ავტორი:

რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?

რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?

ბოლო თვეებია, საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. კონგრესმენებისა და სენატორების წერილებმა, "ტვიტერზე" გამოქვეყნებულმა განცხადებებმა და ევროპარლამენტში გაკეთებულმა კომენტარებმა მძაფრი ხასიათი შეიძინა.

კონკრეტულად, რა იყო ის გარდამტეხი მომენტები, რამაც დასავლეთს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი კრიტიკისკენ უბიძგა და როგორი შეიძლება იყოს პარტნიორების პასუხი, თუ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც ვერ დაიმსახურებს დასავლეთის მოწონებას? - ამის შესახებ AMBEBI.GE-მ პოზიციის, ოპოზიციისა და ექსპერტების აზრი მოისმინა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, დასავლეთთან ურთიერთობაში "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე დამაზიანებელი, ჯერ კიდევ 20 ივნისამდე, საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი იყო.

"არჩევნებზე ხელისუფლებამ აჩვენა საკუთარი სახე. შეფასებებები ბევრად კრიტიკული და მძაფრი იყო დახურულ კადრს მიღმა, ვიდრე ის, რაც ოფიციალურ ანგარიშებში დაიწერა. ვფიქრობ, ეს არჩევნები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის სიგნალი იყო, რომ საქმე აქვთ ხელისუფლებასთან, რომელიც მზადაა, დემოკრატიული პროცესის ხარჯზე დარჩეს ძალაუფლებაში.

საკონსტიტუციო პროცესს რაც შეეხება, მრავალი მოწოდების მიუხედავად, ქვეყანა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე, იგნორირება მოხდა როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, ასევე, ქვეყნის ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების.

შემდეგ 20 ივნისი იყო, რასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მოჰყვა და აქ უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა - ამან საბოლოოდ ჩამოშალა მის მიმართ ნდობა. პარალელურ რეჟიმში სხვა რაღაცებიც მოქმედებდა დასავლეთის განწყობაზე - ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა, რაც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე უარის თქმა იყო რუსეთის სასარგებლოდ, და სხვა.

ასევე, ივანიშვილის გუნდი ფაქტობრივად, ყველა ადამიანმა დატოვა, რომელსაც ნდობის ხარისხი ჰქონდა დასავლეთში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი გადააყენეს პერმიერის თანამდებობიდან და მერე ვნახეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფაქტობრივად, ყველამ, ვინც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობებში, დატოვა პარტია", - აცხადებს სამადაშვილი.

როგორ შეძლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლეთის ნდობის დაბრუნებას? - "ნაცმოძრაობის" წევრის მოსაზრებით, დადებითი შედეგებისთვის შანსი რჩება, თუმცა, მის მისაღწევად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

"დღეს თუ ივანიშვილს სურს, არჩევნებამდე მაინც არ დასრულდეს მის მიმართ ნდობა დასავლეთის მხრიდან, ერთადერთი გზა გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და შემდეგ, საარჩევნო პროცესის შესახებ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებაა.

მომხდარი მოვლენების დამაზიანებელი შედეგი ისაა, რომ ფაქტობრივად, თაროზე შემოიდო საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობებში წინსვლა. შემდეგ არჩევნებამდე არანაირი პროგრესი არ გვექნება, მსოფლიო ჩვენი მხრიდან იმის დემონსტრირებას ელოდება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ზარალდება და უკვე დაზარალდა დასავლეთში ინტეგრაციის პროცესი.

მეორე - საფრთხე ექმნება დახმარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ჩვენს სოციალურად უმძიმეს ვითარებაში მყოფ მოქალაქეებს. ამ დახმარებებს დასავლეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობის პირობებში არ გასცემს

რაც შეეხება ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებთან დასავლეთის ურთიერთობას, აშშ-ში გლობალური "მაგნიტსკის აქტი" პერსონალიზირებული სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის. იგივე ჩანაწერია ევროკავშირის დამაარსებელი ხელშეკრულების მე-11 მუხლში, თავად ევროკავშირიც მუშაობს "მაგნიტსკის აქტის" მსგავსი საკანონმდებლო აქტის მიღებაზე უახლოეს მომავალში, და დასავლეთის მხრიდან წნეხი, რომლის ქვეშაც ივანიშვილი და ის ხალხი აღმოჩნდება, ვინც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შეჩერებაში მიიღებს მონაწილეობას, უმძიმესი იქნება. ვიცით, როგორ გაგრძელდა მაგალითად, იანუკოვიჩის ბედი და აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ“, - აღნიშნავს სამადაშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მისი თქმით, კრიტიკა ცალკეულ საკითხებს მოიცავს და მთლიანად, პარტნიორობისა და ურთიერთობების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.

"2012 წლიდან მოყოლებული, აშშ-სა თუ ევროკავშირის ქვეყნების ადმინისტრაციებთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში პარტნიორობა ეფექტური და პროგრესირებადია. ეს ფაქტი არანაირ ეჭვს არ იწვევს. კონგრესმენების და ევროპარლამენტარების კრიტიკა, კონკრეტულ პერიოდში, არჩევნებთან დაკავშირებულ თემებს ეხება და ერთობლივი მუშაობით მოგვარებადია, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით

არაა მართებული, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების წერილებში წამოწეული უთანხმოებები ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში განიხილებოდეს

საქართველოს წინა ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი ამჟამად ორ ბანაკადაა გაყოფილი, თუმცა, მათ საერთო პლატფორმა და დასავლურ პოლიტიკურ სტრუქტურებში კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობები აქვთ. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროპარლამენტში უმრავლესობის მქონე სახალხო პარტიასთან სამოკავშირეო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში მომავალი არჩევნებისას ეს ფაქტორი ვერ იქნება მათი წარმატების წინაპირობა.

როდესაც პარტნიორი ქვეყნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპონენტთა შორის უთანხმოების მოგვარების პროცესში ჩაერთვნენ, მათი მიზანი არ ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტური გაერთიანების მხარდაჭერა. მათ პრაგმატულ ინტერესს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს.

დიახ, 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი განსხვავებულად იქნა ინტერპრეტირებული, თუმცა, სამართლებრივი დავის საგანი (არიან თუ არა უგულავა და ოქრუაშვილი დამნაშავეები ან პოლიტპატიმრები), დღის წესრიგიდან მოხსნა პრეზიდენტის მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, თუმცა არავის გაუუქმებია სასამართლოს გადაწყვეტილება მათი ბრალეულობის შესახებ

რურუას საკითხის განხილვა სასამართლოში კვლავ გრძელდება და გადაწყვეტილება მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიღება. "ნაცსატელიტური" გაერთიანება კი მოითხოვს, ხელისუფლებამ სასამართლოს მისცეს ბრალდებულის განთავისუფლების მითითება, რაც აბსურდია. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ოპონენტების მიზანია, არ მოხდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების რეალიზაცია" - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ვიცე-სპიკერი თვლის, რომ ეს მხოლოდ მათი გუნდის ოპონენტების ოცნებაა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი კითხვები და კრიტიკა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გაჩნდა:

"საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია აკავშირებს, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიული განვითარების მიმართულებაა. საქართველოს ვალდებულებები აქვს აღებული, როგორც ევროპის ასოცირებულ წევრს, და კონკრეტული მიმართულებაა დემოკრატიული მმართველობა, მართლმსაჯულება...

დასავლეთს, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, არაერთი გაფრთხილება მოუცია, ეს რომელიც როგორც წესი, კულუარებს მიღმა ხდება - პირად შეხვედრებში, ოფიციალური ვიზიტების დროს. გაფრთხილებები იყო განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, როცა მოხდა პროპორციული სისტემის ჩაგდება, მანამდე - საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელიც მხოლოდ ერთმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. იყო ვენეციის კომისიის ძალიან არასასიამოვნო დასკვნა... ამ ყველაფერმა საჯარო სახე მიიღო იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც უშუალოდ აქვთ ჩაბარებული საქართველო-ამერიკის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

"ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა მათთან ურთიერთობის დალაგება და ის, რომ დაერწმუნებინა ისინი მათ დემოკრატიულობაში, დაერწმუნებინა, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტები ანტიდემოკრატიული ძალებია

საერთო ჯამში, იქნება ეს პოლიტიკურად მოტივირებული - დაპატიმრებები, მედიაზე ზეწოლა თუ სხვა, ჩვენი მეგობრების მიერ აღქმული იქნა, რომ "ქართულ ოცნებას" დემოკრატიულობის თამაში სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად მისი დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, 2020 წელს ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობის სისტემაში დარჩეს, რაც ძალიან შორსაა ევროპული დემოკრატიისგან და მეტად და მეტად სახავს ე.წ. რუსული ტიპის მმართველობას, რომელიც პრობლემაა საქართველოს საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის.

20 ივნისის მერე რაც არაოფიციალურ საუბრებში ხშირად ესმოდა "ქართულ ოცნებას", უკვე საჯარო ხასიათი მიიღო და პირდაპირი იყო მითითება - იმისთვის, რომ საქართველო დემოკრატიული მმმართველობის სისტემად დარჩეს და არა რუსულ სატელიტად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო: საარჩევნო სისტემა, ოპონენტების მიმართ დამოკიდებულება, მედიაზე ზეწოლის მოხსნა და სხვა, რაც პოლიტიკურ პლურალიზმთანააა დაკავშირებული. იყო ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაც, როცა ამერიკელებისთვის განსაკუთრებით გაშიშვლდა "ქართული ოცნების" გაუგებარი მიდგომა ამერიკული ინვესტიციების მიმართ" - ხაზს უსვამს მაჭავარიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ექსპერტის თქმით, მთავრობამ ვერაფერი დაუმტკიცა კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ამ ინსტიტუტებს კი საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ბერკეტები აქვს.

"უბრალოდ იტყუებიან, როცა საქმე ეხება ვალდებულებებს, რომელიც აიღეს 8 მარტის ხელშეკრულებით. თუ ვერ შეასრულეს, მეტად იქნება საუბარი ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და არანაირ პოლიტიკურ პროცესთან, კონსულტაციებთან თუ შედეგთან არ გვაქვს საქმე. ეს არის ის, რის შესახებაც ალბათ, 2020-ის არჩევნებამდე მეტს და მეტს გავიგებთ ევროპარლამენტიდან და აშშ-დან.

ადრესატებს, რომელთაც "ქართული ოცნება" კრიტიკით მიმართავს და მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან სწორად ინფორმირებულები, ან არიან ოპოზიციური ძალების მეგობრები - კონგრესს, სენატს, ევროპარლამენტს, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები აქვს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რასაც ჰქვია კონკრეტული წერტილოვანი სანქციები, შეზღუდვები და პრეცედენტები პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან.

ისე გამოვიდა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ქვეყნის გარეთაც, მათ წინააღმდეგაა, ვინც სწორედ საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებებით ეხმარებიან და რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება

აქ საუბარი იქნება და იყო კიდევაც, კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, შესაძლებელია იყოს საუბარი კონკრეტული პიროვნებების, პოლიტიკური ლიდერებისთვის სანქციების დაწესებაზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტად და მეტად ამოვა ბიძინა ივანიშვილის თემა და მის მიმართ ძალიან კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სანქცირება იმ პარტიის ლიდერის, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის. სამწუხაროდ, უკვე ასე დადგა საკითხი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან" - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვასილ კაჭარავა კი ამბობს, რომ კრიტიკა ადრეც იყო და ეს ჯანსაღი პარტნიორობის ნაწილია.

"ნელ-ნელა ვიზრდებით და ვვითარდებით, თუმცა, მეტი პროგრესი გვინდა ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც. დასავლეთს დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა, რადგან ასეთი სახელმწიფო უფრო სანდოა, მისი მოქმედების განსაზღვრა შეიძლება. ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან, ჩვენი დემოკრატია კარგი და დახვეწილი იყოს.

დადო პირობა ბატონმა ივანიშვილმა, მისმა მთავრობამ, ეს ლამაზად და დიდი ზარ-ზეიმით მოხდა. მერე უცებ, რამდენიმე თვეში, გამოდის და მე მაშინ მეჩვენებოდა, რომ კარგი იყოო, მაგრამ ახლა ვგრძნობ, ასე არააო. 2-3 თვეში ასეთი რა რეალობა და რა კონსტიტუცია შეიცვალა? აქ პოლიტიკურ ტრადიციაშია განსხვავება. ჩვენთან პირობის დარღვევა ჩვეულებრივი პოლიტიკური ნორმაა, 30 წელიწადი ასე ხდებოდა... თუმცა, ქართველ ხალხს დაუდეს პირობა და საქართველოშიც, თუ ასეთი აშკარად გამოკვეთილი შეთანხმებები ირღვევა, პარტნიორსაც უკვე სანდოობა ეკარგება შენ მიმართ.

წერილები ამერიკელი კონგრესმენებისგან ადრეც მოდიოდა, არა მარტო ივანიშვილის ადმინისტრაციის მიმართ, სააკაშვილის დროსაც, იქაც ხედავდნენ დარღვევას. ეს შეურაცხყოფად არ უნდა აღიქვა, ეს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაუმჯობესების შესაძლებლობაა და ჩვეულებრივი ამბავია

უბრალოდ, კულმინაციამდე არ უნდა მიიყვანო, თავი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენო. მოლაპარაკების უამრავი საშუალებაა, იქნება ოფიციალური, გაზეთების, წერილების თუ კულუარული სახით, გვყავს ელჩი, დიპლომატები ჩადიან და მოდიან და ა.შ. მგონი, გაცილებით მარტივად შეიძლებოდა პრობლემის გადაწყვეტა.

ეს მთავრობა დღესაა, ხვალ სხვა მთავრობა იქნება, მაგრამ რაღაც ნეგატიური იმიჯი, რაც ქვეყანაზე რჩება, ყველა ჩვენგანისთვის არასასიამოვნო და ცუდია. ოპოზიციის მდგომარეობა კი ყოველთვის უფრო მარტივია, კრიტიკა გაცილებით ადვილია. ხშირად ემთხვევა - ჩვენი ოპოზიციისა და დასავლეთელი მოკავშირეების პოზიცია ერთმანეთთან ახლოსაა უფრო, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, მთავრობასთანაც კარგად თანამშრომლობს დასავლეთი.

საქართველო არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს წარმოადგენს. ეს უჭირთ - ადამიანი სავარძელში რომ ჩაჯდება, მერე თავისი თავი ჰგონია ყველა და ყველაფერი" - აღნიშნავს კაჭარავა.