ავტორი:

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად დაასახლეს. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"თუ ჩვენს გვერდს აქტიურად ადევნებთ თვალს ალბათ შეამჩნევდით, რომ ახალ ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად გვყავს დასახლებული. ეს ამბავი ხშირად მავანთა შეშფოთებას იწვევს. პერიოდულად შეშფოთება აღშფოთებაში გადაიზრდება-ხოლმე და მერე გვიწევს ვრცელი ახსნა-განმარტებების წერა. ამიტომ, ერთ პოსტს ამ სახეობების თანაცხოვრებას მივუძღვნით.

* დათვები და მგლები ბუნებაშიც მეზობლები არიან. ვერ გეტყვით, რომ დიდი გადაპატიჟება-გადმოპატიჟება და სტუმრიანობა აქვთ გაჩაღებული, მაგრამ, ფაქტია, რომ ხშირად გადაეყრებიან-ხოლმე ერთმანეთს ტყის ბილიკებზე და ბუნებრივად იყოფენ საარსებო არეალს.

* არა, ჩვენი დათვები და მგლები არ ჩხუბობენ! კი, ხანდახან კინკლაობენ, თუ დათვებს მგლების ხორცზე წაუცდებათ თათები, ან მგლები ვერ გაუძლებენ დათვების ვაშლების ცდუნებას, მაგრამ ხომ გაგიგიათ ძველი ზოოპარკული ანდაზა - დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო, ჰოდა, ასეა აქაც.

* დიახ, ეს ცხოველები ერთმანეთთან თამაშობენ-კიდეც. თანაც როგორ?! შეიტან ვოლიერში რაიმე დათვურს, მაგალითად თაფლიან მორს, მწვანე ბალახს, ჩირს და მიესევიან მგლები, თითქოს რამის მჭამელები იყვნენ იქიდან. ბუზღუნებენ დათვები და არის ერთი გაწევ-გამოწევა. ბოლოს მაინც დათვები მიირთმევენ, რა თქმა უნდა. აბა, მგელს რა ჯანდაბად უნდა თაფლი და ტკბილეული? სამაგიეროდ, ამ ორომტრიალში დათვები ზედმეტ ქონებს წვავენ და კი არიან მერე ალპინისტებივით - მათთვის ხის დაულაშქრავი კენწერო არ არსებობს!

* და ბოლოს, იმგვარი ცხოველების საერთო ვოლიერში მოთავსება, რომლებიც ერთმანეთს არ ვნებენ, ცუდი არ არის. პირიქით, კარგია. ეს სოციალური ცხოველების სოციალიზაციისთვისაა საჭირო. ერთად დასახლებული სხვადასხვა სახეობის ცხოველები მუდმივად ტონუსში არიან, თამაშობენ, დარბიან... კი, ხანდახან შეუღრენენ-კიდეც ერთმანეთს, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის დრო აღარ რჩებათ და სიახლეების აღმოჩენის შესაძლებლობაც ეძლევათ.

* მოკლედ, როცა ჩვენს ზოოპარკში გადაღებულ დათვებისა და მგლების ერთობლივ ფოტოს გადააწყდებით, ასჯერ დაფიქრდით და შემდეგ აჯაჯღანდით. საერთოდაც, მარტო ჩვენს შემთხვევაში კი არა, ყოველთვის ასე თუ მოვიქცევით, აჯობებს " - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამოგზავრების შესაძლებლობას არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისა" და მმართველ გუნდში?