ავტორი:

ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ამიერიდან უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში შეიქმნება საინვესტიციო ოფისი, რომელსაც ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

"ოფისი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება და მის ხელმძღვანელად ბატონი ვარშალომიძე ავირჩიეთ, რომელიც აშენებდა ბათუმს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იმუშავებს გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი და მოიზიდავს ინვესტიციებს" - განაცხადა ზელენსკიმ.

ალბათ, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა ვინ არის ლევან ვარშალომიძე, რომელმაც ააშენა ბათუმი - წერს უკრაინული გამოცემა 112.ua და ქართველი პოლიტიკოსის წარსულზე უამბობს მკითხველს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და ახლო მეგობარი, მათ ერთად დაამთავრეს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.

ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ის მას შემდეგ დაინიშნა რეგიონში, რაც აჭარამ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა - 2004 წელს, რეგიონის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მოსკოვში გაიქცა.

ვარშალომიძის მოღვაწეობის პერიოდში, ბათუმი გახდა საქართველოს ყველაზე სწრაფადგანვითარებული ქალაქი - აქ აშენდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, დაიწყო მშენებლობები და ტურისტული ბუმი. ამ დრომდე, ბათუმი ლიდერობს განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ტურისტულ ცენტრებს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ლევან ვარშალომიძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა იმ მცირე ჩამონათვალშია, ვის მიმართაც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არანაირი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2012-ში არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ვარშალომიძემ სახალხოდ გადაულოცა თანამდებობა ახალ ხელმძღვანელს არჩილ ხაბაძეს. ამის შემდეგ, მან კიდევ ორი წელი იცხოვრა ბათუმში, შემდეგ კი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

სააკაშვილისგან განსხვავებით, მან არ მოისურვა საქართველოს მოქალაქეობა დაეტოვებინა და პოროშენკოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტზეც თქვა უარი.

2016 წლის ივლისში ვარშალომიძე უკრაინიდან ბათუმში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო - "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

ახლა კი, კვლავ უკრაინაში ჩამოვიდა და მარტში დაინიშნა უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად. ეს საბჭო 2016 წელს დაფუძნდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსულტციო ორგანოს ფუნქციას ასრულებდა. საბჭოს ინვესტიციების მოზიდვა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ევალება. საბჭოს აქვს ვალდებულება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში უკრაინაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდოს" - ვკითხულობთ 112.ua-ს მიერ მომზადებულ სტატიაში.

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს არ არის შესვლა... გვინდა, "გირჩის სამეფო“ გადავიტანოთ პარლამენტში" - "გირჩი" ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის დერეფანში გეგმავს შესვლას