ავტორი:

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

უმეტესწილად მას კნინობითი სახელით - თემოდ მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ დღესაც, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსებისა, თანამდებობებისა... შეიძლება იმიტომაც, რომ ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან ან სულაც იმიტომ, რომ მისი სიმღერები იყო უასაკო და საყოველთაოდ სამღერი, რამაც ავტორს მარადიული ახალგაზრდობა აჩუქა. მაინც ვინ და როგორი იყო თეიმურაზ-თემო ნაცვლიშვილი - ისტორიკოსი, სხვადასხვა დროს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, კომპანია "ქართული ტელეფილმის" დირექტორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რამდენიმე ფილმის სცენარისტი, მონაწილე და ლამის საქართველოს სიყვარულის ჰიმნად ქცეული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი?!

მისი სიმღერები თითოეულმა ზეპირად იცით... ალბათ, უთვალავჯერ გიმღერიათ, ვინმესთვის მიგიძღვნიათ, გიღიღინიათ... მაგრამ ნაწილს, ალბათ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ თქვენი საყვარელი მელოდიები - "ქარი გიმღერის ნანასა...", "ყაყაჩოს ღვინო სალხინო", "ყველა სათავისოდ დაგკანკალებენ, ყველა თავისას გთხოვს", "მე ძლიერ მიჭირს შენი დათმობა", "სამი დღეა, დამიბრიყვა სევდამ" და სხვა, საოცრად მომხიბვლელმა და თბილისის კოლორიტმა კაცმა, თემო ნაცვლიშვილმა დაწერა. თანაც ყველა სიმღერას შესანიშნავი პოეტების ლექსები შეურჩია - ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის... "მამას ანას ლექსები ძალიან უყვარდა და ანასაც ძალიან უყვარდა მამა, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ", - ამბობს ბატონი თემო ნაცვლიშვილის მრავალმხრივ შემოქმედი ქალიშვილი, პოპულარული მსახიობისა და წამყვანის დუტა სხირტლაძის მეუღლე, მხატვარი და დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი. ამ თბილი და მოსიყვარულე ადამიანის ცხოვრებაზე, სიყვარულსა და ოჯახზე საუბარიც სწორედ მას ვთხოვე. თავად მარინა 23 წლის ყოფილა, მამა რომ გარდაეცვალა...

პირველი სიმღერა - "ქარი გიმღერის ნანასა"

- მამა ძალიან კარგად მღეროდა და, თურმე, კონსერვატორიაშიც უნდოდა ჩაბარება, ვოკალის განხრით. საერთოდ, ჩვენთან, ოჯახში ყველა მღეროდა - ბაბუმ, შალვამ და მისმა დამ უამრავი რომანსი იცოდნენ, მამას კი გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა და ამიტომ მოინდომა ბებიამ, იგი ოპერის მომღერალი გამოსულიყო, მაგრამ... რატომღაც, მამა მაინც ისტორიულზე აღმოჩნდა. რაც შეეხება სიმღერებს, პირველი სტუდენტობისას, 19-20 წლის ასაკში დაწერა და ეს გახლდათ "ქარი გიმღერის ნანასა". მაშინ ანა კალანდაძის ლექსები დაბეჭდილიც არ იყო, მხოლოდ ხელნაწერი სახით ვრცელდებოდა და მამა პირადად არც კი იცნობდა პოეტს. იმ პერიოდში სტუდენტები ხშირად აწყობდნენ საღამოებს და მსახიობებსაც იწვევდნენ ხოლმე. ვერაზე, ჩვენს სახლში მოწყობილ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონი სერგო ზაქარიაძეც მოუპატიჟებიათ. სიმღერის მელოდია მამას უკვე შექმნილი ჰქონია და წაუღიღინებია. სერგო ზაქარიაძეს ანას ლექსები თან ჰქონია, ამოუღია და კითხვა დაუწყია. მელოდია მოუხდა სიტყვებს თუ პირიქით - სიტყვები მოიხდინა მელოდიამ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთს შეერწყა და ასე შეიქმნა ეს სიმღერა. მერე ეს ამბავი ანა კალანდაძემაც გაიგო, ერთმანეთსაც შეხვდნენ, გაეცნენ და ანამაც ძალიან მოიწონა მამას სიმღერები. შემდეგ მის ლექსზე სხვა სიმღერაც გაჩნდა - "ყაყაჩოს ღვინო სალხინო" და მამასა და ანა კალანდაძეს ბოლომდე ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

სამეგობრო - თბილისის კოლორიტები

- მთელი თბილისი მამას საახლობლო-სამეგობრო იყო. ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ, ეწყობოდა ულამაზესი წვეულებები, მღეროდნენ, ილხენდნენ. მახსოვს, ზაფხულობით ბიჭვინთაში, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში ჩავდიოდით ხოლმე და აივნიდან ვუყურებდი, ახლაც თვალწინ მიდგას, შენობიდან გასვლისთანავე, მამას ირგვლივ უცებ რომ იკრიბებოდა უამრავი ადამიანი - მამა შუაში და გარშემო მისი სანაცნობო-სამეგობრო.

მამა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანი იყო და ყველას უყვარდა. ჩვენს ოჯახში შეკრებები მართლაც ძალიან ხშირი იყო - ჯერ ვერაზე ვცხოვრობდით და იქ გვსტუმრობდნენ, შემდეგ - ბახტრიონზე და ბოლოს ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც დღემდე ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი.

ბებია და ბაბუა "პლეხანოვზე" ცხოვრობდნენ და იქაც ხშირად ვიყავით, რა თქმა უნდა, არც იმ სახლს აკლდა თავყრილობები - სულ სუფრა იყო გაშლილი და მუდამ ილხენდნენ. რაც მთავარია, ეს უბრალო ქეიფი და ღრეობა არ იყო, ეს იყო შთამბეჭდავი საღამოები, საოცრად ლამაზი და კულტურული, სიყვარულით, სიმღერითა და ურთიერთობით სავსე. ჩვენც - ოჯახიც ხშირად მივდიოდით ხოლმე სტუმრად მამას მეგობრებთან. კარგად მახსოვს, რომ ამ საღამოებზე არავინ თვრებოდა. თამადა ყოველთვის თემიკო ჩირგაძე იყო და ისეთ ამბებს ჰყვებოდა, სიცილისგან ყველას მუცელი ხელით ეჭირა. რაც მთავარია, ამბავს და ხუმრობას არასდროს იმეორებდა. ეს კაცი მართლა ფენომენი იყო, ცხოვრებაში მსგავსი არავინ შემხვედრია.ნიაზ დიასამიძე მოდიოდა ხოლმე, მაგრამ მე კარგად არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ის კი კარგად მახსოვს, ჩემი ასაკის გამო, ჩვენთან შეკრება-მოლხენისას გვიანობამდე არ მაჩერებდნენ. დედა დამაწვენდა ხოლმე, მაგრამ მალევე ჩუმად გავდიოდი ხოლმე სასტუმრო ოთახში, ვძვრებოდი გაშლილი მაგიდის ქვეშ და ყველაფრს ვისმენდი. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი. არ მავიწყდება რამდენჯერმე ჩვენთან მსახიობ ლიანა ასათიანის სტუმრობა. ისეთი ლამაზი იყო, პირველად რომ ვნახე, მახსოვს, გაშტერებული, მონუსხულივით ვუყურებდი. საერთოდაც, იმ თაობის ქალები აშკარად გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სილამაზით. თბილად მახსენდება გოგი დოლიძე, რომელიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ასევე, "ქართული ხმების" ის თაობა. წაიკითხეთ სრულად

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან

"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა