ავტორი:

"სიყვარულის ღმერთის სახელი ერქვა და მთელი ცხოვრება სიყვარულს მიუძღვნა" - უცნობი და საინტერესო ფაქტები ეროსი მანჯგალაძის შესახებ

"სიყვარულის ღმერთის სახელი ერქვა და მთელი ცხოვრება სიყვარულს მიუძღვნა" - უცნობი და საინტერესო ფაქტები ეროსი მანჯგალაძის შესახებ

2020 წელს, 3 მარტს გენიალურ მსახიობს ეროსი მანჯგალაძეს დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდებოდა.

ქართულ თეატრსა და კინოში მან არაერთი გასაოცარი როლი შექმნა, დაუვიწყარია მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრი, რის გამოც ხშირად სხვა არტისტების მიერ ნათამაშევი როლებიც, მისი ხმით შემორჩა ჩვენს მეხსიერებას. ეროსი მანჯგალაძე 56 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, არადა, კიდევ რამდენი კარგი დაუვიწყარი სახის შექმნას შეძლებდა...

ლეგენდარულ მსახიობს AMBEBI.GE თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძესთან ერთად იხსენებს, რომელმაც 26 იანვარს, ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეს, მსახიობის ხსოვნის საღამო მოაწყო.

- ეროსი სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირიდან იყო, საკმაოდ მძიმე წლები ჰქონდა გამოვლილი. მისი ძმა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, მამა დააპატიმრეს, დედა ხიდან ჩამოვარდა და წელს ქვემოთ მოწყდა. ეროსის პატარა ასაკიდან მოუხდა უმცროსი დისა და დედის შენახვა. 17 წლის ასაკში რადიოკონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომ ლუკმა-პური დიქტორობით ეშოვა. რადიოკომიტეტის თავჯდომარე, კაკო ძიძიგური ეროსის ასე იხსენებდა:

შემოვიდა და ვიგრძენით, რომ რადიოში რაღაც მნიშვნელოვანი ძალა მოვიდა. სიმღერის გარდა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ვუთხარი - თუ სმენასა და ვოკალზე იმუშავებთ, უსათუოდ დიდი დიქტორი გამოხვალთ-მეთქი

ეროსიმ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი სიმღერა იმღერა. სპექტაკლ "პეპოთი" დაწყებული, "უჩინმაჩინის ქუდი", "შალიკო ხვინგიაძის თავგადსავალი" და სხვ. სპექტაკლებში არაერთ სიმღერას ასრულებდა. ვისაც "ხანუმა" ახსოვს, დაუვიწყარია იქ მისი სიმღერა - ეს კი შრომისმოყვარეობის საოცარი მაგალითი!

ეროსის სიყვარულის ღმერთის სახელი ერქვა და მთელი ცხოვრება სიყვარულს მიუძღვნა

იპოლიტე ხვიჩია იგონებდა - "ერთხელ ოზურგეთში გადაღებაზე ვიყავით და მტირალ ორსულ ქალს შევხვდით. ეროსი დაინტერესდა, რატომ ტიროდა და ჰკითხა მიზეზი. ფული მომპარეს - უპასუხა ქალმა. ეროსიმ ჯიბიდან ამოიღო რა თანხაც ჰქონდა და სულ ქალს მისცა. ის ბედნიერი წავიდა. მე მივაძახე - "თუ ბიჭი გაგიჩნდა, ეროსი დაარქვი!"

კადრი ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები"

რამდენიმე წლის შემდეგ, მე და ეროსი გადაღებაზე კვლავ ერთად მოვხვდით. ის ქალი ჩვენთან მოვიდა და თავისი პატარა ეროსი მოიყვანა გასაცნობად..."

ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ როცა ეროსი მანჯგალაძემ თავის დროზე თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, თავისუფალ მსმენელად მიიღეს, თუმცა პირველი სემესტრის ბოლოს დაამტკიცა, რა დიდი მოვლენა იყო...

"ერთი წელი ცხინვალის თეატრში იმუშავა, შემდეგ - რუსთაველის თეატრში და მაშინვე უპირობო ლიდერი გახდა. აკაკი ხორავას მოსწონდა, ხმის ტემბრისა და აქტიორული მონაცემების გამო - ქართველ ლევიტანს ეძახდნენ. მისი ხმა რადიოს საშუალებით ყველა ოჯახის კარს აღებდა და ხალხის გულებამდე ამბავი მიჰქონდა. ეროსი საქართველოს ნამდვილი მაცნე იყო!

სპექტაკლი "ხანუმა" - მარცხნიდან: მედეა ჩახავა, გივი ჭიჭინაძე და ეროსი მანჯგალაძე. ფოტოს მფლობელი: მაია დოლიძე

ერთხელაც ხორავამ თქვა - მინდა, ყველა სპექტაკლში ეროსიმ შემცვალოსო და ის აბსოლუტური ლიდერი გახდა. იმ პერიოდში ერთმანეთის დუბლიორები იყვნენ - სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე და აკაკი ხორავა.

მერე თეატრში მიშა თუმანიშვილი მოვიდა და მის პერიოდშიც აქტიორული ლიდერი იყო - სატელევიზიო თეატრში არც ერთ ქართველ მსახიობს იმდენი როლი არ უთამაშია, რამდენიც ეროსის - "უჩინმაჩინის ქუდი“, "შალიკო ხვინგიაძის თავგადსავალი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა", „გვადი ბიგვა“, „ვაზის ყვავილობა“, „საბა ტაბიძის ორშაბათები“ და სხვ.

დოდო აბაშიძე და ეროსი მანჯგალაძე სამტრედიაში, ფოტოს მფლობელი: ზაზა აბაშიძე

- ამბობენ, რომ ცხოვრებაში ძალიან მორცხვი იყოო?

- მორცხვზე მორცხვი იყო. ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივანმა, ჯუმბერ პატიაშვილმა მიამბო, ერთხელ მისთვის დაურეკავს და უთქვამს: ბატონო ჯუმბერ, ეროსი ვარ. ღანირში (მის მშობლიურ სოფელში) გლეხი მიწას ვერ ამუშავებს, ტრაქტორი არ აქვს და იქნებ გამოყოთ და თვითონვე მივუტანო. რომ წარმოვიდგინე, ტრაქტორზე დამჯდარ ეროსის სამტრედიამდე უნდა ევლო, მისი ხათრით, ჩვენ გავაგზავნეთ ტრაქტორიო...

ეროსი იყო კაცი, რომელიც ყველას ეხმარებოდა, მაგრამ ყველაზე შეჭირვებულად ცხოვრობდა. ხშირად დილით სახლიდან იმისთვის გადიოდა, რომ უცხო ოჯახების დასახმარებელი საქმეები მოეგვარებინა. მასზე არც ერთი მამხილებელი წერილი არ არსებობს. ერთი არასწორი ნაბიჯიც არ არის ქართული თეატრის ისტორიაში იმიტომ, რომ დიდი ბავშვი იყო".

რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მას უყვარდა მსახიობი ქალი რუსთაველის თეატრიდან, მისი მეორე სიყვარული კი ელენე ყიფშიძე იყო. მართალია, ეს სიყვარული ბედნიერად არ დაგვირგვინდა, მაგრამ ეროსი ერთგული ადამიანი იყო და ისე გააგრძელა ცხოვრება, რომ არ დაოჯახებულა, თუმცა ჰყავდა საყვარელი ქალი, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა.

- ვფიქრობ, რომ ისეთი ჭირისუფალი როგორც შენ ხარ, ეროსი მანჯგალაძის გულშემატკივრებში იშვიათად მოიპოვება. შენ ხარ ადამიანი, რომელმაც მას საღამო მოუწყე...

- კი, რაღაცნაირად მის ჭირისუფლად ვთვლი თავს. იმ საღამოს შემდეგ არ გასულა წუთი, წამი, რომ ჩემთვის არ დაერეკათ და ეროსის კეთილი საქმეების შესახებ არ მოეთხროთ. კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ დამირეკა და მიამბო: მანანა, ჩემი შვილი მიკვდებოდა, წამალს ვერ ვშოულობდით, ერთი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა მისი შეძენა და ეს რომ ეროსიმ გაიგო, რეპეტიცია მიატოვა, წამალი იშოვა და შვილი გადამირჩინაო...

მარინე თბილელი და ეროსი მანჯგალაძე ფილმში "თოჯინები იცინიან". ფოტოს მფლობელი: ბაია დვალიშვილი

ეროსის სამეზობლოდან ფაცურიებმა დამირეკეს: "როცა ვიგებდით, რომ ეროსისთან სტუმრები საქეიფოდ მოდიოდნენ, დღე ვიძინებდით, რომ ღამე ფანჯრებიდან მათი დროსტარებისთვის გვესმინაო. ერთხელ ეროსიმ ღამის სამ საათზე ფანჯარა გააღო და ჩუმად დაიძახა - მეზობლებო, პური გამითავდაო... მთელი აბაშიძის ქუჩა პურით ხელში მორბოდა, რომ როგორმე მის სახლში შეეღწიათ და ის დღესასწაული თავისი თვალით ენახათ, რაც ეროსისთან ხდებოდაო...

საოცარი ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სხვების წარმატების ჩამოყალიბებას მიუძღვნა. გარდაიცვალა 1982 წელს, მე 1986-ში გავჩნდი. რა გრძნობა უნდა დაეტოვებინა ამ ადამიანის ცხოვრებას, რომ მე, ჩემს თაობას ასეთი ინტერესი გამოგვეჩინა მის მიმართ. მან ეს დაიმსახურა და დარჩა ჩვენს მეხსიერებას!

თეატრის მსახიობები ქრებიან, ეროსი არ გაქრა. ყველა თაობას, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ იცის, ეროსი ვინ იყო.

26 იანვარს მისი გარდაცვალების დღეა. 3 მარტს 95 წელი შეუსრულდებოდა, გავაერთიანე ეს ორი თარიღი და ხსოვნის საღამო მოვაწყე, რომელსაც დაესწრნენ - გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, რობიკო სტურუა, ზურა კანდელაკი, მანუჩარ მაჩაიძე, ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე. იმ დღეს ამ ადამიანებს ეროსი მანჯგალაძის სახელობის ჯილდო გადაეცათ.

საღამოს დაესწრნენ ეროსის დისშვილებიც, საოცრად ბედნიერები იყვნენ. საერთოდ, ისეთი მორიდებულები არიან, არავის არ აწუხებენ, მშვიდად, თავისთვის არიან. როგორც ეროსის ეკადრებოდა, ისე ელოდებიან იმას, როდის გაიხსენებენ მათ ბიძიას. საბედნიეროდ, ხშირად იხსენებენ.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ სხვებს მოვასწარი და გავაკეთე ეროსის საღამო, რობიკო სტურუამ ისეთი კომპლიმენტი მითხრა, არასდროს დამავიწყდება - დამარწმუნე იმაში, რომ თურმე შესაძლებელია ხსოვნის საღამო გაკეთდეს ისე, რომ მოსაწყენი არ იყოსო.

ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვა. ფოტო: ჯემალ კასრაძე

- მეზობლები ვახსენეთ და ცნობილია, რომ მის სამეზობლოში ცხოვრობდნენ - სესილია თაყაიშვილი, მიშა თუმანიშვილი, ლევან უჩანეიშვილი. ეს იყო საოცრად ვარსკვლავური ეზო...

- დიახ, ასე იყო, რასაც აგრეთვე საოცარი ამბები უკავშირდება. ეროსის ჰყავდა ძაღლი ტანგო, რომელიც მოსკოვში გადაღებაზე აჩუქეს, გოგი გეგეჭკორი და ეროსი ერთად ყოფილან. დაბრუნებისას ეროსი წინა დღით მოფრინავდა, გოგი - მეორე დღეს. ეროსი აეროპორტში რომ მისულა, ფრენა გადადებულა და იქვე დარჩენილა. გოგი რომ მისულა აეროპორტში, იქ დახვედრია - დაიღალე ხომ, ეროსიო? უკითხავს გოგის. მე ჯანდაბას და ეს გაწვალდა ძალიანო. ძაღლზე მეტად იდარდა, ვიდრე საკუთარ თავზე.

ჩამოიყვანა "ტანგო" თბილისში შვილივით უვლიდა. ბორის წიფურიამ ერთხელ მითხრა: ისეთი მახინჯი ძაღლი ჩემს ცხოვრებაში არ მენახა, მაგრამ როგორ გავბედავდი და ეროსის რამეს ვეტყოდიო. დოდო აბაშიძემ „ტანგოს“ სიკვდილის შემდეგ, ეროსის დეპეშა გაუგზავნა, გივი ბერიკაშვილმა „ქელეხი“ გადაუხადა. ეროსიმ რომ გაიგო, „დეპეშაზე“ სესილია თაყაიშვილი და დოდო აბაშიძე გაეშაყირნენ, მათ ხმას არ სცემდა.

დოდო ბაშიძე დიდებული, კრისტალურად სუფთა კაცი იყო, თეატრალური და კინოხელოვნებიდან სულ ორი-სამი მეგობარი ჰყავდა. მისი შვილი, ზაზა აბაშიძე ყვება, რომ მამაჩემი თუკი ვინმესთან მეგობრობდა, ეს ეროსი მანჯგალაძე იყოო. ეროსიც იმდენად სუფთა ადამიანი იყო, რომ ყველა მასთან მეგობრობდა. თუ ვინმეს თავისთან ახლოს მიუშვებდა, ისინი მისი გულწრფელი მეგობრები ხდებოდნენ...

- მისი მშობლიური სოფელი ღანირი, საიდანაც შენი გვარიც მოდის, რამდენად მიაგებს პატივს, არის იქ ეროსი მანჯგალაძის სახლ-მუზეუმი?

- ეროსი 55 წლის რომ გახდა, ღანირელებმა ფაეტონში ჩასვეს. სამტრედიიდან ღანირამდე სულ ფაეტონით ატარეს. სირცხვილია, აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში ხომ არ არის, ეროსი ვარო... მაგრამ ძალიან უყვარდათ, აფასებდნენ და ეამაყებოდათ. ღანირში გაკეთდა ეროსის სახელობის სახლ-მუზეუმი, სამტრედიაში კულტურის ცენტრი მის სახელს ატარებს, ამასთან, ბიუსტიც დგას. იქაურები ძალიან უფრთხილდებიან მის სახელს და პიროვნებას, თუმცა თბილისში მეც და ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდებოდა, თუ მისი პატარა ბიუსტი და სკვერი იარსებებდა.

- ეროსი მანჯგალაძეზე საუბრისას, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართულ საკომენტატორო სივრცეში მან გზა გაკვალა და ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო კომენტატორი იყო, რომლის მოსწავლედ კოტე მახარაძე ითვლება.

- მაკა მახარაძე, კოტე მახარაძის შვილი ამბობდა, რომ ეროსიმ ქართულ საფეხბურთო მიმოხილვებში ტერმინები, ლექსიკა დაამკვიდრა. მამაჩემი ძალიან აფასებდა მას. ეროსი რადიომსმენელს თავის დროსა და სივრცეში ამოგზაურებდა.

"აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი" - ეს მისი უკვდავი ფრაზაა. "ნუ ნერვიულობთ, ძვირფასო რადიომსმენელებო, ერთი გოლი თქვენთვის შენახული მაქვს" - ესეც ცნობილია მისი ფრაზებიდან, ანუ გოლი დაუმალა მაყურებელს. სანამ იქნება ქართული ფეხბურთი, ემახსოვრებათ ეროსი მანჯგალაძეც. ქართული ფეხბურთის საქმე დღეს არც ისე კარგადაა, მაგრამ მოგონებები ეროსიზე, რაც ფეხბურთს უკავშირდება, ყველას ახსოვს.

ყველაზე მეტი ადამიანი იყო გალაკტიონის, ჟორა შავგულიძისა და ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე. ამაზე მეტი სიყვარულის გამოვლინება ადამიანს რა გინდა სხვა?! ის უყვარდა და დღემდე უყვარს ყველას!

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მფლობელები: გიორგი ჯავახიშვილი; ჯემალ კასრაძე; მაია დოლიძე; ბაია დვალიშვილი; ზაზა აბაშიძე

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ