ავტორი:

რატომ სურს რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა?

რატომ სურს რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა?

რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებას და რუსი სპეციალისტებისთვის ლაბორატორიის საქმიანობის კარგად გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლებას მოითხოვს. ოკუპანტი მეზობელი ამით არ კმაყოფილდება და ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც უპასუხა. ზალკალიანმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსი სპეციალისტების მიღება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს.

რატომ უნდა რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა? - ამ საკითხზე AMBEBI.GE-მ ექსპერტების მოსაზრებები მოისმინა:

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) თანადამფუძნებელი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია ამბობს, რომ რუსეთი გაღიზიანებულია იმით, საქართველო კონკრეტული მიმართულებით მასზე დამოკიდებული რომ აღარაა:

- ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ხდება, რაც აქამდე რუსეთში ხდებოდა. განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისთვის, ეს ცენტრი მნიშვნელოვანი დანიშნულებისაა. შესაბამისად, რუსეთმა მოუმატა დეზინფორმაციას და პროპაგანდას მის წინააღმდეგ.

რუსი ექსპერტები ამ ცენტრში არაერთხელ ყოფილან და აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ ნანახი. ახლა, ამ დეზინფორმაციის ტალღასთან ერთად, ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ, დაუმტკიცონ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აუდიტორიას, რომ თითქოს, ამ ცენტრში საიდუმლო ოთახები არსებობს, სადაც უცხოელი ექსპერტები არ დაიშვებიან და თითქოს, ლაბორატორიაში რაიმე ტიპის ცდების წარმოება ხდება.

ერთის მხრივ, რუსეთის მიზანი ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში; მეორე მიზანია - საქართველოს არ ჰქონდეს ნდობა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულების მიმართ, როგორიც ლუგარის ცენტრია და ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით კონსპირაციები და ეჭვები გაჩნდეს

ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ ანალოგიური პროპაგანდა მიმდინარეობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან; ვხედავთ იმასაც, რომ ამ ლაბორატორიაზე იყო ჩინეთის და რუსეთის ერთობლივი განცხადებები. ეს გარკვეულწილად მთელი ამ დაპირისპირების ნაწილია, რომელსაც რუსეთი ცივილიზებული დასავლეთის წინააღმდეგ ახორციელებს, ამ შემთხვევაში, საქართველოც სწორედ ამ პრიზმით შეგვიძლია, განვიხილოთ.

რუსეთი დასავლეთის ინტერესებს ყველგან უპირისპირდება, განსაკუთრებით საქართველოა მისთვის მნიშვნელოვანი, რადგან არ სურს, საკუთარი გავლენის სფეროდან გაუშვას" - ხაზს უსვამს აქუბარდია.

GSAC-ის თანადამფუძნებელი საქართველოს პასუხს დადებითად აფასებს, თუმცა ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიულ კომუნიკაციაში პრობლემებს ხედავს:

"განცხადება, რომელიც საგარეო უწყებამ გააკეთა, რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო. ერთი მხრივ, ამ ცენტრის საქმიანობა საიდუმლო ინფორმაცია არაა, და ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ლუგარის ცენტრის კარი ღია იყოს არა მხოლოდ რუსი ექსპერტებისთვის, არამედ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და არავის აქვს უფლება, ისეთი მოთხოვნები წაუყენოს სუვერენულ ქვეყანას, როგორსაც რუსეთი აყენებს ამ ცენტრთან დაკავშირებით

მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად დავუწუნებდი სტრატეგიულ კომუნიკაციას. ერთის მხრივ, მაღალი ოფიციალური პირებისგან ამ ცენტრზე თავდასხმებს პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ, პასუხი კი ამ შემთხვევაში ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელისგანაა. ვნახეთ, რომ შარშან საკმაოდ აქტიური ფაზა იყო, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით დეზინფორმაციული განცხადებები გენერალური შტაბის უფროსისგან, თავდაცვის მინისტრისგან და რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდებოდა.

სამწუხაროა, რომ არ არის ჯეროვანი სტრატეგიული კომუნიკაცია ამ თემაზე და ძირითადად, მსგავსი კომუნიკაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა არასამთავრობო სექტორის მხრებზეა. ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირება ამ მიმართულებით უნდა გაააქტიუროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგაა მიზანმიმართული და როდესაც ლუგარის ლაბორატორია COVID-19-თან ბრძოლის ფრონტის ხაზი იყო" - აღნიშნავს აქუბარდია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები თვეში ერთხელ მაინც, სხვადასხვა დონეზე კეთდება - იქნება ეს საგარეო უწყება, პრეზიდენტის აპარატი თუ რომელიმე ექსპერტი:

- შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რაც ლაბორატორიაში კეთდება. დაუშვებენ თუ არა მის სპეციალისტებს, ამას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, თუ არ დაუშვებენ, სალაპარაკო მეტი ექნება

რუსეთს ეს პროპაგანდისტული დემარშისთვის სჭირდება, რათა მუდმივად ილაპარაკოს, რომ მის საზღვრებთან ახლოს არსებობს ცენტრი, სადაც ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება, მით უმეტეს, პანდემიის და იმ ჭორების ფონზე, რომ თითქოს ეს ვირუსი ხელოვნურია

ასევე, ვხედავთ, რომ რაღაც, ზედმეტ აქტივობას იჩენს სეპარატისტული ხელისუფლება ცხინვალში. ეს გამოიხატება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც ზოგ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიას ეხება, ზოგ შემთხვევაში აკრიტიკებს საერთაშორისო დამკვირვებლების მოქმედებას. რუსეთი აგრძელებს ბორდერიზაციის პროცესს, პლუს, ცხინვალში მიიღეს კანონი მოსახლეობაში არსებული იარაღის დაკანონებასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ პანდემიამდე რუსეთის დუმის მიმართ არსებობდა მოთხოვნა, განეხილათ ქართველების მიერ ოსების გენოციდის საკითხი 1920-21 წლებში. ამ საკითხების ერთობლიობა გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ცხინვალის ე.წ ხელისუფლება (და არ არის გამორიცხული, რუსული წარმომადგენლობა, რომელიც იქ იმყოფება) მორიგ კონფრონტაციას გეგმავდეს. ამიტომ, სადაც მართლები და წელში გამართულები ვართ, ჯობია, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას - ეს პირველ რიგში, ლუგარის ლაბორატორიის ე.წ. მონიტორინგს ეხება" - აღნიშნავს არეშიძე.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად სწორი რეაგირება მოხდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მხარე რუსებს სთავაზობს მონიტორინგს, ლაბორატორიაში ჩამოსვლას:

"რამდენადაც ვიცი, უკვე იყვნენ რუსები და ხელცარიელნი წავიდნენ, ახლაც იგივე მოხდება. თუ სპეციალისტები ჩამოვლენ, გაუჭირდებათ, ტყუილები ილაპარაკონ, რადგან სპეციალისტები, ჟურნალისტებისგან და პოლიტოლოგებისგან განსხვავებით, თავიანთ სიტყვებზე პასუხს საკუთარ კოლეგებთან აგებენ, დასავლეთში იქნება თუ სხვაგან. ამიტომ, ისინი მოერიდებიან ტყუილის თქმას.

მაგრამ მაინც, ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერი შეიძლება ითქვას - ჯობია, ასეთი ფორმა აირჩიო თანამშრომლობის, ვიდრე გაჩუმდე და ყურადღება არ მიაქციო“, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ძნელი სათქმელია, რა კონკრეტული გათვლები აქვს რუსეთს.

- მთავარი და ყოველთვის გასათვალისწინებელი ისაა, რომ რუსეთი ყველაფერს ოპორტუნისტულად, თავისი სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებს, დიდი ხანია, ლუგარის ლაბორატორია რუსული პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეა. ისინი თვლიან, რომ ასეთი თემებით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბზარს გააჩენენ და ასევე, იმ მითების კვებას დაიწყებენ, რომელსაც დიდი ხანია, ავრცელებენ.

ამას გარდა, ეს ანტი-ამერიკული კონსპირაციის საერთო ხაზია - ვხედავთ კიდევაც, რომ ჩინეთის, რუსეთის, ირანის პროპაგანდა ერთმანეთს ემთხვევა. ამას ემატება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შრე, რომელიც საქართველოს დესუვერენიზაციის იმიჯია, ანუ, რუსეთის ნებისმიერ მოთხოვნაზე ჩვენ რაღაც ვალდებულება გვაქვს, რომ ანგარიში ვაბაროთ, თუ რას ვაკეთებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ეს პროექტი თავისთავად გამჭვირვალეა, ძალიან ბევრჯერ ყოფილან როგორც რუსეთიდან, ისე - სხვა საერთაშორისო ვიზიტორები, ამიტომ თვითონ აქ პრობლემა არაა, მაგრამ ამას რუსეთი რაღაც იმპერატიული მოთხოვნის ფორმით აკეთებს, თითქოს, ჩვენ ანგარიში უნდა ჩავაბაროთ

რუსეთთან არანაირ ორმხრივ ურთიერთობაში შესვლა მიზანშეწონილი არაა, მით უმეტეს, როდესაც მათთან აღარ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. რაც შეეხება საერთაშორისო ფორმატის ვიზიტორებს, როგორც სხვა ქვეყნების, ისე - რუსეთის წარმომადგენლებს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჩამოვიდნენ და ნახონ ის, რაც არის.

როდესაც ლუგარის ლაბორატორიაში, საერთაშორისო ფორმატში, სხვა ექსპერტებთან ერთად გაცნობით ტურს მოუწყობენ, თუ ჟარგონულად, "ექსკურსიას" ჩაუტარებენ, გამოვა 5 ქვეყნის წარმომადგენელი და იტყვის, რომ ეს ძალიან კარგი ლაბორატორიაა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იმავე ჯგუფში თუ იქნება რუსი და იტყვის, რომ ეს ასე არ არის, ბუნებრივია, მისი ნათქვამის სანდოობა ეჭვქვეშ დადგება. ამ შემთხვევაში უფრო მარტივი დასამტკიცებელია, რომ აქ რაღაც მანიპულაციებთან გვაქვს საქმე" - აღნიშნავს ქუთელია.

NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

"როგორც კი  tiktok-ს გაააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია" -  რა საფრთხეზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

LIVE - Newsroom-ის სტუმარია თინათინ ხიდაშელი