ავტორი:

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

სხვა სხვანური კოშკებისგან განსხვავებით, ახალგაზრდაა, მაგრამ ომგამოვლილი, არც 90-იანმა წლებმა დაინდო, რამდენჯერმე გაიძარცვა - ამდენი რამ გამოიარა კოშკმა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აფხაზებისა და სვანების ძმობის ნიშნად, სოხუმში სვანმა კაცმა ააგო.

არეთა კვიციანი აფხაზეთში ბედის საძებნელად გასულ საუკუნეში ჩავიდა, სადაც აფხაზების მხარდაჭერით, ახალი ცხოვრება დაიწყო, განათლებაც მიიღო და ცნობილი მშენებელის სახელიც მოიპოვა.

არეთა კვიციანის უფროსი ვაჟი - კახა კვიციანი AMBEBI.GE-ს მამის ცხოვრებისა და კოშკის საინტერესო ისტორიის შესახებ უყვება:

- მამა დედმამიშვილებში უმცროსი იყო. რადგანაც მის ახალგაზრდობაში ცხოვრება ჭირდა, ხალხი შიმშილობდა, სოხუმში ბედის საძებნელად სრულიად ახალგაზრდა და მარტო წავიდა. გულიანი, ალალი, შრომისმოყვარე ადამიანი იყო, აფხაზებმა რომ გაიცნეს, დაიახლოვეს, სამშენებლო განხრით უმაღლესი განათლების მიღებაშიც დაეხმარნენ.

დღეს თუ ვინმეს სასმელი წყალი აქვს კოჩარაში, გვადაში, ჩლოუში, თხინაში, გუდაუთის რაიონში - წყალსადენი ყველგან მამაჩემის აშენებულია. იქ 40 კილომეტრის სიგრძეზე შეყავდა გზები და სათავე ნაგებობს აკეთებდა, წყლის რეზერვუარებიდან მილებით წყალი სოფლებში ნაწილდებოდა. აფზახეთში ბევრი ნაშრომ-ნაღვაწი აქვს.

- როგორია სვანური კოშკის აგების ისტორია?

- სოხუმში არის დასახლება, რომელსაც შრომას ეძახიან. იქ უკრაინას ქარხანა ჰქონდა, ტექნიკურ ბაზას აშენებდა, მაგრამ იქაურობა წყლით არ მარაგდებოდა. მამას შეკვეთა მისცეს, რომ იმ ტერიტორიაზე წყალი გამოეყვანა. მას რუსეთში დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა, ურთიერთობა ჰქონდა მთავრობის წევრებთანაც, მაგალითად, ალექსეი კოსიგინი (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე) ჩვენთან სახლშიც ნამყოფია...

მოკლედ, ამ კავშირების წყალობით, არეთა კვიციანმა რუსეთიდან აღნიშნული სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო მასალები ჩამოიტანა. წყლის გამოსაყვანად მთებში 30 კილომეტრი გზა იყო გასაჭრელი და აფეთქების პერიოდში მარმარილოს კარიერიც აღმოაჩინა. პარალელურად მარმარილოს საქმესაც შეეჭიდა, თან, აფხაზებისა და სვანების ძმობის სიმბოლოდ სვანური კოშკის აშენება გადაწყვიტა.

მამაჩემის ძმადნაფიცი იყო ლევან არძინბა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მამას სახელმწიფო დონეზე მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ იქ სვანური კოშკი აეგო, არადა, იმ პერიოდში აფხაზეთში დაძაბულობის პირველი ნაპერწკლები უკვე ღვივდებოდა.

მოკლედ, რადგან მამას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველა იცნობდა, ამ მშენებლობის საწარმოებლად უარი არ უთქვამთ, თუმცა ერთი ასეთი ფაქტი კი მოხდა, რასაც პირადად შევესწარი...

ერთ დღეს მამაჩემი სახლში უხასიათოდ დაბრუნდა. რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. პირველ პირთან ვარ დაბარებული და მგონი, ცუდად არის საქმეო. პირველი პირი ვლადისლავ არძინბა იყო. წამოგყვები-მეთქი და წავედით. არძინბას მისაღებში რომ შევედით (მამას აფხაზები დათოს ეძახდნენ) მდივანმა - თქვენ ხართ დავითი? შებძანდითო, და კაბინეტზე ხელით ანიშნა. მე მისაღებში დავრჩი, კარი ოდნავ ღია დარჩა და საუბრის ხმა გამოდიოდა.

მამას არძინბა უხეშად შეხვდა - ვინ მოგცათ უფლება, რომ აქ ქართულ ისტორიულ ძეგლებს აშენებთ? (კოშკს გულისხმობდა). მამამ მოკრძალებულად მიუგო: "აფხაზებთან ძმობა და მეგობრობა მაქვს, ლეო კონსტანტინოვიჩ არძინბა ჩემი ძმადნაფიცია". საკუთარი ყურით მოვისმინე არძინბას სიტყვები და მახსოვს: "აა, შენ ხარ ის დავით კვიციანი, ლევანის ძმადნაფიცი?! რაც გინდა, ის ააშენე!" ხელი ჩამოართვა და გამოუშვა. მამა მისი კაბინეტიდან გახარებული სახით გამოვიდა.

სვანური კოშკი დღესაც ამაყად დგას იქ, 3 ჰექტარზე იყო მთელი კომპლექსით გაშენებული, სადაც 40-მდე ოთახი იყო, თავის მექანიზმებით, ტექნიკურად აღჭურვილი. მშენებლობა რომ დაამთავრა, ორ წელიწადში აფხაზეთში ომი დაიწყო...

ომში მოხალისედ წავედი, ახალგაზრდა გახლდით, შევყევი, შევყევი და სოხუმის დაცემასაც შევესწარი... ჩემები, ოჯახის წევრები, ქალები - დედა, დები გამოვხიზნე იქიდან. მამაჩემი დარჩა, მარტო არ დამტოვა. სოხუმის აეროპორტის კომენდანტიც ვიყავი. მოკლედ, ყველა წინა ხაზზე გახლდით და უმძიმესი ეპიზოდებისა თუ ტკივილიანი დღეების მოწმე ვარ, რაზეც საუბარი დიდად არ მინდა...

- სოხუმის დაცემა ახსენეთ...

- გუმისთაზე რომ მოგვიახლოვდნენ, ოჯახის წევრები გამოვიყვანე (იმ დროს იქ იყვნენ, რადგანაც მშვიდობიანი შეთანხმება იყო მიღებული, რის საფუძველზეც სკოლებმა მუშაობა განაახლეს, გახიზნული ხალხი დაბრუნდა, მაგრამ ხელშკრულება დაარღვიეს), იმ დროს ყველა იმას ფიქრობდა, ოჯახის წევრები გადაერჩინა.

"კამაზზე" დავსვი ისინი და ასე უყველაფროდ გამოვიყვანე. არადა, აფხაზეთში ცოტათი შეძლებული ოჯახის სტატუსი გვქონდა. მამა არც "ბრჭყვიალებს" მისდევდა და არც საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა ფული. ერთ დღეს შეიძლება მილიონი ჰქონოდა და მეორე დღეს კაპიკი - აღარ. გამცემი კაცი იყო, სხვების დამხმარე, მაგრამ იქიდან ვერაფერი წამოვიღეთ.

გამოვაქციე ოჯახი, ერთი სული მქონდა, სოხუმიდან დროულად გამომეყვანა. კოდორის გზას რომ ავუყევით, უღელტეხილით მოგვიწია წამოსვლა.

- ჭუბერის გზა გამოიარეთ?

- დიახ, მერე ისევ უკან დავბრუნდი და დარჩენილები წამოვიყვანე, მათ შორის, მამა. სვანეთში დავუბრუნდით სოფელ ბეჩოში ჩვენს ძირ სახლს, საიდანაც მამაჩემი იყო.

როდესაც მამა წლების წინ სოხუმში წავიდა, დედმამიშვილებიც წაიყვანა (თავად უმცროსი იყო) და ხუთივე იქ დაასახლა, ცხოვრება აუწყო და გზაზე დაყენებაში დაეხმარა. სოხუმის დაცემის დღეს კი მთელი ეს სანათესაო ჩვენსავით დევნილები გახდნენ. თავიდან, ამ ხალხმა ყველამ ერთად, იმ მამა-პაპისეულ სახლში მოვიყარეთ თავი...

- ე.ი. მამა დაბრუნდა სვანეთში...

- ცოტა ხანს იყო იქ და მერე თავისი სანაცნობოს დახმარებით, სამუშაო ზუგდიდში გამონახა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ბონდო ჯიქიამ ზუგდიდის ცენტრში მიწა გამოუყო. მაშინ შევარდნაძის განკარგულება იყო - რეგიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო-სავაჭრო ცენტრები უნდა აშენებულიყო და ზუგდიდის ცენტრში ეს საქმე მამას დაავალეს. შუაგულ ზუგდიდში, ბაზრის გვერდით, 3 000 კვ/მ-ზე ვეებერთელა კომპლექსი თავის შენობა-ნაგებობებით და სვანური კოშკით (სიმაღლე 28 მეტრი) ააშენა.

მამას ხსოვნასთან დაკავშირებით, 2005 წელს, გვინდოდა, ზუგდიდში ღონისძიება მოგვეწყო, ამისთვის აფხაზეთში ადამიანების ნახვა იყო საჭირო. ჩემი იქ გადასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მომიწია. გადავედი თუ არა, გალის შესასვლელში დამიჭირეს, 8 დღე ვიყავი დაპატიმრებული.

ჩემს გათავისუფლებაში ბევრი ადამიანი ჩაერთო. მამაჩემის სახელი და საქმეებიც წინ დამხვდა... მოკლედ, 8 დღეში დავბრუნდი. შემდეგ კიდევ ერთხელ შევძელი აფხაზეთში ჩასვლა და სვანური კოშკი მაშინ მოვინახულე. მთელი კომპლექსი გაძარცვულია, ცარიელი კედლები დამხვდა, შენობას რუსულად ეწერა - "ზანიატო".

- როგორ აფასებთ ომის ამბებს, რომლებმაც თქვენს თვალწინ ჩაიარა, ასევე იმ ცხოვრებასაც, რაც ომამდე გაიარეთ?

- ომი რომ დაიწყო, იურიდიული ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. სპეციალობით იმის მერე არ მიმუშავია. ამ გადასახედიდან საკუთარ ცხოვრებას რომ გავყურებ, ამ ხნის მანძილზე, ომის პერიოდამდე განვლილ წლებზე უკეთესი არ მინახავს. კარგი იქნება, თუ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იმ ცხოვრებაში, რაც 80-იან წლებიდან გვახსოვს, მიღებული სიამოვნების ნახევარს მაინც მიიღებენ ჩემს ასაკამდე რომ მოაღწევენ.

- ზუგდიდის კოშკს რა ბედი ერგო?

- წინა მთავრობის დროს რთული პერიოდები გამოვიარეთ. გასაქანს არ გვაძლევდნენ. მთავრობა რომ შეიცვალა, დავიკანონეთ, მაგრამ მის მოვლა-შენარჩუნებას ის მოჰყვა, რომ დედმამიშვილები, ყველანი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოვჩნდით, ხან რა იყო და ხან - რა. ბოლოს იძულებით გავყიდეთ. ბედნიერები იმით ვართ, რომ მამის ვალდებულებები, ჩვენი ვალებიც გასტუმრებულები გვაქვს.

მესამე წელია საცხოვრებლად ურეკში გადმოვედი. თუკი გურიაში მამის ხსოვნისთვის, გურულებისა და სვანების მეგობრობის ნიშნად, სვანურ კოშკს ავაშენებ - ეს იქნება ჩვენი ოჯახის მიერ აგებული მესამე სვანური კოშკი და ამ საქმეს დაერქმევა - "კოშკების მოგზაურობა". ამით მამაჩემის დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვან და კვიციანებისგან მორიგი "ძმობის სახლი" დაიბადება.

"შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს" - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით

"ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება" - რატიანი