ სავალდებულო იქნება, მეც პირადად მოვუწოდებ, რომ არავინ გაიკეთოს"

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვამ (კეკელია) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ კორონავირუსზე ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება, სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებენ, რომ ის არ გაიკეთონ:

"ღორის გრიპი წლებია არსებობს მსოფლიოში და დანამდვილებით ვიცი, რომ გერმანიაში შარშან 10 ათასობით ადამიანი გარდაიცვალა ღორის გრიპით, თუნდაც საქართველოში, ვაქცინა არსებობს და მოიკითხეთ, რამდენი ადამიანია მისგან გარდაცვლილი. როდესაც არ იციან რა სენია, რატომ უნდა იყოს სავალდებულო ამ ვაქცინის გაკეთება? და საკითხი იცით როგორ შეიძლება დადგეს? თუ შენ გაკეთებული არ გექნება, სამოგზაუროდ ვერ წახვალ, სამსახურში შეიძლება არ მიგიღონ. ეს უკვე სხვა რაღაცაა, სხვა რამისკენაა მიმართული. თუ ასეთი მიდგომა იქნება, ჩვენ მას არ გავიკეთებთ!

თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს, გაიკეთებს თუ არა მას, მაგრამ მე როგორც მოძღვარი ვამბობ, თუ ეს ვაქცინა იქნება იმ სახის, რომ მე მის გარეშე არ მექნება უფლება სამსახურში ვიარო, უცხოეთში ვიმოგზაურო, ჩემს შვილს სკოლაში ვერ მივიყვან, მაშინ შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს ვაქცინა იქნება ადამიანების საწინააღმდეგოდ მიმართული. ღორის გრიპის ვაქცინა ხომ არ იყო სავალდებულო? მინდა გავიკეთებ, მინდა არა.

თუ სავალდებულო იქნება, რა თქმა უნდა, მეც პირადად მოვუწოდებ, რომ ეს ვაქცინა არავინ გაიკეთოს.

ეკლესია ყოველთვის იყო ხალხთან და ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაანახა თავისი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ, როგორც კი ეს ვირუსი შემოვიდა, როგორც კი რეკომენდაცია გაიცა, ეკლესიამ ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლებოდა გაფრთხილებოდა ადამიანების სიცოცხლეს" - განაცხადა მამა შალვამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა. მისი თქმით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“.

კიდევ ერთმა სასულიერო პირმა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ (გიგიბერია) კი ქადაგებისას განაცხადა, რომ ვაქცინა "არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, მართვას, დამორჩილებას მოემსახურება და გახდება მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს".