ავტორი:

ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს

ვინ არის მოდელი ნეკა დოროყაშვილი, რომლის ცემისთვისაც ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს რამდენიმე წუთი წინ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუა.

მართალია დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მაგრამ მომხდარზე ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათ შორის ისიც, რომ ძალადობას ესწრებოდა წყვილის არასრულწლოვანი შვილი და ჩოგბურთელის მამა.

მოდელ ნეკა დოროყაშვილისა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სიყვარულის ისტორია სოციალური ქსელით დაიწყო და წელიწადნახევრის შემდეგ, 2013 წელს, წყვილმა იქორწინა. მალე ვაჟი, ლუკა შეეძინათ და სწორედ ეს პერიოდი იქცა ჩოგბურთელისთვის კარიერის აღმავლობის ხანად - ბასილაშვილი მსოფლიომ გაიცნო.

"მის წინსვლაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. საკუთარი კარიერა მივატოვე და ყურადღება მხოლოდ ოჯახზე გადავიტანე, ნიკას ტურნირებზეც დავყვებოდი. მისი წარმატება ჩემიცაა. სპორტსმენებს ყოველდღიური პრობლემები თავიდან უნდა აარიდო, ასე რომ, მათი კარიერისთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობდა მაშინ ნეკა მედიასთან საუბრისას.

მოდელი ასევე აღნიშნავდა, რომ ბავშვს ძიძის გარეშე ზრდიდა, თუმცა დედა და ოჯახის სხვა წევრებიც ეხმარებოდნენ. ბასილაშვილი ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ძალიან უნდოდა შვილიც მის გზას დადგომოდა და ჩოგბურთელი გამხდარიყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული კარიერის პარალელურად, ნეკა დოროყაშვილის სამოდელო კარიერა შეჩერდა. ქალი სტუდენტობისას „მის უნივერსიტეტი“ გახდა, მაგრამ მალე გათხოვდა და მოდელობაზე ფიქრსაც ამ პერიოდში დაანება თავი. „ჯიპაში“ პიარის შესწავლა დაიწყო და მთლიანად ოჯახური საქმეებით დაკავდა.

„ქალისთვის მთავარია ოჯახი, ქმარ-შვილი და შემდეგ კარიერა. არ ველოდი, მაგრამ ახლახან რამდენიმე სამოდელო სააგენტომ მიმიწვია. 27 წლის ვარ. მოდელობას გაცილებით პატარა ასაკში იწყებენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოები მაინც დაინტერესდნენ", - ამბობდა ნეკა, რომელიც როგორც ჩანს, მუდმივად ოცნებობდა მოდელის კარიერაზე.

წყვილს განშორება ხშირად უწევდა, რადგან ბასილაშვილი დიდ დროს საზღვარგარეთ ატარებდა. ვერ დაესწრო მეუღლის მშობიარობას. თუმცა ამას ცოლი გაგებით ეკიდებოდა და ასევე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნიკოლოზის თაყვანისმცემლებზე არ ეჭვიანობდა, რადგან ქმარი ბუნებით ერთგული ჰყავდა.

რამდენიმე თვის წინ, თბილისში ჭორი გავრცელდა, რომ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი მეუღლოეს დაშორდა, თუმცა წყვილს ამის შესახებ მედიასთან არ უსაუბრია. ბასილაშვილი კარიერას ძველებურად აგრძელებდა, ნეკა კი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და მოდელობა გააგრძელა. დაშორების შემდეგ, წყვილმა სოციალური ქსელიდან საერთო ფოტოებიც წაშალა.

ნეკა დორყოშვილი ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ფოტოებს. ამბობენ, რომ წყვილს დაპირისპირება ხშირად ამის გამო ჰქონდათ.