ავტორი:

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილმა ქმარმა ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი "რაღაც საგნით“ გაეკიდა, რომელსაც "დიდი ტარი ჰქონდა“. ამის შესახებ დოროყაშვილმა "კურიერთან“ სატელეფონო კომენტარში თქვა.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება არ ეხებოდა ქონებრივ დავას.

"ამ ინციდენტთან არანაირ კავშირში არ ყოფილა ქონებრივი დავა. დასრულებული მქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ, მოლაპარაკებით დავასრულეთ, თან თვითონ აწყობდათ ეს მოლაპარაკება. ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად და რას მოჰყვა დაპირისპირება ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად“, - ამბობს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე.

დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მეუღლე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, ექსპერტიზა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

"ჩემს შვილს მივაკითხე და არ ვიცი, რა მოუვიდა, არ ვიცი რა დაემართა, მთვრალი იყო თუ რა ჭირდა, მთვრალი იყო თუ რაღაცა...გამომეკიდა იარაღით (საუბრობს ყოფილ მამათილზე) თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ დიდი ტარი ჰქონდა, მე მეგონა იყო ნაჯახი, თუ რაღაც, ანუ არც მახსოვს, იმდენად აფექტში ვიყავი.

ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი, ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი, ვერ ვიხსენებ კონკრეტულად დეტალებს. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი“, - ამბობს დოროყაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბასილაშვილი 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ. მისი თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

„დანაშაულს არ აღიარებს, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ჩაუდენია, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა ჭკადუამ.

ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"4000 კვადრატამდე სასაწყობე ჯიხურია დამწვარი" - რას ამბობს სახანძროს უფროსი ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი - ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული მამაკაცი, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა