ავტორი:

"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

ადრეა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება. ჯერ ხომ არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თაკო ჩარკვიანის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას.

პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიცია ძალიან ჩქარობს არამხოლოდ ამ საკითხში, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ოპოზიცია საკმაოდ იმპულსურია ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანების დროს და როგორიც არ უნდა იყოს ეს გახმოვანება, ვის მიერ და ვის მიმართაც არ უნდა იყოს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვე არის დარჩენილი.

„როდესაც არ ვიცით, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, შევა თუ არა შესწორებები კონსტიტუციაში, როგორ დალაგდება საერთოდ პოლიტიკური სპექტრი, ასეთი ინიციატივა ნააადრევია. მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, რომ ვინმეს კანდიდატურა დასახელდეს, მაგრამ მაშინ უნდა დასახელდეს, როცა ამას ფასი ექნება. დღეს, ქალბატონ ჩარკვიანს გიორგი ვაშაძე მოსწონს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამას რატომღაც დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავად ვაშაძემ თქვა, რომ თურმე 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილი მას ასახელებდა პრემიერად. ამას იცით რატომ ვამბობ, ნებისმიერი ამგვარი გახმოვანება დროზე ადრე და მითუმეტეს, როდესაც შეთანხმებული არ არის და არ არის მოლაპარაკების თემა, ოპოზიციის სამომავლო ერთიანობისთვის არის ხელისშემშლელი. თუ ამას ვერ ხვდებიან, მაშინ არ ვიცი, გაცილებით სერიოზული პრობლემები ჰქონიათ, ვიდრე მე მგონია. ადრეა პრემიერის დასახელება, ჯერ ხომ, არ ვიცით, გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ ყოფილი „ნაციონალების“ ისევ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობად“ ჩამოყალიბება შეინარჩუნებს ამ ერთობას?! აქ საუბარი არ არის იმ პარტიებზე, რომლებიც „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან, არამედ საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე. ზოგადად, როდესაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურა სახელდება, ვინც არ უნდა იყოს ის, საქართველოში ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, როცა სპექტრი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის, ეს ფიგურა ჩასავარდნად განწირულია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისვე თქმით, რთული თემაა, უამრავი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ამიტომ, ნაადრევად საკითხის სამსჯავროზე გამოტანა საქართველოში პოლიტიკურად წამგებიანია.

"პრემიერის კანდიდატურა სხვანაირად ყალიბდება, ეს არ გაუთვალისწინებია ჩარკვიანს და თვალში ვინც მოუვიდა იმაზე თქვა, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თაკო ჩარკვიანის ინიციატივას.

როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, გიორგი ვაშაძე ზედმეტად პოლიტიზირებული ფიგურაა იმისათვის, რომ მუშა პრემიერი აღმოჩნდეს. პოლიტოლოგის თქმით, „ვაშაძე უნიჭო კაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ არის საქმიანობა, სადაც ზედმეტი პოლიტიზირება შეიძლება ხელის შემშლელი იყოს“.

„ქართველმა ხალმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო. ანუ, ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონემდე არც ამ პარტიებს და არც გიორგი ვაშაძეს, სერიოზულად საუბრის თემა იყოს მისი გარპრემიერება. აზრის გამოთქმა კი ყველას შეუძლია. ზოგადად, გიორგი ვაშაძე ძალიან ხშირად ფიგურირებდა, როგორც საინტერესო პიროვნება თანამდეროვე პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად, თბილისის მერის არჩევნების დროს მას საინტერესო იდეები ჰქონდა. კახა კალაძემ თანამშრომლობაც შესთავაზა და ის არ წავიდა ამ თანამშრომლობაზე. ასე, რომ ამ ფიგურის მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად ყოველთვის არის, მაგრამ ეტყობა პარტნიორობა თვითონ უჭირს. ასევე პოლიტიკური პოროცესები ჯერ არ მისულა იქამდე, რომ თაკო ჩარკვიანის ტიპის იდეები სერიოზულად იყოს განხილული“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, თუ „ქართული ოცნება“ არანაირად არ იქნა დაკავშირებული კაბინეტის ფორმირებასთან, თუ კაბინეტის ფორმირება მხოლოდ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილთან შეკრებილი ხალხის ხელში აღმოჩნდება, იქ შეიძლება გიორგი ვაშაძე აღმოჩნდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს ვერსია ძალიან დამაჯერებელი იყოს.

„თუნდაც იმიტომ, რომ საეჭვოა ამ ჯგუფის ასეთი აბსოლუტური გამარჯვება, ეს ერთი და მეორე - რომ გაიმაჯვებენ ერთამნეთთან ექნებათ ანგარიში გასასწორებელი და იმ დაპირისპირების დროს შეიძლება გიორგი ვაშაძე საერთოდ დაიკარგოს, რადგან თუ ის გუნდი გაიმარჯვებს, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნება ამომრჩევლის მხრიდან, ის დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს და მეეჭვება გიორგი ვაშაძის პარტიას აღმოაჩნდეს მაგის პოტენციალი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეიძლება ვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები. გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია და როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, - ასე აფასებს გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილვის საკითხს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, ვინც ვაშაძის პრემიერად წარდგენას აპირებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც წარმოადგინოს.

„ოპოზიციას ჯერჯერობით ნუ განვიხილავთ ერთიან ორგანიზმად, ოპოზიციის ეს ნაწილი ერთად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, კოორდინაციის რაღაც ხარისხით. კი ბატონო, ეს მათი უფლებაა, რომ, ვინც უნდათ, ის წარადგინონ. მიმაჩნია, რომ გიორგი ვაშაძე, როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, ფარდობითია ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ამიტომ, უფრო კორექტული იქნება, ვისაუბროთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია გიორგი ვაშაძე. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გიორგი ვაშაძის წარდგენას აპირებს, ადვილად შეთანხმდება. არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ ამაზე არ გაჩერდნენ და ჩრდილოვანი კაბინეტი წარმოადგინონ, ანუ მინისტრების კანდიდატებიც. ეს მათი უფლებაა. მათი საარჩევნო ტაქტიკაა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა გაერთიანებულ ოპოზიციას სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კანდიდატურა შესთავაზა.

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს ადასტურებს

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია